ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სონღულაშვილი: ხელისუფლებას დღეს ახალგაზრდობის ხმა არ ესმის


მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი
მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი

"ჩვენ ვდგავართ კართან ევროპულ ცივილიზაციასთან მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი ურთიერთობის დასაწყებად და უზარმაზარი ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, კულტურისათვის, ჩვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის, თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ", - ამბობს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი. თბილელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ევროპაა სწორედ ის ადგილი და ის სისტემა, სადაც არავინ არავის არაფერს ართმევს, მით უფრო იდენტობასა და კულტურას, და ესაა ის სივრცე, სადაც ქართველებს თავისუფლად შეეძლებათ საკუთარი ღირებულებებით ცხოვრება. ის ვაშინგტონში რელიგიური თავისუფლების სამიტს დაესწრო და "ამერიკის ხმას" ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის, ნამდვილი მშვიდობის, სამართლიანობის, ახალგაზრდების მოთხოვნების, რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლების, რუსული ეკლესიის გავლენის და სხვა ბევრი თემის შესახებ ესაუბრა.

- თქვენ ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების სამიტს დაესწარით და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გქონდათ. რა უთხარით ამ სამიტზე და შეხვედრებზე შეკრებილ უცხოელ კოლეგებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ?

- ეს სამიტი, რომელიც ტრადიციულად ვაშინგტონში იმართება, არის მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს და ამავდროულად აქვთ შესაძლებლობა დაელაპარაკონ ვაშინგტონში იმ ადამიანებს, ვინც ყურადღებას აქცევს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხს. აქ არიან ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ რელიგიური თავისუფლების დაცვაში. ამ გამოცდილების გაზიარება, მათთან ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ მსგავსი შეხვედრებიდან ვღებულობთ.

ეს სამიტი ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, 600-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გვქონდა შესაძლებლობა ძალიან ფასეული ურთიერთობისა და აზრების გაცვლისა. რა თქმა უნდა, საქართველო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა და წარმოადგენს რუსული აგრესიის საფრთხის [სამიზნეს], შესაბამისად იყო ყურადღება უკრაინის, საქართველოს, სომხეთის მიმართ და სხვა ქვეყნების მიმართ ამ მხარეში.

- თქვენ რა გამოწვევებზე ისაუბრეთ?

- საკითხები, რომლებზეც ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმ საფიქრალთან, სადარდებელთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ეს სადარდებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველია. როდესაც საზოგადოების ერთი რომელიმე თემი, სეგმენტი კარგავს თავისუფლებას, ეს გავლენას ახდენს ყველაზე. გამონაკლისი არაა საზოგადოების რელიგიური სეგმენტიც, რომლისთვისაც ამ ე.წ. რუსული კანონის არსებობა წარმოადგენს მისი თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს, გარდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა არსებობაც, თავისუფლებაც საფრთხის ქვეშ იმყოფება ამ კანონმდებლობის გამო.

- როგორ უქმნის ის საფრთხეს რელიგიურ თავისუფლებას ქვეყანაში?

მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა მოუწოდონ ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდობიანი, სამართლიანი ცვლილებისთვის ქვეყანაში.

- რელიგიას რამდენიმე განზომილება აქვს. ერთი წმინდა ლიტურგიულ-რიტუალური პასუხისმგებლობაა და მეორე არის პასუხისმგებლობა ადამიანებთან. უამრავი რელიგიური ორგანიზაცია, რელიგიური გაერთიანება საქართველოში დაკავებულია ამ პასუხისმგებლობით, რომელიც გულისხმობს სოციალურ სამსახურს ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ. ადამიანების დასახმარებლად, საჭიროა სახსრების მოზიდვა, მათი განაწილება, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია ამ საქმითაა დაკავებული. სწორედ იმის გამო, რომ რელიგიური ორგანიზაციები ღებულობენ სახსრებს გაჭირვებულების დასახმარებლად, ისინი ვალდებულნი არიან გამოაცხადონ თავი უცხოური გავლენის აგენტებად. რაც სრულებით უსამართლოა, რადგან ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სხვა არავის კეთილდღეობაზე, სხვა არავის ინტერესების გატარებაზე ისინი არ მუშაობენ. შესაბამისად, გარდა სხვა უამრავი სპექტრისა, ეს გავლენას ახდენს რელიგიურ სპექტრზეც.

- მაშინ, როდესაც სწორედ ამ „უცხოური ინტერესების გამტარებლის“ იარლიყს აპროტესტებდნენ განსაკუთრებით მწვავედ ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ სხვები, კონკრეტულად რელიგიური უმცირესობების კონტექსტში დამატებით რა სიმწვავეს სძენს ამ კანონის გავლენა იმ პრობლემას, რომ საზოგადოების ნაწილში ისედაც შეიძლება იყოს ამ გაერთიანებების თუ უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობა, მიუღებლობა, „ჩვენ“ და „სხვად“ დაყოფა და ა.შ. ხომ არ ამძიმებს დამატებითი იარლიყი ამ უარყოფით დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ?

- რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. ამ კონფერენციის ფარგლებშიც, რომელსაც აქ ვესწრებოდი, არაერთხელ ითქვა, რომ რელიგიური თავისუფლება არის ადამიანის უფლებათა უფლება. როცა ადამიანის უფლება იზღუდება, ეს გავლენას ახდენს ასევე ადამიანის უფლებათა უფლების, რელიგიური თავისუფლების არსებობასა და მოქმედებაზე ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც იზღუდება ამა თუ იმ ორგანიზაციების თავისუფლება, იზღუდება რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლებაც. ამას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან რელიგიები, რომლებიც სულითა და გულით, უანგაროდ ემსახურებიან სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების კეთილდღეობას საქართველოში. ასეთები ბევრნი არიან... ესაა კიდევ ერთი დამატებითი იარლიყი, რაც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

- თქვენ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდეთ. თქვით, რომ ქვეყნის მომავალი, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური ორიენტაცია და თავისუფლება, ადამიანის ღირსება, უფლებები და თავისუფლებები იდო სასწორზე და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს შეადარეთ მნიშვნელობით. ამბობდით, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს, გახდეს დიდი ცივილიზებული, განათლებული, კულტურული საზოგადოების წევრი, ევროკავშირის მეშვეობით. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ ასეთი მოწოდების გაკეთება და როგორ ფიქრობთ, გააკეთა უმრავლესობამ ეს არჩევანი?

- მე ვფიქრობ, პირველ რიგში, რომ ყველა რელიგიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ ვემსახურებით ადამიანს, ადამიანის კეთილდღეობას, ადამიანის თანასწორობას და თავისუფლებას. შესაბამისად, არჩევანი რომელსაც ადამიანი აკეთებს პოლიტიკური არჩევნების დროს გავლენას ახდენს მის თავისუფლებაზე და მის არსებობაზე. შესაბამისად, მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა მოუწოდონ ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდობიანი, სამართლიანი ცვლილებისთვის ქვეყანაში.

სამწუხაროდ ხელისუფლებას დღეს ახალგაზრდობის ხმა არ ესმის. ახალგაზრდობა, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, რომელსაც უნდა თავისუფლება თავისი სამშობლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების განვითარება.

როგორი არჩევანი გააკეთა უმრავლესობამ, ამის თქმა ჩემთვის ძალიან ძნელია. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევნების ბედი არის დავისა და კამათის საგანი საქართველოშიც და მის ფარგლებს მიღმაც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ადრე თუ მალე მოუწევს ხელახალი არჩევანის გაკეთება, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამ ორი კომპონენტის გარეშე შეუძლებელია არჩევანი იყოს გამართლებული, და იყოს გამომხატველი იმ ნებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ან ნებისმიერ ქვეყანას აქვს, ნებისმიერი არჩევნების დროს.

