ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ამავე გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნეს. ამ საკითხს 2025 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსახილველად კვლავ დაუბრუნდებიან. ეს პირველი შემთხვევაა ქართული დელეგაციების ისტორიაში, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] ასე და ასეთი დათქმებით ასაჩივრებს საქართველოს წარმომადგენლების აკრედიტაციებს.
რა პოლიტიკური გზავნილი იყო ეს ევროპიდან საქართველოსთვის და რა გავლენა ექნება მომხდარს საქართველოზე. ამ და სხვა თემებზე "ამერიკის ხმა" ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ესაუბრა.
მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედატაცია გაასაჩივრა. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში. რა პოლიტიკური გზავნილი იყო ეს?
პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა.
PACE-ის მონიტორინგის საბჭო საქართველოს მთავრობისგან აპრილამდე, ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებასა და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას ითხოვს. რამდენად რეალური გგონიათ ამ ყველაფრის შესრულება? ვგულისხმობ ორივე ნაწილს- თუ "ქართულ ოცნებას" არ ენდობოდნენ და არ თვლიან, რომ მათ არჩევნები სამართლიანად ჩაატარეს, მაშინ რატომ, ან როგორ გააკეთებენ ამას ახლა და გაქვთ თუ არა იმედი, რომ პატიმრებს გაათავისუფლებენ?
არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარი რეზოლუციაც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა ყველაფერი "ქართული ოცნების" მხრიდან გარკვეული ცვლილებებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ცვლილებები უნდა შეეხოს საარჩევნო კომიტეტს. როგორც ვიცი, გასულ წელს მათ წესები ისე შეცვალეს, რომ იქ "ქართულ ოცნებას" უდიდესი წარმომადგენლობა ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს, რათა მეტი კონტროლი და ღიაობა იყოს.
არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი სუბიექტის ზედამხედველობის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო მისიები, ეუთო, ან გაეროც კი, რასაც აირჩევენ. მაგრამ ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ისევე, როგორც აქამდე, მაშინ უბრალოდ იმავე პოზიციაში აღმოვჩნდებით.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ ვსაუბრობთ, იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები, თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ამან არსად არ მიგვიყვანა. ერთადერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო დატოვა, იყო ნიკა გვარამია, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. სხვა შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ, ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი წეზოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ.
თქვენ დაკავებული ჟურნალისტები ახსენეთ. ამ წუთებში, ციხეში ზის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დაკავებული ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. მთავრობა თითქმის არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს მისი ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა მათი მხრიდან გვესმის მისი კრიტიკა. რას ფიქრობთ ამ საქმეზე და იმაზე, როგორ ეპყრობა ჟურნალისტს მთავრობა?
ნამდვილად სიმპტომატურია, როგორ მიუდგება ასეთ საქმეებს მთავრობა. ეს [მზია ამაღლობელის საქმე] მიუთითებს იმაზე, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ მისი [მზია ამაღლობელის] მდგომარეობის შესახებ ინფრომაცია და უნდა უზრუნველყონ მისი კეთილდღეობა...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გყავს პოლიტპატიმრები, ძირითადი წესებია, უზრუნველყო ისინი საჭირო სამედიცინო მკურნალობით, ჯანდაცვითა და ყველაფრით. თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ ახერხებს, ის პოზიციონირებს ბელარუსისა და რუსეთის გვერდით. ეს არის საკმაოდ მკაფიო შეფასება და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი რამ.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პარლამენტისადმი მიმართვისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მისი აზრით, ევროპის პასუხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სუსტი იყო. თქვენი პასუხებიდან ვხვდები, რომ მას ეთანხმებით. მაგრამ თვლით თუ არა, რომ ევროკავშირი მართლაც დაიკავებს უფრო მკაცრ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით?
სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. მე პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა, რადგან საქართველო ბელარუსი არ არის. ბელარუსს, სამწუხაროდ, არასდროს ჰქონია დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველომ კი დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლო 30 წლის განმავლობაში ააშენა. მათი ერთ წუთში გაანდგურება შეუძლებელია, მათი დაცვა კი შეიძლება, მაგრამ ამისთვის სხვადასხვა აქტორების და ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილი ამას მარტო ნამდვილად ვერ გააკეთებდა.
ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, მიზანმიმართული სანქციებით, ბევრად უფრო ძლიერი რეაქციით, მხარი დაეჭირა ამ მოძრაობისთვის. არა ჩარევით, არამედ იმის მხარდაჭერით და იმ იმპულსის შენარჩუნებით, რაც ადგილზე იყო.
მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ეს ფანჯარა. არცერთი რეზოლუცია აღარ შეცვლის ამას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს დღემდე ძალიან ვუჭერ მხარს, როგორც აღვნიშნე, ასევე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. [საქართველოში] ახალი პრეზიდენტია და ჩვენ არ გვექნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა იქამდე, ვიდრე რამე დრამატულად არ შეიცვლება. მაგალითად, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, რაც, რა თქმა უნდა, მთელ რეგიონს სრულიად შეცვლის.
თქვენ თქვით, რომ მომენტი ხელიდან გაშვებულია. მაშინ თვლით, თუ არა, რომ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვა როგორმე დაეხმარება სიტუაციის გამოსწორებას?
მე ძალიან ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს. არ მინდა, რომ ჩემი კრიტიკა არასწორად გაიგოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი რეზოლუციები გამოიცემა, რომ საბჭო ასეთ ნაბიჯებს დგამს, რადგან რაღაც მაინც უკეთესია, ვიდრე სრულიად არაფერი. უბრალოდ, მინდა რომ მეტი [ქმედება] დავინახო. ამიტომაც ვარ კრიტიკული. თუმცა, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ასეთ ნაბიჯებს მნიშვნელობა აქვს და ის გარკვეული გზავნილია.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ძალიან ჩართული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს ვესაუბრები, ზოგს "ქართული ოცნებიდანაც" კი. ოქტომბრის არჩევნებამდე, ისინი თვლიდნენ, რომ რაც უნდა მომხდარიყო "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, ეს ქვეყნის შიდა საქმედ დარჩებოდა და ევროპული მისწრაფებები ხელშეუხებელი დარჩებოდა. თუმცა, თუ მათ ნათლად დავანახებთ რომ ევროპული მისწაფებები დიდ საფრთხეშია, რომ ეს აისახება მათი პასპორტების, სავიზო რეჟიმის და სხვა მსგავსი მიმართულებებით, მაშინ იქნება მდუმარე უმრავლესობამ [საქართველოს მთავრობაში] გაიაზროს, რომ ისინი ნამდვილად სცილდებიან ევროპას და მეტად მიდიან რუსეთისკენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა იყოს სწორედ მთავრობის და პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, საით მიდის სიტუაცია და საით მიჰყავს ისინი "ქართულ ოცნებას".
თქვენ ახსენეთ სლოვაკეთი და უნგრეთი, რომლებიც "ქართული ოცნების" მთავრობისთვის სანქციების დაწესების მოწიინააღმდეგეები არიან. შეიძლება, როგორმე ევროკავშირის მიერ ერთიანად სანქციების დაწესების ნაცვლად, სხვა გზა გამოინახოს, მაგალითად, წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები და როგორია თქვენი ხედვა ევროკავშირის ამ მიმართულებით გააქტიურებაზე?
მთლიანი სანქციების პოლიტიკას ევროკავშირი წყვეტს და არა ცალკეული წევრი სახელმწიფოები. თუმცა, ნამდვილად არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ. სუვერენული წევრი ქვეყნის უფლებაა გადაწყვიტოს, თუ ვისი თვითმფრინავი შეიძლება მათ მიწაზე დაეშვას. ასე რომ, თუ იარსებებს მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციები გარკვეული ადამიანების მიმართ, რომლითაც მათ მგზავრობა ეზღუდებათ, შენგენის ზონის არსებობის მიუხედავად, ისინი ვერ შეძლებენ მაგალითად, ბალტიისპირეთში, ჩეხეთში, გერმანიაში ჩაფრენას. კი, შეიძლება ბრატისლავაში, სლოვაკეთში ჩაფრინდნენ და იქიდან იმოგზაურონ ევროპაში, მაგრამ ასე მაინც გავურთულებთ მათ ცხოვრებას.
ეს მათ ასევე გაურთულებს თავიანთ პოტენციურ ქონებაზე წვდომასაც. ძალიან ბევრ ქართველ პარლამენტარს და ხელისუფლების ლიდერს აქვს აქტივები საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და ა.შ. თუ მათზე წვდომას გავართულებთ, ან მათი შვილებისთვის ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლაზე ხელმისაწვდომობას შევზღუდავთ, ეს მათ ავნებს.
ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, მაშინაც კი, თუ სანქციები მთლიანად პოლიტიკურ დონეზე იბლოკება ვეტოს გამო.
ბოლო კითხვა კვლავ დიპლომატიური პასპორტების მქონეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვაზე მინდა დაგისვათ. ეს შეზღუდვა გულისხმობს, რომ დელეგაციებს, რომლებიც ევროპაში საქმიან შეხვედრებზე მიდიან, ასევე შეეზღუდებათ მოგზაურობა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამით ევროკავშირი "ქართული ოცნების" მთავრობის იზოლაციას ცდილობს?
ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალია, მაგრამ ინდივიდუალურად ვიზის მოთხოვნისას, მათ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ვიზა მისცენ. თუმცა ძირითადად, მართალია, რომ დელეგაციები გაცილებით შეზღუდულები იქნებიან. და დიახ, იდეა ამის უკან არის შეზღუდვა და ასევე იმის ჩვენება, თუ როგორ აღვიქვამთ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას, თუკი ისინი რუსულ გზას ირჩევენ.
ევროპა ამჟამად კვლავ არაპირდაპირ ომშია რუსეთთან, უკრაინის ბრძოლის ველის გავლით, ჩვენც საფრთხეში ვართ. ასე რომ თუ ვთვლით, რომ კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელობა, იქნება ეს საქართველო, თუ ბელარუსი პუტინთანაა დაახლოებული, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყნებს საფრთხეს უქმნის შპიონაჟის, გავლენის, ლობიზმის მიმართულებით.
ასე რომ ეს არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ერთგვარი თავდაცვითი ნაბიჯიცაა. ეს ერთის მხრივ არის ის, რომ არჩევნებში ჩარევის გამო მათ [საქართველოს მთავრობას] პასუხს ვაგებინებთ, მაგრამ ასევე ევროპელებსა და ევროპულ ინტერესებს პუტინის გავლენისგან ვიცავთ, რაც ახლა საქართველოს ზოგიერთი მაღლჩინოსნისგან შეიძლება გავრცელდეს.