ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამორიცხავენ კლანებს შორის დაპირისპირების უკიდურესად გამწვავებას, თუ კრემლმა მაინც შეძლო, 15 თებერვალს, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებში“, ბადრი გუნბას გამარჯვების „უზრუნველყოფა“.
43 წლის გუნბა, რომელიც სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარადან არის, ანქვაბი-ბჟანიას კლანს წარმოადგენს. ეს კლანი ანკლავს 2020-2024 წლებში მართავდა და გასული წლის ნოემბერში, ე.წ „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია და ე.წ „პრემიერი“ ალექსანდრე ანქვაბი, არძინბა-ჰაჯიმბას კლანმა ძალაუფლებას ნაწილობრივ ჩამოაშორა.
არძინბა-ჰაჯიმბას კლანმა, 43 წლის გუდაუთელი ადღურ არძინბას მეთაურობით ოთხი თვის უკან, კარგად გამოიყენა, „აფხაზური კლანების“ უკმაყოფილება, კორუფციის, რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალის და სახელმწიფო აგარაკების გადაცემის, ასევე ე.წ „აპარტამენტების კანონისა“ და ე.წ „საინვესტიციო შეთანხმების“ მიღების მცდელობის გამო, რაც ანკლავში რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს გზას უხსნიდა.
15 თებერვლის ე.წ „არჩევნებში“ მთავარი მეტოქეები სწორედ ბადრი გუნბა და ადღურ არძინბა არიან. გუნბა, რომელიც ბჟანიას ე.წ „ვიცე-პრეზიდენტი“ იყო, ძალაუფლებიდან ბჟანია-ანქვაბის ჩახსნის შემდეგ, ე.წ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ და კრემლის ახალ ფავორიტად იქცა.
გუნბას მხარდასაჭერად ოკუპირებულ სოხუმში 31 იანვარს პირადად ჩავიდა, რუსეთის დიქტატორის პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო და ანექსირებული ანკლავის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების პირობა დადო. თებერვლის დასაწყისში, მოსკოვში გუნბა პატივით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა, ასევე ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთისთვის გუნბას მხარდაჭერა კი არ არის მთავარი, მისთვის მნიშვნელოვანია „აპარტამენტების“ მშენებლობაზე, რუსულ ინვესტიციებზე და მიწის გაყიდვაზე გაცემული დაპირებები შესრულდეს. ამ ფონზე რუსებს უნდათ ისევ ბჟანიას და ანქვაბის მიმართულებამ გაიმარჯვოს, გუნბა ამიტომ არის მათთვის მისაღები“პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
ამ შეხვედრების შემდეგ, კრემლმა განაახლა აფხაზების დაფინანსება და ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც „ნოემბრის ანტირუსული გადატრიალების“ შემდეგ, შეჩერებული ჰქონდა. უფრო მეტიც, გუნბა მოსკოვიდან მშენებარე სოხუმის აეროპორტში, „რეგულარული ავიარეისით“ დააბრუნეს, რომელიც პირველი იყო 1993 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა.
„ბადრი გუნბა რა თქმა უნდა „მეორე ადამიანია“, მანდ წამყან ფიგურად ალექსანდრე ანქვაბი რჩება, ყოფილი, დე-ფაქტო „პრემიერ მინისტრი“, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური პოლიტიკის „ნაცრისფერი კარდინალია“ და სწორედ ის მართავს ამჟამინდელ სიტუაციას“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, ანკლავში ამჟამად „ორი გამოკვეთილი ძალაა, ერთია, აფხაზების პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას გუნდი, რომელსაც ზოგჯერ, არძინბა-ჰაჯიმბას გუნდად მოიხსენიებენ. მეორეა ანქვაბის გუნდი. არძინბა და ანქვაბი ჯერ კიდევ ომის დროიდან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და იქედან მოყოლებული ეს ორი ნაკადი ერთმანეთს ებრძვის.