- მაშინაც თქვით, რომ ევროპა არის ცივილიზაციის, განათლებისა და კეთილდღეობის მომტანი ქვეყნის მომავლისთვის. არჩევანი, რომელსაც შეუძლია ეს მოიტანოს. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრ საუბრობდნენ ქრისტიანობაზე, ტრადიციებზე, რომ სწორედ ასეთი ღირებულებების დამცველი ევროპის ნაწილად ყოფნა სურთ, და არა ისეთი ევროპის, რომელიც ქართველებს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას მოსთხოვს, ან აიძულებს. ბევრი იყო საუბარი ოჯახის, ქორწინების, სექსუალური ორიენტაციის თუ ეთნიკურ-რელიგიური იდენტობისთვის მათი შეფასებით იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოიტანოს დასავლურმა ინტეგრაციამ. თქვენ როგორ ხედავთ ქრისტიანობასა და ტრადიციებზე წინასაარჩევნო კამპანიისას ამ ჭრილში საუბარს და იმას, რომ თითქოს ევროინტეგრაცია ამ ყველაფერს რაიმე საფრთხეს უქმნის?

- ევროპულ ინტეგრაციას ჩვენ პირადად ვუჭერთ მხარს სწორედ იმის გამო, რომ ეს ჩვენს ხალხს, კულტურას მისცემს შესაძლებლობას, ძალდატანების, რაიმე იდეოლოგიის თავს მოხვევის გარეშე განავითაროს თავისი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს მსოფლიო კულტურის განვითარებაში.

ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, მსგავსი რომ არასდროს გვყოლია. ჩვენს ქვეყანას ამ ახალგაზრდობის მეშვეობით შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. არავინ არავის არაფერს ართმევს ევროპაში. ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ ეს არის სისტემა, გარემო, რომელიც თავს არაფერს გახვევს და არაფერს გართმევს.

ოჯახურ სიწმინდეს რაც შეეხება, აქ, როგორც წესი, ერთადერთ რამეს გულისხმობენ, ოჯახური სიწმინდე ფართო ცნებაა, მისი დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. აქ იგულისხმება ოჯახში სამართლიანი, კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარება. ასე უნდა იყოს აღქმული ოჯახური კეთილდღეობა, ოჯახური სიწმინდე, რომლის მოწინააღმდეგეც, რაღა თქმა უნდა, ევროპული ცივილიზაცია არ არის. არავინ არავის არაფერს ართმევს.

ის აძლევს ნებისმიერ კულტურას, მათ შორის ჩვენს კულტურასაც შესაძლებლობას, რომ განვითარდეს და ეს არის გზა, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია ქართულმა ორიენტაციამ. ხშირად ამბობენ, და ვფიქრობ, უნდა დავეთანხმო, რომ ქრისტიანობის არჩევაც, როგორც რელიგიის ქვეყნისათვის, იყო სწორედ დასავლური, ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფვის ერთ-ერთი პირველი მერცხალი და გამოვლინება. მე-16 საუკუნიდან საგანგებოდ გაძლიერდა ჩვენი სწრაფვა დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობისათვის: მეფე ვახტანგ მე-6, სულხან-საბა, მისი დესპანი დასავლეთ ევროპაში ამ მიზნებს ემსახურებოდნენ.

ამდენი საუკუნის შემდეგ ჩვენ ახლა ვდგავართ ამ კართან, ევროპულ ცივილიზაციასთან მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი ურთიერთობის დასაწყებად. და ეს იქნება უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის, თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ.

ჩვენ ეს აქამდე ვერ შევძელით. ამდენი საუკუნის შემდეგ ჩვენ ახლა ვდგავართ ამ კართან, ევროპულ ცივილიზაციასთან მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი ურთიერთობის დასაწყებად. და ეს იქნება ტრაგედია, უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი კულტურისათვის, ჩვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის, თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ, არ გავხდებით ნაწილი ევროპული ცივილიზაციისა, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა და ფასეულობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არამედ სხვებს გავუზიაროთ და შევძლოთ ჩვენი წვლილის შეტანა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.

