რუსეთმა 31 იანვარს დრონებით მასიური იერიში მიიტანა უკრაინაზე, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საავადმყოფო და მარცვლეულის საწყობი სამხრეთ ოდესის რეგიონში, განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა.
ქვეყნის საჰაერო ძალების განცხადებით, მათ 102 რუსული დრონიდან 59 ჩამოაგდეს. კიევი აცხადებს, რომ 37 დრონი „დაიკარგა“, რაც გულისხმობს ელექტრონული სიგნალის დახშობის მეთოდის გამოყენებას, მათი მიმართულების შესაცვლელად და გეზის ასარევად.
რუსულმა დრონებმა ოდესის რაიონის გარდა, ზიანი გამოიწვიეს სუმისა და ჩერკასის რეგიონებში. ოდესის რეგიონული გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თქმით, დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის იყო ექიმი ქალაქ ჩორნომორსკში.
თავდასხმებმა ასევე ნაწილობრივ შეაფერხა ელექტრომომარაგება ქალაქში და დააზიანა ქალაქის საავადმყოფო, ადმინისტრაციული შენობა, მარცვლეულის საწყობი, საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე სატვირთო მანქანა, დაწერა მან “ტელეგრამში”.
რეგიონულმა ოფიციალურმა პირებმა ცენტრალურ ჩერკასის რეგიონში განაცხადეს, რომ დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი.
ამავდროულად, ღამით რუსეთის სამხრეთ ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ჩააქრეს, განაცხადა რეგიონულმა გუბერნატორმა.
ანდრეი ბოჩაროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია მის რეგიონში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული რვა თავდასხმა.
„ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად ჩააქრეს. ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომელი ჰოსპიტალიზებულია,“ – თქვა მან.
უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრი კოვალენკომ, დაწერა “ტელეგრამზე”, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მან აღწერა როგორც ერთ-ერთი უდიდესი რუსეთში, დაზიანებულია.
რუსულმა საინფორმაციო გამოცემამ SHOT, რომელსაც კონტაქტები აქვს უსაფრთხოების სამსახურებთან, განაცხადა, რომ ოთხი უკრაინული დრონი განადგურდა მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე, იაროსლავლში.
უკრაინა ხშირად ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და სამრეწველო ობიექტებზე, რათა დააზიანოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის ომის ძალისხმევას უზრუნველყოფს.
ამ კვირაში უკრაინამ განაცხადა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხი გაუჩნდა და დაზიანდა. ის რუსეთის მეოთხე უდიდესი ქარხანაა.
„ლუკოილში” უარყვეს, რომ "ნორსის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ზიანი მიადგა და განაცხადეს, რომ წარმოება არ შეფერხებულა. კომპანია „სიბურმა“ განაცხადა, რომ მათ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.
რუსეთი ამჟამად მეტ ნედლ ნავთობს ამუშავებს საკუთარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში იმ იმედით, რომ გაზრდის საწვავის ექსპორტს მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა სანქციებმა რუსულ ტანკერებსა და მოვაჭრეებს გაურთულა დაუმუშავებელი ნავთობის ექსპორტი, უთხრეს წყაროებმა “როიტერს” ამ კვირაში.
გასულ კვირას უკრაინულმა თავდასხმამ აიძულა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, დროებით შეეჩერებინა ოპერაციები.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით 49 უკრაინული დრონი გაანადგურა ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის 25 - რუსეთის სამხრეთ როსტოვის რეგიონში, 8 - ვოლგოგრადის რეგიონში. სამინისტროს განცხადების მიხედვით, დრონები ასევე განადგურებული იქნა კურსკის, იაროსლავლის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და კრასნოდარის რეგიონებში.