ამ დაპირისპირების დროს, ანქვაბი „პრეზიდენტიც“ იყო, „პრემიერიც“ „ვიცე პრეზიდენტიც“ და სხვადასხვა ფორმით მართავდა აფხაზეთს და დღემდე, გავლენების ბერკეტები მის ხელშია. მათ შორის, გუნბა იყო უფრო ანქვაბის კაცი, როცა იყო ე.წ „ვიცე-პრეზიდენტი“, ვიდრე ბჟანიასი. ბჟანიაც გარკვეულწილად ანქვაბის კანდიდატი იყო.“
რატომ დადო კრემლმა ისევ ფსონი, 2024 წლის ნოემბერში დამარცხებულ ანქვაბი-ბჟანიას კლანზე და შესაბამისად, ბადრი გუნბაზე? პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სწორედ ამ კლანმა მისცა კრემლს გარანტია, რომ მიიღებდა რუსეთისთვის ასე მნიშვნელოვან ე.წ „აპარტამენტების კანონსა“ და ე.წ „საინვესტიციო შეთანხმებას“, ასევე გაადვილებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში, მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის პროცედურებს.
„გუნბა რა თქმა უნდა „მეორე ადამიანია“, მანდ წამყან ფიგურად ალექსანდრე ანქვაბი რჩება, რომელიც აფხაზური პოლიტიკის „ნაცრისფერი კარდინალია“
„დიდი ფულიც არის ამაში გადახდილი, არის მოარული ხმები და არა მარტო, მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაციაც არსებობს, რომ აფხაზების ე.წ დე-ფაქტო „პარლამენტის“ „დეპუტატებმა“ (რუსეთიდან) საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები აიღეს, რომ ე.წ „აპარტამენტების კანონისთვის“ ხმა მიეცათ.
ამიტომ, რუსეთისთვის გუნბას მხარდაჭერა კი არ არის მთავარი, მისთვის მნიშვნელოვანია „აპარტამენტების“ მშენებლობაზე, რუსული ინვესტიციებისთვის კარის გახსნაზე და მიწის გაყიდვაზე გაცემული დაპირებები შესრულდეს. ამ ფონზე რუსებს უნდათ ისევ ბჟანია-ანქვაბის მიმართულებამ გაიმარჯვოს და გუნბა ამიტომ არის მათთვის მისაღები“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ე.წ „აფხაზური არჩევნების“ ისტორიაში პირველად, კრემლი არა მხოლოდ ღიად უჭერს მხარს მისთვის მისაღებ კანდიდატს, ამ შემთხვევაში, ბადრი გუნბას, არამედ, ასევე ღიად მოქმედებს მისი ოპონენტის ადღურ არძინბას წინააღმდეგ.
კრემლმა ე.წ „არჩევნების“ წინ, რუსეთის მოქალაქეობა დემონსტრაციულად ჩამოართვა, ადღურ არძინბას „ახლო მოკავშირეებს“: კან კვარჭიას, ლევან მიქავას და ტაიფუნ არძინბას. ეს უკანასკნელი თურქეთის მოქალაქეა, რეპატრიანტი ბიზნესმენი, რომელიც უკვე წლებია თურქული კომპანია „ტამსაშის“ მეშვეობით, ტყვარჩელის ქვანახშირის საწარმოს უკანონო ექსპლუატაციას და თურქეთში ქვანახშირის ექსპორტს ეწევა.
პარალელურად, რუსული პროპაგანდა ადღურ არძინბას, რომელსაც რაულ ჰაჯიმბას ე.წ. „პრეზიდენტობის“ დროს (2014-2020) ე.წ „ეკონომიკის მინისტრის“ და ე.წ „ვიცე პრემიერის“ თანამდებობა ეკავა, პროთურქულ კანდიდატად წარმოაჩენს.
თურქეთს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ აფხაზეთში თავისი გავლენის ჯგუფები ჰყავდეს, შეძლებისდაგვარად ამას ცდილობს, მაგრამ, ამ რეგიონში, ამ ეტაპზე, რუსეთთან კონფრონტაციის დიდი სურვილი არ გააჩნია“სანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
ადღურ არძინბა სწავლობდა „ბაშარან კოლეჯში“, რომელიც ფეთულა გულენის „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ ეგიდით, 1995-2010 წლებში, გაგრის რაიონის დაბა განთიადში ფუნქციონირებდა. ამ ბრალდებაზე არძინბამ განაცხადა, რომ „კოლეჯი მიზეზთა გამო არ დაუმთავრებია და თურქული ენაც აღარ ახსოვს“.
