დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგულია უკრაინის ნატოში გაწევრიანების "შეუქცევადი" პროცესის, უთხრა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ ერთმანეთთან ტელეფონით 14 თებერვალს ისაუბრეს.
„პრემიერმა გაიმეორა გაერთიანებული სამეფოს ერთგულება უკრაინაში ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე, როგორც ამაზე მოკავშირეები გასულ წელს ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდნენ“, - აცხადებს სტარმერის ოფისი. პრესრელიზის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარ პოზიციაზე, რომ არ შეიძლება მოლაპარაკებები "უკრაინაზე უკრაინის გარეშე" გაიმართოს და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები, შემდგომი ლეტალური შეიარაღებით დახმარება და სუვერენული მომავალი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან სტარმერს აცნობა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის თაობაზე. "თითოეული ერის უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებაზე", - თქვა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე. "კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ახალ კვირას ისეთი ხელშესახები შედეგები მოჰქონდეს, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან და საიმედო მშვიდობას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინისა და ამერიკის მოკავშირე ევროპული ქვეყნების ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისინი შეიძლება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკების მიღმა დარჩნენ. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 12 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა.
საუბრისას შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების დაწყების საკითხი განიხილეს. ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს.