შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკება უახლოვდება შეთანხმებას უკრაინის იშვიათი წიაღისეულის თაობაზე. კიევი ემზადება იმისთვის, რომ ვაშინგტონს მისცეს უფლება მილიარდობით დოლარის საბრძოლო მასალისთვის, რომელიც ამერიკამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმისგან თავის დასაცავად გააგზავნა, კომპენსაცია მას იშვიათ მინერალებზე უფლებების გადაცემით გადაუხადოს.
სრულმასშტაბიანი ომის 3 წლისთავის წინ, 23 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების გზაზე „პროგრესს მიაღწიეს“. მისი თქმით, პაქტის პროექტი კიევს მოუწოდებს, დახმარების ყოველ გაცემულ დოლარზე 2 დოლარი გადაიხადოს.
ზელენსკი ნებისმიერი შეთანხმების სანაცვლოდ, თავისი ქვეყნისთვის რუსეთის შემდგომი აგრესიისგან დასაცავად, უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. სავარაუდო შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა. შეერთებული შტატების საგანგებო დესპანმა სტივ უიტკოფმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში მხოლოდ ის თქვა, რომ მისი მოლოდინით, ზელენსკი შეთანხმებას ხელს ამ კვირაში მოაწერს.
სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში შეერთებული შტატები უკრაინის ყველაზე დიდი დამხმარე იყო. გერმანიის კილის ინსტიტუტის მონაცემებით, ვაშინგტონმა კიევს $128 მილიარდის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
მიწოდებული დახმარების ოდენობით, მეორე ადგილზე ევროპის კავშირია. 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა უკრაინას 4 მილიარდი დოლარით ნაკლები, $124 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა.
უიტკოფის განმარტებით, ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას დახმარება კრედიტის სახით მიაწოდეს, მაგრამ შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი გარიგება არ ყოფილა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის "გაუგებარია"
შეერთებული შტატების საგანგებო დესპანი ამბობს, რომ უკრაინას და რუსეთს შორის დათმობები გარდაუვალია და სამშვიდობო შეთანხმება ბოლოს და ბოლოს მაინც მოხდება. უიტკოფმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის "ომი არც იქნებოდა", უკრაინას რომ თავის დროზე ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები არ გადაედგა.