ინტერნეტ სივრცეში ასევე გავრცელდა, ადღურ არძინბას სახელზე გაცემული თურქეთის პასპორტი (არძინბა ამტკიცებს რომ ეს ყალბი პასპორტია) და საბანკო გადარიცხვის ქვითარი, სადაც ჩანს, რომ არძინბამ 2023 წელს, სტამბოლში, Darussafaka-ს საქველმოქმედო ფონდს, 1.4 მილიონი თურქული ლირა ანუ დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი შესწირა.
„ეს ძალიან საინტერესო დეტალია. თურქეთს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ აფხაზეთში თავისი გავლენის ჯგუფები ჰყავდეს, შეძლებისდაგვარად ამას ცდილობს, მაგრამ ამ რეგიონში, ამ ეტაპზე, რუსეთთან კონფრონტაციის დიდი სურვილი არ გააჩნია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ.
მისი თქმით, „მეორე მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიის ერთ-ერთმა მთავარმა კოალიციურმა პარტნიორმა - ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ, 2024 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, ღიად გაავრცელა განცხადება და აფხაზურ „ოპოზიციას“ ფაქტობრივად, მხარდაჭერას უცხადებდა.
ის გავლენიანი, ეთნიკურად აფხაზი ფიგურებიც, რომლებიც თურქეთის მმართველი ალიანსის პარტიებში, პოლიტიკური საქმიანობით არაინ დაკავებულნი, ასევე აშკარად ჩანს, რომ „აფხაზურ ოპოზიციას“ უთანაგრძნობენ, მაგრამ ეს რიტორიკა რამდენად გადაიზრდება რეალურ მხარდაჭერაში, ძალიან საეჭვოა. აფხაზების თურქები თავიანთი პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთთან ღია კონფრონტაციას ყოველთვის ერიდებოდნენ და ახლაც ამ მხარდაჭერას თავისი საზღვარი ექნება“ - მიაჩნია სანდრო ბაკურაძეს.
"ის გავლენიანი, ეთნიკურად აფხაზი ფიგურები, რომლებიც თურქეთის მმართველი ალიანსის პარტიებში, პოლიტიკური საქმიანობით არაინ დაკავებულნი, აშკარად ჩანს, რომ „აფხაზურ ოპოზიციას“ თანაუგრძნობენ, მაგრამ ეს რიტორიკა რამდენად გადაიზრდება რეალურ მხარდაჭერაში, ძალიან საეჭვოა"
ეს საზღვარი ამჟამინდელ „არჩევნებზეც“ გამოჩნდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 15 თებერვლის ე.წ „არჩევნები“ ოკუპირებულ აფხაზეთის გარდა, რუსეთსა (მოსკოვი, ჩერკესზკი) და თურქეთშიც (საქარია) უნდა გამართულიყო, თუმცა 13 თებერვალს, მოულოდნელად, „საქარიას უბანი“ გაუქმდა, რამაც ადღურ არძინბას მომხრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აფხაზური წყაროების ცნობით, ბადრი გუნბას უშუალოდ ე.წ „არჩევნების დღეს“, სხვა „კანდიდატების“ იმედიც აქვს. ოლეგ ბარციცი - მოსკოვში აფხაზების სავაჭრო მისიის ყოფილი უფროსი, რობერტ არშბა - ე.წ „კონტროლის პალატის“ ყოფილი უფროსი და ადღურ ხურხუმალი - სოხუმში უკანონოდ მოქმედი, ე.წ "შავი ზღვის განვითარების ბანკის" მმართველი, „საპრეზიდენტო რბოლაში“ მხოლოდ და მხოლოდ ადღურ არძინბასთვის ხმების წასართმევად ჩაებნენ.
ადღურ არძინბას უახლოესმა მოკავშირეებმა, ბათუმში დაბადებულმა ე.წ „სახალხო პარტიის“ ლიდერმა შამილ არძინბამ, კან კვარჭიამ და ბესლან კვიცინიამ კი საკუთარი „კანდიდატურები“ სხვადასხვა მიზეზით „მოხსნეს“.
ასეთი განლაგების მიუხედავად, ექსპერტების აზრით, ადღურ არძინბას შანსები უიმედოდ მაინც არ გამოიყურება. 2020 წელს, მან ერთხელ უკვე მიიღო ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობა და ასლაბ ბჟანიას მხოლოდ „20 ათასი ხმით" "ჩამორჩა“.
მას შემდეგ, რაც საქართველო 1993 წელს რუსეთთან პროქსი ომში დამარცხდა და აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, ეს სეპარატისტულ ანკლავში, რიგით მეცხრე ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებია“. არცერთ ასეთ "არჩევნებს" რუსეთის ოკუპაციის და ქართული მოსახლეობის გამოდევნის გამო, დემოკრატიული სამყარო არ სცნობს.
1994 და 1999 წელს, ე.წ „არჩვენები“ აფხაზური სეპარატიზმის მამამ ვლადისლავ არძინბამ უკონკურენტოდ „მოიგო“. 2004 წელს, მძიმედ ავადმყოფი არძინბას გადადგომის შემდეგ, აფხაზურ კლანებს შორის პირველი დიდი შეტაკება მოხდა.
არძინბას კლანმა 2012 წელს, მოქმედი ე.წ „პრეზიდენტის“ ანქვაბის აფეთქება სცადა, მისი კორტეჟი ყუმბარმტყორცნებიდან დაბომბეს, ანქვაბი გადარჩა, თავდასხმას ორი პირადი მცველი შეეწირა
2004 წელს, სერგო ბაღაფშს ღიად დაუჭირა მხარი, მოსკოვიდან დაბრუნებულმა, ყოფილმა ე.წ „შსს მინისტრმა“ ალექსანდე ანქვაბმა და ბაღაფში-ანქვაბის კლანმა დიდი უპირატესობით იმარჯვა. არძინბას კლანმა ეს გამარჯვება არ აღიარა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
საბოლოოდ, მოსკოვის ჩარევით, არძინბას კლანმა კომპრომისის სახლით, ე.წ „ვიცე-პრეზიდენტის“ თანამდებობა მიიღო, სადაც „არჩევნებში“ დამარცხებული რაულ ჰაჯიმბა „დაინიშნა“. 2005 წელს, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელოვნურად შექმნილი ბაღაფში-ჰაჯიმბას დუეტი, რიგგარეშე „არჩევნებზე“ გავიდა და „გაიმარჯვა“.
2009 წელს, ბაღაფში-ანქვაბის კლანმა არძინბა-ჰაჯინბას კლანს ე.წ "არჩევნები“ ისევ დიდი უპირატესობით მოუგო. 2011 წელს, სერგო ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, რიგგარეშე ე.წ „არჩევნებში“ უკვე თავად ანქვაბმა გაიმარჯვა. არძინბა-ჰაჯინბას კლანს, არც იმან უშველა, რომ ე.წ. „ვიცე პრეზიდენტის“ კანდიდატად ვლადისლავ არძინბას ქვრივმა სვეტა ჯერგენიამ „იყარა კენჭი“.
საპასუხოდ, არძინბას კლანმა 2012 წლის თებერვალში, მოქმედი ე.წ „პრეზიდენტის“ ანქვაბის აფეთქება სცადა, ანქვაბის კორტეჟი ყუმბარმტყორცნებიდან დაიბომბა, თავად ანქვაბი გადარჩა, თავდასხმას ორი პირადი მცველი შეეწირა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
თავდასხმის უკან ვლადისლავ არძინბას „მარჯვენა ხელი“, პირადი დაცვის ყოფილი უფროსი და ყოფილი ე.წ „შსს მინისტრი“ ალმასბეი კჩაჩი იდგა, რომელმაც წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ თავი მოიკლა. თავდასხმის ორგანიზატორად კი „პირველი პრეზიდენტის“ ახლო ნათესავი, პაშა არძინბა დასახელდა. 2005 წლიდან მოყოლებული, ეს ანქვაბზე რიგით მეცხრე თავდასხმა იყო.
2014 წელს, არძინბას კლანმა ე.წ „პრეზიდენტი“ ანქვაბი სოხუმიდან მაინც გააძევა, მაისი-ივნისის არეულობის შემდეგ, „რკინის ალიკმა“ ჯერ, გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო აეროდრომს შეაფარა თავი, მოგვიანებით კი მოსკოვში გაიქცა. ამ ფონზე, აგვისტოს ე.წ „არჩევნები“, არძინბა-ჰაჯიმბას კლანმა უპრობლემოდ „მოიგო“, ჰაჯიმბამ ოცნება აისრულა და ე.წ „პრეზიდენტი“ გახდა.
ჰაჯიმბამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა 2019 წლის ე.წ „არჩევნებშიც“, სადაც მისი მთავარი კონკურენტი, „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია იყო, რომელსაც ისევ სოხუმში დაბრუნებული ალექსანდრე ანქვაბი უჭერდა მხარს. იმის გამო, რომ ჰაჯიმბამ ხმების ნახევარზე მეტის მოგროვება ვერ შეძლო, ამ „არჩევნების შედეგები“ გაუქმდა.
2020 წლის „ე.წ არჩევნებამდე“ კი ჰაჯიმბამ უკვე ვეღარ მიაღწია, იანვარში მისი კაბინეტი, სოხუმში რუსთაველის ქუჩაზე, შტურმით აიღეს და დაარბიეს, ჰაჯიმბა „გადადგა“ მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მხარს ღიად უჭერდა.
2020 წლის ე.წ „არჩევნებში“ ანქვაბი-ბჟანიას კლანმა ისევ რევანში აიღო, ბჟანია - ე.წ „პრეზიდენტი“, ხოლო ანქვაბი - ე.წ „პრემიერ მინისტრი“ გახდა, მათ ე.წ "არჩევნებში", არძინბას კლანის ახალგაზრდა წარმომადგენელი ადღურ არძინბა დაამარცხეს.
2024 წლის ნოემბერში კი არძინბას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა ბჟანია-ანქვაბის კლანი ძალაუფლების გარეშე კიდევ ერთხელ დატოვეს, თუმცა, ვერ გათვალეს, რომ კრემლი ფსონს ისევ, მათ მემკვიდრეზე ე.წ "ვიცე პრეზიდენტ" ბადრი გუნბაზე დადებდა. ამის მიუხედავად, 2025 წლის 15 თებერვალს, არძინბას კლანი ღიად, მორიგი რევანშის დღედ განიხილავს.
კლანურ ომს ოკუპირებულ ანკლავში, არაერთი ცნობილი ფიგურა შეეწირა, მათ შორის, არძინბას კლანიდან: ე.წ „აფხაზების გმირი“ სალიბეი (აკა) არძინბა, იგი 2003 წელს მოსკოვში ჩაცხრილეს; სოხუმის თამბაქოს ქარხნის დირექტორი ლევან არძინბა, იგი იმავე წელს, გუდაუთაში მოკლეს. 2007 წელს, მძიმედ დაჭრეს ბიჭვინთის „ადმინისტრაციის უფროსი“ ბესლან არძინბა, მის მანქანასაც ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს;
2017 წელს, სოხუმთან ახლოს, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ე.წ „თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე“ და „აფხაზურ-თურქული კომპანია - აბტურის“ პრეზიდენტი პაშა არძინბა, რომელიც ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნეოდა; 2021 წელს სოხუმში სნაიპერმა მოკლა, ე.წ „პირველი პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი - ქემალ არძინბა.
2024 წლის დეკემბერში, სოხუმში უკვე არძინბას კლანის წარმომადგენელმა, ე.წ ყოფილმა „სოფლის მეურნეობის მინისტრმა“ და ე.წ ყოფილმა „სოხუმის მერმა“ ადღურ ხარაზიამ, პირდაპირ ე.წ. „აფხაზურ პარლამენტის“ სხდომათა დარბაზში მოკლა, ე.წ „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია და მძიმედ დაჭრა კან კვარჭია. ე.წ "დეპუტატი" ხარაზია ამ დრომდე მიმალვაშია.