ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: „არც ისე სასიამოვნოა,“ რომ ტრამპი ჯერ პუტინს ელაპარაკა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 თებერვალს განაცხადა, რომ "არ იყო სასიამოვნო“ ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა, ვიდრე მასთან ისაუბრებდა. ზელენსკის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს სურდა, ორივე პრეზიდენტთან ერთდროულად ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და ამერიკა მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ზელენსკით თქმით, მან იცის, რომ ტრამპისთვის უკრაინა პრიორიტეტია, მაგრამ მაინც გაუგებარია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჯერ პუტინს დაურეკა, რადგან ადრე ტრამპს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ „სურდა ორივე პრეზიდენტთან ერთად ესაუბრა“.

ზელენსკის განცხადებით, მას სურდა ვაშინგტონთან პოზიციის შეთანხმება, რათა „პუტინი შეეჩერებინათ“, სანამ ის მოსკოვთან მოილაპარაკებდა.

ეს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა მას მერე, დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ გამართონ მოლაპარაკება უკრაინის შესახებ.

ამ კვირაში ზელენსკი და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები კიევში და ბრიუსელში, ასევე მიუნხენში გამართავენ შეხვედრებს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია უკრაინა-ამერიკის შეხვედრები, თქვა მან. და მხოლოდ ასეთი შეხვედრების შემდეგ, მას მერე, რაც შემუშავდება პუტინის შეჩერების გეგმა, ვფიქრობ, მართებული იქნება რუსებთან საუბარი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 13 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 140 უპილოტო საფრენი აპარატით.

სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 85 დრონი ჩამოაგდეს ხარკივის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში, კიდევ 52 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე".

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა შედეგების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ დაზარალდნენ ოდესის და ხარკოვის ოლქები.

უკრაინული მედია გვიან ღამითვე იუწყებოდა, რომ ოდესის ოლქში რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს იზმაილის რაიონში მდებარე რენის პორტს, რომელიც მდინარე დუნაიზე, რუმინეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ეს პორტი სხვა დროსაც არაერთხელ იყო რუსეთის სამიზნე.

დილით ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იზმაილის რაიონზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და სასწავლო დაწესებულების შენობა.

შესაძლო შეხვედრა ტრამპს და პუტინს შორის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საუდის არაბეთში შეხვდება.

ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 12 თებერვალს თეთრ სახლში უთხრა, პუტინთან სატელეფონო საუბრიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ.

დონალდ ტრამპის თანახმად, საუდის არაბეთის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც თარიღია შეთანხმებული, თუმცა შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში შედგება.

ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პუტინთან შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც, ტრამპმა უპასუხა, რომ პირველ ჯერზე არა და შემდეგ ნახავენ, რა შეიძლება გაკეთდეს მეორე შეხვედრისთვის.

12 თებერვალს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.

იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ.

12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG