ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ზელენსკის აკრიტიკებს


ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

ოთხშაბათს, 19 თებერვალს დონალდ ტრამპმა უკრაინის თაობაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს "დიქტატორი" და "საშუალოდ წარმატებული კომედიანტი" უწოდა. თქვა, რომ მან ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე დაითანხმა "იმ ომში ჩასართველად, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო".

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკამ ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა უკრაინის დახმარებისთვის და უკან ვერაფერს მიიღებს, ეს ომი კი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკისთვის, რომელთანაც მას ოკეანე აშორებს.

"დაფიქრდით, საშუალოდ წარმატებულმა კომედიანტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე დაითანხმა იმ ომში ჩასართველად, რომლის მოგებაც შეუძლებელია და არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომი, რომლის მოგვარებასაც (მოლაპარაკებით დასრულებასაც) ის ამერიკის და "ტრამპის" გარეშე ვერასდროს შეძლებდა. ამასთან, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი ფულის ნახევარი "დაკარგულია". ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინის გამოკითხვებში ის ძალიან დაბლაა.... დიქტატორმა არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ მას ქვეყანა აღარ დარჩება. ამასობაში ჩვენ წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს რუსეთთან ომის დასასრულებლად. რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპს" და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გააკეთოს. ბაიდენს ეს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანა ვერ შეძლო, და ზელენსკის ალბათ სურს ამ "იოლი ფულის" მიღება განაგრძოს. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გასწია, ქვეყანა დამსხვრეულია და მილიონობით ადამიანის სიკვდილი არ იყო საჭირო. და ეს გრძელდება"... - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე.

2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ტრამპს დიდ პატივს სცემს, თუმცა ის"დეზინფორმაციის სივრცეში" ცხოვრობს. ზელენსკიმ საუდის არაბეთში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა და თქვა, რომ არ სურდა ეს ვიზიტი რამენაირად ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს დაკავშირებოდა.

ამერიკა და რუსეთი მაღალი რანგის შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ თუ ომი დასრულდება, ამერიკა და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას შეძლებენ. ის მოგვიანებით ევროკავშირის პირველ დიპლომატს კაია კალასს და სხვა ევროპელ დიპლომატებსაც ესაუბრა. კალასმა თქვა, რომ რუსეთი დასავლელი ლიდერების დაყოფას შეეცდება და მის მახეში არავინ უნდა გაებას.

XS
SM
MD
LG