ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტრამპის გეგმამ უნდა აღკვეთოს ახალი რუსული აგრესია" - ზელენსკი


შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმამ უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად მოგვარებისთვის უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ ომის შეწყვეტა, არამედ ახალი რუსული აგრესიის პრევენციაც, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას ერთ-ერთ ტელეინტერვიუში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აღარ დაუშვებს იმგვარი სამშვიდობო შეთანხმებების განმეორებას, რომლებიც წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მოჰყვა.

მისი თქმით, ამ პრობლემის თავიდან აცილების მთავარი გზა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.

„გაყინული კონფლიქტი გამოიწვევს ახალ აგრესიას, ისევ და ისევ. მაშინ ვინ გაიმარჯვებს, ვინ ჩაიწერება ისტორიაში, როგორც გამარჯვებული? არავინ. ეს იქნება აბსოლუტური მარცხი ყველასთვის, როგორც ჩვენთვის ასევე ტრამპისთვისაც,“ – განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანულ ITV-სთან ინტერვიუში.

„მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ ომის დასრულება. მან ისე უნდა იმოქმედოს, რომ ვლადიმირ პუტინს აღარ დარჩეს შანსი, ომი ხელახლა დაიწყოს. ეს არის მთავარი და ყველა უნდა აცნობიერებდეს ამას. ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება“, – დასძინა მან.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ იმ პირობით, თუ უკრაინის დასავლელი პარტნიორები – შეერთებული შტატები და ევროკავშირი – აქტიურად იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში.

„თუ მექნებოდა იმის განცდა, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, მხარს დაგვიჭერენ და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემენ, მაშინ მზად ვიქნებოდი ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„თუ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ომის "ცხელი ფაზის" დასრულებაზე. უნდა ვიცოდეთ, როგორ დასრულდება ეს ომი. ჩვენ ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიყოთ – ამერიკაც და ევროპაც", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ სურს ომის დასრულება, და მასთან მოლაპარაკებების გაჭიანურება არაეფექტურია.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, შეთანხმებები, რათა როგორც მას, ისე - მის შემცვლელს, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერასდროს გაუჩნდეს სურვილი, დახოცოს უკრაინელები ან წაგვართვას ჩვენი მიწა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ITV-სთან საუბარში, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მანამ, სანამ საომარი მოქმედებები არ შეწყდება, რადგან, მისი თქმით, ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას.

„ჩვენ მოგვიწევს სამხედრო მდგომარეობის შეჩერება, და თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ დავკარგავთ არმიას,“ – განაცხადა მან. „და, პრინციპში, რუსები გახარებული იქნებოდნენ. ეს გამოიწვევს სამხედრო ძალის, მორალისა და სხვა კრიტიკული კომპონენტების განადგურებას.“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის აღარ აქვს ლეგიტიმაცია მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის, რადგან ის საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც აგრძელებს თანამდებობაზე ყოფნას.

ზელენსკიმ „როიტერისთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა შეერთებულ შტატებს მიაწოდოს იშვიათი მინერალები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსები, სანაცვლოდ კი ფინანსური დახმარება მიიღოს საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად.

ამასთან, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრები გამართეს ტრამპის უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგთან.

დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ალბათ მომავალ კვირას შეხვდება ზელენსკის, რათა ომის დასრულების საკითხი განიხილონ.

ამასობაში, “ნიუ იორკ პოსტმა” გასულ უქმეებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის დასრულებაზე ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. თუმცა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ იგი ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს ამ ინფორმაციას.

XS
SM
MD
LG