გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ომის დასრულებასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული რეზოლუცია დაამტკიცა. ერთი - უკრაინის მიერ ევროკავშირთან ერთად იყო მომზადებული, ხოლო მეორე შეერთებული შტატების მიერ.
„რუსეთს სჯეროდა, რომ უკრაინა დანებდებოდა. რუსეთს სჯეროდა, რომ სამ დღეში დავეცემოდით. რუსეთს სჯეროდა, რომ ჩვენი მთავრობა გაიქცეოდა. თუმცა, რუსეთმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა,“ - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარიანა ბეცამ ასამბლეის სხდომას და აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ მტკიცედ იცავენ თავიანთ ქვეყანას.
სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე, მხოლოდ უკრაინული პროექტი არსებობდა, რომელიც ადრე მიღებული რეზოლუციების შინაარსს იმეორებდა. ამ რეზოლუციაში მოხსენიებული იყო რუსეთის „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა“ და მოწოდება „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“, გაეროს ქარტიის მიხედვით და „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“
თუმცა, პარასკევს დღის ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა საკუთარი მოკლე ტექსტი სახელწოდებით: „მშვიდობის გზა,“ რომელიც ითხოვდა „კონფლიქტის სწრაფად დასრულებას და უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.“ თუმცა, მასში არ იყო მოხსენიებული რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა.
რუსეთის ელჩმა გაეროში ამერიკის რეზოლუციას „კარგი ნაბიჯი“ უწოდა.
„ეს ჩვენი შესაძლებლობაა, რეალური იმპულსი მივცეთ მშვიდობის პროცესს,“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პარასკევს.
ევროპელმა დიპლომატებმა შაბათ-კვირას იმუშავეს იმაზე, რომ ამერიკის რეზოლუციას არ შეემცირებინა საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ომის კრიტიკულ ეტაპზე. ორშაბათს მათ წარადგინეს სამი შესწორება ამერიკის რეზოლუციის ტექსტისთვის, რომლებიც ასამბლეამ დაამტკიცა.
შესწორებებმა ტექსტში ჩაანაცვლეს ტერმინი „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი“ ფრაზით „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა“. ასევე რეზოლუციაში დაემატა პარაგრაფი, რომელიც ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულებას. ტექსტში ასევე შეტანილია გაეროს ქარტიისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მხარდაჭერა.
როდესაც შესწორებული ამერიკული ტექსტი კენჭისყრაზე გავიდა, ვაშინგტონმა საკუთარი რეზოლუციის მიღებიგან თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგი იყო 8, ხოლო 73-მა თავი შეიკავა.
„ეს შესწორებები უფრო სიტყვებით ომს ემსახურება, ვიდრე ომის დასრულებას,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა, დოროთი შეამ. „ამ ცვლილებებით ყურადღება გადადის იმიდან, რაც ჩვენ გვინდა ამ რეზოლუციით - ამ ორგანოს წევრთა მტკიცე კონსენსუსი, რომ მხარი დავუჭიროთ კონფლიქტის დასრულებას.“
რუსეთმა ხმა ამერიკის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, რადგან მათი მცდელობა, მასში შეეტანათ ე.წ. კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე მინიშნებები, არ იქნა მიღებული.
„მისი არსი სრულიად დამახინჯდა,“ - განაცხადა რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ, თუმცა აღნიშნა, რომ მიესალმება ამერიკის ინიციატივას და იმედოვნებს, რომ ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება.
„ვფიქრობ, დღეს ჩვენი ამერიკელი კოლეგები თავად დარწმუნდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა იოლი არ იქნება და ბევრს სურს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება დიდხანს არ დამყარდეს,“ - დასძინა ნებენზიამ.
უკრაინული რეზოლუცია ხმაურიანი აპლოდისმენტებით იქნა მიღებული — 93 ხმით, 18-ით წინააღმდეგ, ხოლო 65 ქვეყანამ კი თავი შეიკავა. ეს უკრაინისთვის ასამბლეაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მხარდაჭერა იყო.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინული ტექსტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ისევე როგორც რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა —-ბელარუსმა და ჩრდილოეთ კორეამ, ასევე რამდენიმე აფრიკულმა სახელმწიფომ, უნგრეთმა და ისრაელმა.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს იურიდიული ძალა არ აქვთ, თუმცა ისინი გამოხატავენ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას.
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, ორშაბათს ჟენევაში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნებმა „არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა კონფლიქტის დასასრულებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გაეროს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.“
გაეროს დიპლომატიური დრამა იმ ფონზე ვითარდება, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის დედაქალაქს სტუმრობს, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომია.
მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აპირებს უთხრას ტრამპს, რომ აშშ-ის ლიდერი „არ უნდა იყოს სუსტი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინაშე. მაკრონის შემდეგ ვაშინგტონს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ეწვევა და ის მაკრონის მსგავსად, აცხადებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევის ცენტრში უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს.