7 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ქალაქ სოხუმში, მოსკოვის აეროპორტიდან საცდელი ფრენა შესრულდა. აეროპორტი, რომელიც 30 წელია აღარ ფუნქციონირებს და რომელსაც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია დამოუკიდებელ, თუ საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, მოსკოვის ფოკუსში 2023 წელს მოხვდა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლს ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის აღდგენა სურდა. რუსი ოფიციალური პირების ინფორმაციით, აეროპორტი რეაბილიტირებულია მაისიდან სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა ზაფხულის სეზონზე რუსი ტურისტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაიყვანოს.
საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი მოხდარზე ჯერ არ გაუკეთებია. "ქართული ოცნების" დუმილის მიზეზის, რუსეთის მხრიდან სოხუმის აეროპორტით დაინტერესების და ამ ყველაფრის რეგიონზე შესაძლო გავლენის შესახებ "ამერიკის ხმამ" შეკითხვები ბობ ჰამილტონს დაუსვა. ჰამილტონი ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და ახლა „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორია.
პოლკოვნიკო, დიდი მადლობა თქვენი დროისა და ამ ინტერვიუსთვის. როგორც იცით, სოხუმის აეროპორტმა, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, 7 თებერვალს სატესტო ფრენა მიიღო მოსკოვიდან. რუსი ოფიციალური პირების თქმით, აეროპორტი 1 მაისს გაიხსნება, რადგან სურთ საზაფხულო სეზონი ასე დაიწყონ. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს კრემლში აეროპორტის გახსნა, რომელიც აქამდე უმოქმედო იყო და თვლით თუ არა, რომ დამთხვევაა, რომ ამას უკრაინაში ომის ფონზე აკეთებენ?
ვფიქრობ, კრემლს დიდი ხანია, რაც ამ აეროპორტის თავიდან ამუშავება სურდა, მაგრამ რამდენიმე წინააღმდეგობას აწყდებოდა. ერთ-ერთი ისაა, რომ, როგორც თქვენ თქვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აეროპორტი 30 წელზე მეტი ხნის წინ დახურა. ასე რომ საერთაშორისო ფრენების იქ კანონიერად განხორციელება შეუძლებელია.
ეს არის იმის გამოხატულება, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს - როგორც უბრალოდ ინსტრუმენტს, იარაღს, რომელსაც საკუთარი მტრების წინააღმდეგ იყენებს. იქნება ეს მოლდოველი ხალხი და მოლდოვის მთავრობა, თუ ქართველი ხალხი.
რუსეთს აეროპორტის თავიდან გახსნა რამდენიმე მიზეზის გამო სურს. ერთ-ერთი ტურისტული სეზონია. რუსი ტურისტების რაოდენობა ზაფხულში იზრდება და ეს მათთვის მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დე ფაქტო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს რუსეთის არგაღიზიანებას უკრაინაში ომის ფონზე, ჩიხშია და მას არსად მივყავართ. კრემლისგან გადაგმული ასეთი ნაბიჯები სწორედ იმას აჩვენებს, რომ [ამ პოლიტიკას] არსად მივყავართ. ეს აჩვენებს, რომ რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ კრემლში მყოფების სასიამოვნოდ, თუ მათი არგაღიზიანებისთვის, რუსეთი მაინც ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც რუსეთს სურს, მოსწონს ეს საქართველოს მთავრობას თუ არა.
სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ჰქვია, თუმცა, როგორც თქვენ თქვით, იკაო- "სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია" მას არ ცნობს, ვინაიდან ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. თავის დროზე, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ორგანიზაციას საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისგან ჰქონდა. თუმცა, ახლა მომხდარზე არაფერი გვესმის ახლანდელი მთავრობისგან, როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
როგორც ვთქვი, ეს აჩვენებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გაუფასურებას, რომელიც ცდილობს კრემლთან საქმის გამოსწორებას და ოფიციალური მოსკოვის დამშვიდებას- ეს სამარცხვინოა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი ქვეყანა, რუსეთს ვგულისხმობ და სწორედ რუსეთი უწევს იგნორირებას საერთაშორისო კანონმდებლობას, იმ ფაქტს, რომ თითქმის არცერთი ქვეყანა არ მიიჩნევს აფხაზეთის თავზე საჰაერო სივრცეს, რუსეთის ან აფხაზეთის საჰაერო სივრცედ. ლეგალურად ის საქართველოს საჰაერო სივრცეა.
ასე რომ, ის ფაქტი, რომ რუსეთის მხრიდან ამის იგნორირება ხდება, [რომ ის] ოკუპირებულ ტერიტორიაზე აეროპორტის გახსნისთვის და საქართველოს საჰაერო სივრცის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის ემზადება, თბილისის ხელისუფლების სირცხვილია. მათი დუმილი, ვფიქრობ, იმის მანიშნებელია, რომ მათ სურთ ეს ამბავი უბრალოდ მიიჩქმალოს და საერთოდ არ მოუწიოთ კომენტარის გაკეთება.
საქართველოში ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ისიც თქვა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა. მესმის, რომ თქვენ ვერ გექნებათ ინფორმაცია იმაზე, რაიმე საუბარი შედგა თუ არა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის, მაგრამ მინდა თქვენი მოსაზრების მოსმენა იმაზე, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?
არა მგონია. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ამ კონკრეტულ საკითხზე საუბარი იყო თუ არა, მაგრამ ეს ბოლო ქმედება ძალიან თანმიმდევრულია რუსეთის სხვა ქმედებებთან. მაგალითად, ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ განცხადება, რომელიც ასევე საქართველოს ოკუპირებილ რეგიონში, აფხაზეთში მდებარეობს. ჩემთვის ნათელია, რომ მათ ეს საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე გააკეთეს და ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტია.
ასე რომ ვიტყოდი, ნაკლებსავარაუდოა მოსკოვს, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე შეთანხმების დადების აუცილებლობა ეგრძნო. რადგან, ჩემი აზრით, ეს შეესაბამება სხვა იმ ქმედებებს, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კუთხით. წინასწარ ამის ნებართვას [მოსკოვი] არასდროს ითხოვდა.
ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი აზრით, ეს იქნება სრულად რუსული აეროპორტი, სადაც აფხაზებს არც კი შეუშვებენ. მისივე აზრით, რუსეთი მას სამხედრო ავიაბაზადაც გამოიყენებს. თვლით თუ არა, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზანი იყოს და თუ ასეა, მაშინ რა სამხედრო გამოწვევებზე, თუ საფრთხეებზე შეიძლება ვისაუბროთ ზოგადად და საქართველოსთან მიმართებაშიც?
ნამდვილად არსებობს იმის პოტენციალი, რომ თუ აეროპორტს სრულად აღადგენენ, მან სხვადასხვა ტიპის თითმფრინავები მიიღოს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო.
რუსებს შეუძლიათ საწყობებიც ააშენონ იქ სამხედრო თვითმფრინავებისთვის, იარაღისთვის და მსგავსი ნივთებისთვის. ის ადვილად გამოდგება სამხედრო აეროდრომად. ისევ და ისევ, ეს შეესაბამება იმას, რასაც რუსები აკეთებენ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით.
მათ [რუსებმა] დაკარგეს მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო ბაზებისთვის ტერიტორიები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მათ არსებითად დაკარგეს შავი ზღვის დასავლეთი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იქ ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაძირეს, ან მძიმედ დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25%-დან 30%-მდე. ყირიმშიც უპასუხოდ ოპერირება აღარ შეუძლიათ, რადგან უკრაინას შეუძლია და წვდება კიდეც ყირიმს და უტევს მას. ასე რომ, ეს ტერიტორიები მათთვის დაკარგულია.
გარდა ამისა, [რუსეთი] ბაზების დაკარგვის პროცესშია სირიასა და ტარტუსში, როგორც მინიმუმ, ოპერაციებს იქ ძალიან შეამცირებენ. ასე რომ, რუსეთის ჯარი ეძებს ახალ ადგილებს ოპერირებისთვის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო მიმართულებით და შესაბამისად, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ბაზებს.
ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, როგორ უყურებს რუსეთი აფხაზეთს, ის მისთვის მხოლოდ ინსტურმენტია და თავად სხვა ღირებულება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა რას ამბობს რუსეთი, [ის] აფხაზეთის სუვერენიტეტითა თუ დამოუკიდებლობით დაინტერესებული არ არის. ის აფხაზეთს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის და შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს სუვერენიტეტის, თუ მისი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შელახვისთვის იყენებს. თუმცა, ამას "ქართული ოცნების" მთავრობაც მშვენივრად ახერხებს, მოსკოვისგან დახმარება არ სჭირდება. მაგრამ, ნებისმიერ დროს, როდესაც რუსეთს შეეძლება, რომ [საქართველოს] დასავლეთთან ურთიერთობა დააზიანოს, ასეც მოიქცევა.
თქვენ ახსენებთ ოჩამჩირის პორტს, რომელიც შესაძლოა რუსეთის ფლოტისთვის ერთ-ერთი ნიშვნელოვანი წერტილი გახდეს. როგორც ვიცი, მისი გაღრმავების შემდეგ, ახლა ამ პორტს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი გემის მიღება შეუძლია. ხედავთ თუ არა ოჩამჩირის პორტისა და სოხუმში აეროპორტის გახნას შორის კავშირს და უსაფრთხოების რა გამოწვევებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში?
სპეციფიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მოხდა ოჩამჩირის პორტის გაღრმავება, არ მაქვს, შესაბამისად, ვერ გეტყვით ზუსტად, რა ტიპის საბრძოლო ხომალდების მიღება შეუძლია მას.
მაგრამ, კრემლმა ოჩამჩირეში ბაზის გახსნაზე განცხადება გააკეთა, ამიტომ სრულიად ლოგიკურია იმის თქმა, რომ ისინი ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ მან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი ხომალდი მიიღოს. საუბარია კრეისერებსა და ფრეგატებზე, საშუალო ზომის ტიპის გემებზე. რა თქმა უნდა, საუბარი არაა ავიამზიდზე. რუსეთს ასეთი მხოლოდ ერთი ჰყავს და ის შავ ზღვაში, ნამდვილად ვერ მოხვდება. თუმცა, სხვა დანარჩენი, რაც რუსეთს შავი ზღვის ფლოტში ჰყავს, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ოჩამჩირეში შეიძლება მოხვდეს.
რაც შეეხება სამხედრო საფრთხეებს- თუ გავითვალისწინებთ, რომ სოხუმის აეროპორტიც შეიძლება, რომ სამხედრო მიმართულებით გამოიყენონ, მაშინ სამხედრო საფრთხე, რაზეც ვსაუბრობთ ისაა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ბაზა, საიდანაც რუსეთს შეეძლება უკრაინაზე თავდასხმა განახორციელოს. ეს აუცილებლად და გადაუდებლად სამხედრო საფრთხეს არ უქმნის საქართველოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ახლა რუსეთს არ აქვს არანაირი სამხედრო მიზეზი საქართველოზე თავდასხმისთვის. ის სამხედრო ჩარევის გარეშე უკვე იღებს ყველაფერს, რაც საქართველოსგან სურს: ის იღებს მთავრობას, რომელიც საქართველოს აშორებს ნატოსგან, ევროკავშირისა და დასავლეთისგან და მოსკოვის ბანაკში პოზიციონირებს.
ვფიქრობ, მთავარი სამხედრო დანიშულება, როგორც ოჩამჩირის ბაზის, ისე სოხუმში აეროპორტის სავარაუდო ორმაგად- სამხედრო და სამოქალაქოდ- გამოყენებისას, რუსეთს აძლევს დამატებით პლატფორმას, შავ ზღვასა და მის თავზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებისთვის.
ბოლოს "ქართული ოცნების" მთავრობის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც თქვენ ახსენეთ. როდესაც ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ მათ აუცლებლად დაიბრუნებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წელს ზუსტი თარიღიც დაასახელა და თქვა, რომ ქართველები 2030 წლისთვის თავიანთ აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად იცხოვრებენ, რომ ეს რეგიონები საქართველოს დაუბრუნდება. თუმცა, ბოლო მოვლენების და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა განვიხილეთ, იტყოდით რომ ისინი თავიანთ მიზანს უახლოვდებიან, ან იქნებ მას შორდებიან?
ან იქნებ არცერთი. ვფიქრობ, ისინი ერთ ადგილას არიან გაყინულები. არ მგონია, რომ რამენაირად უახლოვდებიან აფხაზეთის, ან სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, თუმცა არც შორდებიან ამას. ვერ ვიტყოდი, რომ ოფიციალური თბილისი მაინცდამაინც შორდება [ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას], რადგან ისინი უკვე საკმარისად შორს არიან. რეინტეგრაციას ნამდვილად არ უახლოვდებიან.
"ქართული ოცნების" ნებისმიერი იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვთან კარგად თამაშით, მათ შეუძლიათ როგორმე აიძულონ კრემლი, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემოუერთონ, [აბსურდულია]. პირველ რიგში, ეს არ არის კრემლის ინტერესებში და მერეც, საჭიროა შერიგება ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის.
"ქართულ ოცნებას" გასული 13 წლის განმავლობაში, რაც ძალაუფლებაშია, ამაზე უნდა ემუშავა. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოში ჩავდივარ და ხალხს მშვიდობის, რეინტეგრაციის პროცესზე ვესაუბრები, როგორც "ქართული ოცნების" პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ, მათგან მხოლოდ ის მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" ამასთან დაკავშირებით, არანაირი გეგმა არ აქვს.
მთავრობა უბრალოდ არაფერს ამბობს და აკეთებს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის, მათ უბრალოდ გაყინეს პროცესი. ასე რომ დე ფაქტო პოლიტიკა ისაა, რომ იმედოვნებენ, კრემლთან, რუსეთთან მშვიდობის დამყარებით, რუსეთი როგორმე შეძლებს შეთანხმებაზე იმუშაოს, რითიც ოკუპირებული ტერიტორიები [საქართველოს] დაუბრუნება.
ვფიქრობ, ეს ჩიხია, მას არსად მივყავართ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს და მეორეც- არავის გაუმართავს კონსულტაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] წარმომადგენლებთან. რუსეთს რომ უნდოდეს, უბრალოდ ვერ იტყვის, რომ ახლა ისინი საქართველოს ნაწილი არიან, შერიგება უნდა მოხდეს. ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური შერიგების პროცესი და გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა რაიმეს აკეთებდეს.