ვაშინგტონსა და კიევს მზად აქვთ ხელშეკრულება ერთობლივი ფონდის შესაქმნელად, რომელიც უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან შემოსავლების რეინვესტირებას ითვალისწინებს.
ინფორმაცია მოლაპარაკებებში ჩახედულმა ოფიციალურმა პირებმა 26 თებერვალს გაავრცელეს. თუმცა, ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება და შეთანხმება მის ხელმოწერამდე საბოლოო არ არის.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების დოკუმენტის ახალი ვარიანტის მთავარ დებულებებზე. გეგმა მოიცავს უკრაინის წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის შემოსავლების 50%-ის ინვესტიციას.
დოკუმენტიდან კიევისთვის მიუღებელი პირობები ამოღებულია და გათვალისწინებულია ძვირფას წიაღისეულზე ამერიკის ინტერესი და ვაშინგტონის წვდომის უზრუნველყოფა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა კვირის ბოლოს, 28 თებერვალს ვაშინგტონში ჩამოვიდეს.
"თუკი მას ეს სურს, ჩემთვის ეს მისაღებია. მას სურს ხელი ჩემთან ერთად მოაწეროს. მე ეს მესმის. ეს დიდი ამბავია", - განაცხადა ტრამპმა სამშაბათს, 25 თებერვალს.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" წყაროთა თანახმად, მხარეებს შორის მიღწეული ხელშეკრულების ახლანდელი ფორმა არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. მათივე ცნობით, გარანტიების საკითხებზე განხილვა პრეზიდენტებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაიმართება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინის ყველაზე დიდი დამხმარე სახელმწიფო იყო.
გერმანიის კილის ინსტიტუტის მონაცემებით, ვაშინგტონმა კიევს $128 მილიარდის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. მიწოდებული დახმარების ოდენობით, მეორე ადგილზე ევროკავშირია. 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა უკრაინას 4 მილიარდი დოლარით ნაკლები, $124 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა.