ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალასი: ჩვენ ზურგსუკან ნებისმიერი შეთანხმება წარუმატებელი იქნება


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი

ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის ან ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე, წარმატებული ვერ იქნება. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა, რომ მალე მასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულებით, კაია კალასი ჟურნალისტებს ამ თემაზე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად ესაუბრა.

"[დონალდ] ტრამპი ამბობს, რომ მკვლელობა უნდა შეჩერდეს. პუტინს შეუძლია ეს ხოცვა დაასრულოს უკრაინის დაბომბვის შეწყვეტით. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ არსებობს ნება", - თქვა მან და დასძინა, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელშიც უკრაინა და ევროპა არ მიიღებენ მონაწილეობას, წარუმატებელი იქნება და დათმობების პოლიტიკაც, როგორც წესი, ასევე წარუმატებელია ხოლმე.

კალასი ამბობს, რომ ევროკავშირისა და უკრაინის მონაწილეობა აუცილებლად საჭირო იქნება იმისთვის, რომ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება აღსრულდეს. მისი თქმით, სწრაფი გადაწყვეტა მხოლოდ არაკეთილსინდისიერი შეთანხმებითაა შესაძლებელი.

ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებიც ამბობენ, რომ უკრაინა და ევროკავშირი უკრაინის თაობაზე შესაძლო ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ.

"არ უნდა იყოს მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. და უკრაინის ხმა ნებისმიერი ასეთი საუბრის ცენტრში უნდა იყოს", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ მინისტერიალის წინ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში შესაძლო წევრობა ან ტერიტორიის შესაძლო დათმობები არ გადაწყდება მანამ, სანამ მოლაპარაკებები არ გაიმართება.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 12 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების დაწყების საკითხი განიხილეს.

"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ჩვენ დავურეკავთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისაც, რათა მას ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საუბრის შესახებ, რასაც ახლავე გავაკეთებ", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში.

ამის შემდეგ ის ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა.

"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, მას სურს მშვიდობა. ჩვენ ომთან დაკავშირებით განსხვავებული საკითხები განვიხილეთ, მაგრამ ძირითადად - ის შეხვედრა, რომელსაც პარასკევს ამერიკის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯეისი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მეთაურობით გამართავს. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება. დროა დასრულდეს ეს აღმაშფოთებელი ომი, რომელმაც მოიტანა მასშტაბური და აბსოლუტურად არააუცილებელი სიკვდილი და განადგურება. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი", - დაწერა ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG