3 თებერვალს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციური ოთხმხრივი ფორმატის განხილვა ნაადრევია.
ზელენსკიმ სააგენტო "ასოშეითედ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს უჭრს ოთხმრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ამერიკას, უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მისივე თქმით, მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის ძალიან საშიში იქნება მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინა ჩართული არ იქნება.
ზელენსკის ეს განცხადება მოჰყვა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა და რუსეთი უკრაინის საკითხს უკვე განიხილავენ. ტრამპს არ უსაუბრია დამატებით დეტალებზე. თუმცა, რუსული საინფორმაციო საშუალებები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ პირდაპირი საუბარი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ჯერ არ შემდგარა.
ზელენსკის შეთავაზებაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა კრემლის სპიკერ დმიტრი პესკოვსაც დაუსვეს. მან თქვა, რომ ჯერჯერობით, სერიოზულად არავის არ განუხილავს მოლაპარაკებებში შესაძლო მონაწილე მხარეთა ვინაობა.
„ჯერჯერობით ჩვენ გამოვდივართ იმ ვარაუდიდან, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გამართოს ასეთი მოლაპარაკებები“, - განაცხადა მან.
პესკოვი ამით მოსკოვის იმ მტკიცებაზე მიუთითებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან მას გასულ წელს 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი არჩევნები არ ჩაუტარებია. უკრაინამ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ომისა და საგანგებო მდგომარეობის გამო მიიღო. უკრაინა რუსეთის მტკიცებას, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია, უარყოფს.
პესკოვმა თქვა, რომ ასევე რთულია რაიმე მოლაპარაკების შესაძლო ფორმატის განხილვა, როდესაც ზელენსკის მიერ 2022 წელს ხელმოწერილი ბრძანებულება, რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ, ძალაში რჩება.