ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 27 თებერვალს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მათ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზები განიხილეს.
საუბარი წარიმართა რუსეთს და უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით, შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული მოლაპარაკების პირობებზე, რომელშიც ორივე მხარე მიიღებს მონაწილეობას და რომელსაც მხარს ევროპული სამშვიდობო ძალები დაუჭერენ.
რუსეთის მიერ მეზობელ, სუვერენულ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წელზე ოდნავ მეტი დრო გავიდა. მსგავსი მასშტაბის და ასეთი მსხვერპლიანი დაპირისპირება ევროპის კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.
სტარმერი ამბობს, რომ მშვიდობა, რომელიც თავისთავად რთული მისაღწევია, ასევე უნდა იყოს "სამართლიანი" და არ უნდა იყოს "საჩუქარი აგრესორისთვის". ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აღარ უნდა მიეცეს გაძლიერების, შემდეგ უკრაინაში მობრუნების და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობის საშუალება.
ტრამპი სისხლისღვრის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებას ცდილობს. ამერიკის პრეზიდენტი ამ ეტაპზე უარს ამბობს საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულება, ან ევროპული სამშვიდობო ძალებისთვის ზურგის გამაგრება, რასაც სტარმერი ითხოვს. "არ მსურს მშვიდობისმყოფელებზე საუბარი, ვიდრე შეთანხმებას არ მივაღწევთ", - განაცხადა მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. "მსურს ჯერ საქმე გავაკეთოთ", - დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა.
სტარმერმა პირობა დადო, რომ მჭიდროდ იმუშავებს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიონ. მისი თქმით, „გაერთიანებული სამეფო მზადაა [სამშვიდობო] შეთანხმების მხარდაჭერა ხმელეთზე ჯარითა და ცაში თვითმფრინავებით უზრუნველყოს. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ ამ გზით მოხდება“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზურგის გამაგრებად გარკვეულწილად ითვლება მინერალებზე დაგეგმილი შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ამერიკული კომპანიებისა და ამერიკის მოქალაქეების ყოფნას უზრუნველყოფს. ვაშინგტონი ხელშეკრულებას კიევთან დღეს, 28 თებერვალს გააფორმებს. მასზე ხელმოსაწერად ამერიკის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოდის.
შეთანხმება საშუალებას მისცემს ამერიკას, მოიპოვოს წვდომა უკრაინის იშვიათ მინერალებზე. ეს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდასაჭერად გაცემული თანხების ანაზღაურებასაც უზრუნველყოფს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს ზურგის გამაგრებაა. არ მგონია, ვინმემ რამე გაბედოს, თუკი ჩვენ იქ ბევრი თანამშრომელი გვეყოლება", - უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა 27 თებერვალს, ოვალურ ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებას, პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ ის "ძალიან კარგად დაწინაურდა". შეერთებული შტატების ლიდერი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ის შეთანხმებას მიაღწევს, მაგრამ იმასაც უსვამს ხაზს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა საკმაოდ ვიწროა და მათ შორის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
რუსეთი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ევროპელ სამშვიდობოთა უკრაინაში განლაგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მოსკოვი არ განიხილავს „არცერთ ვარიანტს“ ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში გაგზავნის თაობაზე და რომ ეს იდეა მხოლოდ კონფლიქტის გაღვივებასა და მისი შეჩერების გართულებას ემსახურება.
Facebook Forum