24 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხზე ისაუბრეს. მაკრონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ტრამპს მეორე ვადით ოფისის დაკავების შემდეგ თეთრ სახლში შეხვდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტის დროს გამართულ საუბარში მხარეებს შორის აშკარად მეგობრული ურთიერთობა გამოიკვეთა. თუმცა, მაკრონმა ისიც ნათლად წარმოაჩინა, რომ არ ეთანხმება ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხში, განსაკუთრებით, როცა ეს სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ეხება.
მათი შეხვედრა რუსეთის უკრაინაში შეჭრის და მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომის 3 წლისთავს დაემთხვა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აგრესორი კონფლიქტში რუსეთია და რომ ევროპის კონტინენტზე "პრეზიდენტმა პუტინმა მშვიდობა დაარღვია".
ტრამპმა ყურადღება ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის ორივე მხარესთან შეთანხმების მიღწევას ცალ-ცალკე ცდილობს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ის შესაძლოა მოსკოვში ჩავიდეს და პრეზიდენტ პუტინს რუსეთის დედაქალაქში შეხვდეს.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს, მას მშვიდობა სურს. სწრაფი მშვიდობა გვესაჭიროება, მაგრამ არ გვინდა შეთანხმება, რომელიც სუსტი იქნება", - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს და დასძინა: ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება "უნდა შეფასდეს, შემოწმდეს და გაკონტროლდეს".
ორი ლიდერი თანხმდება ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განლაგებაზე, მას შემდეგ, რაც იქ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამაზე თანახმაა. "მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. მას ამასთან პრობლემა არ აქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
24 თებერვალსვე შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკება უახლოვდება შეთანხმებას უკრაინის იშვიათი წიაღისეულის თაობაზე. კიევი ემზადება იმისთვის, რომ ვაშინგტონს მისცეს უფლება მილიარდობით დოლარის საბრძოლო მასალისთვის, რომელიც ამერიკამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმისგან თავის დასაცავად გააგზავნა, მას კომპენსაცია იშვიათ მინერალებზე უფლებების გადაცემით გადაუხადოს.
სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში შეერთებული შტატები უკრაინის ყველაზე დიდი დამხმარე იყო. გერმანიის კილის ინსტიტუტის მონაცემებით, ვაშინგტონმა კიევს $128 მილიარდის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. მიწოდებული დახმარების ოდენობით, მეორე ადგილზე ევროკავშირია. 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა უკრაინას 4 მილიარდი დოლარით ნაკლები, $124 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა.