რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ განიხილავს „არც ერთ ვარიანტს“ ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში გაგზავნის შესახებ და რომ ეს იდეა კონფლიქტის გაღვივებასა და მისი შეჩერების გაძნელებას ემსახურება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას. მისი თქმით, ევროპულმა კონტიგენტმა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაცვა. ტრამპმა განაცხადა, რომ იდეას ეთანხმებოდა და რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც მიიღო ეს წინადადება, თუმცა კრემლმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კეირ სტარმერმა, რომელიც ხუთშაბათს ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, განაცხადა, რომ მზად არის ბრიტანელი ჯარისკაცების გასაგზავნად უკრაინაში, თუ ისინი ომის შემდგომი სამშვიდობო ძალების ნაწილი იქნებიან.
თუმცა, ლავროვმა, რომელმაც მანამდე ეს წინადადება „მიუღებლად“ შეაფასა, ის ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა მიანიშნა, თითქოს პუტინი ამ იდეას დაეთანხმა.
„ჩვენ ვერ განვიხილავთ ვერანაირ ვარიანტს“ ევროპელი მშვიდობისმყოფელების გაგზავნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან ყატარში ვიზიტის დროს.
„ტრამპმა თქვა, რომ მშვიდობისმყოფელების განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, იგულისხმება ჩვენ და უკრაინა. არავის უკითხავს ჩვენი აზრი ამ საკითხზე“, - განაცხადა ლავროვმა.
„ეს მიდგომა, რომელსაც ევროპელები – უპირველესად საფრანგეთი, მაგრამ ასევე ბრიტანეთიც – თავს გვახვევენ, ემსახურება ზუსტად იმას, რაზეც უკვე ვისაუბრე: კონფლიქტის შემდგომ გაღვივებას და მისი მოგვარების ყველა მცდელობის შეფერხებას”, - თქვა მან.
ლავროვმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთი კვლავაც მაქსიმალისტურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასთან ნებისმიერი შესაძლო შეთანხმების მიმართ და აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს სრული კონტროლი იმ ოთხ რეგიონზე, რომლებსაც თავისად აცხადებს, მიუხედავად კიევის წინააღმდეგობისა.
მან ასევე განაცხადა, რომ არ იქნება შეთანხმება, რომლის შედეგადაც ორი მხარე ერთმანეთს კონტაქტის ხაზის გასწვრივ დაუპირისპირდება. მისი თქმით, მოსკოვს სურს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშ დარჩენილ ტერიტორიას ნაკლებად მტრულად აქცევს რუსეთისა და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ.
„ამიტომ, მხოლოდ ტექნიკური ზომები, როგორიცაა ჯარის განლაგება, პრობლემას ვერ მოაგვარებს. საჭიროა ვისაუბროთ კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე,“ - განაცხადა ლავროვმა. „ძირითადი მიზეზები იყო უკრაინის ნატოში შეყვანის მცდელობა და რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების სრული დარღვევა,” - თქვა მან.
უკრაინამ არაერთხელ უარყო რუსეთის ბრალდებები, თითქოს ქვეყნის ტერიტორიაზე ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა იდევნება.