რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის სამი წლის შემდეგ, უკრაინისთვის უწყვეტი მხარდაჭერის დადასტურების მიზნით, ქვეყანაში ბევრი დასავლელი ლიდერი ჩავიდა. მათ შორის არიან კანადის, ესპანეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ლიდერები.
შეერთებული შტატების მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების მცდელობის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა კიევს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა. ომის მეოთხე წელი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის სათავეში დაბრუნებისას, ევროპაში მშვიდობის დამყარებას ცდილობს. მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, სასწორზე ახლა არამარტო ევროპის, არამედ - მსოფლიოს უსაფრთხოება დევს.
“მთელი მსოფლიოს ავტოკრატები დიდი ყურადღებით აკვირდებიან, მოჰყვება თუ არა დაუსჯელობა საერთაშორისო საზღვრების დარღვევას, ან მეზობელთან შეჭრას, ან თუ არსებობს [აგრესიის] ნამდვილი შეკავება”, - უთხრა მან კიევში შეკრებილ ლიდერებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება განამტკიცებს ჩინეთის ამბიციებსაც. მოსკოვის მსგავსად, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა, ჩინეთი ამტკიცებს, რომ ავტონომიური მმართველობის მქონე ტაივანის კუნძული მისი საკუთრებაა.
განცხადებები გააკეთეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამაც. მათ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ კიევს და იმუშავებენ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაზე.
„უკრაინელებმა გამოთქვეს ევროპის კავშირში ყოფნის სურვილი. ჩვენ ეს ვაღიარეთ, მივეცით რა უკრაინას კანდიდატის სტატუსი და დავიწყეთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. უკრაინამ ურთულეს პირობებში საგრძნობ წინსვლას მიაღწია რეფორმების მხრივ, რომლებიც გაწევრიანებას უკავშირდება. ჩვენ უკვე ვახდენთ უკრაინის ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში.
ვითარება ფრონტის ხაზზე
პარალელურად, ფრონტის ხაზზე რუსეთის ძალები კვლავ წინ მიიწევს. უკრაინას შეიარაღებული ძალების შემადგენლობისა და იარაღ-აღჭურვილობის კუთხით ბევრი სირთულე და ნაკლებობა აქვს.
24 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპის 185 დრონი გამოიყენა. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სახლები დაზიანდა დნიპროპეტროვსკის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში, ოდესის ოლქში კი ასევე დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურასაც.
ომის 3 წლისთავზე იერიში ასევე მიიტანეს ხარკივის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიჰივის, კიროვოგრადის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებზე. კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალების ქვედანაყოფებმა 185-დან 113 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. 71 დრონი კი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მათ მართვის უნარი დაკარგეს.
Facebook Forum