- რას უკავშირდება ეს შიში, ან არასწორი გაგება ამ ყველაფრის არსებობის. ცოდნას უკავშირდება, პოლიტიკურ ნებას, პოლიტიკურ ნარატივს, დეზინფორმაციას, რუსულ გავლენას თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ თემებმა ასე აქტიურად წამოიწია წინასაარჩევნო კამპანიაში და ვხედავთ, რომ მოქალაქეები ასახელებენ ამას როგორც მნიშვნელოვან საკითხს?

- აქ, ალბათ, ერთზე მეტი მიზეზი არის. რაღა თქმა უნდა, ცოდნის სიმწირე, ინფორმაციის სიმწირე არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. პროპაგანდა, თავსმოხვეული პროპაგანდა ქვეყანაზე ჩრდილოეთიდან, არის მეორე სერიოზული და ანგარიშგასაწევი ფაქტორი და მესამე, ის, რომ ჩვენივე კულტურის წიაღში ხდება ამისი გამრავლება, გაზიარება და გათავისება, რაც რაღა თქმა უნდა, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.

გზა არის მეტი ცოდნა, მეტი განათლება, მეტი ინფორმაცია და დეზინფორმაციის შეკავება, რომელიც ცდილობს წალეკოს არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, არამედ ჩვენი აზროვნება და ჩვენი ფიქრი.

- როგორ ხედავთ რუსული ეკლესიის, რუსული დეზინფორმაციის როლს ამ ყველაფერში. ძალიან ხშირად ვხედავთ ან რუსეთის მიერ, ან მასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას. რამდენად ძლიერია რუსული ეკლესიის, ან „ერთმორწმუნე მეზობლის“ ცნების გავლენა დღეს იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ხდება?

- როცა ჩვენს სამეზობლოში არის ამხელა, უზარმაზარი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ის არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ქვეყანაზე და არ ცდილობს თავისი სადეზინფორმაციო საშუალებები გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახდინოს ინფილტრაცია - ზნეობრივი და ინტელექტუალური ინფილტრაცია ჩვენს საზოგადოებაში. ამ საქმეში, რაღა თქმა უნდა, დიდია წვლილი მოსკოვის საპატრიარქოსი, რომელიც ძალიან ახლოსაა კრემლთან და ის ერთგვარად, თავს სთავაზობს კრემლს, როგორც იდეოლოგიურ ინსტრუმენტს. და კრემლიც ოსტატურად იყენებს მას როგორც უკრაინაში ომის დროს, თუ ომამდე, ისევე - სამეზობლოში. შესაბამისად, წვლილი რუსული დეზინფორმაციისა, დიდი არის და ამ წვლილში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ეკლესიის გამოყენებაც პოლიტიკური ესტაბლიშმენტის მიერ რუსეთში.

- რაც შეეხება რელიგიური გრძნობებით, დამოკიდებულებით, შიშებით თუ ფობიებით მანიპულირებას - ამას თუ ხედავთ, როგორც რუსული გავლენის შედეგს საქართველოში?

- ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიას აქვს სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ერთი, ადამიანს დაეხმაროს გათავისუფლდეს ეგოცენტრიზმისაგან; მეორე, ადამიანს დაეხმაროს გათავისუფლდეს შიშებისაგან; და მესამე, დაეხმაროს ადამიანს, რომ ჰქონდეს ემპათიის განცდა ჩაგრულის, დამცირებულის, ღატაკის მიმართ.

როდესაც ვამბობთ, რომ პროპაგანდისტული მანქანა რუსეთისა, იქნება ეს რელიგიური თუ არარელიგიური, გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე და იყენებს შიშებს, ეს არის, რაღა თქმა უნდა, სრულიად საწინააღმდეგო იმ რელიგიური პრინციპებისა, რომლისთვისაც რელიგია არსებობს.

არ შეიძლება რომელიმე ეკლესია თავის გავლენას იყენებდეს იმისთვის, რომ დათესოს შიში, სიძულვილი და მტრობა. ესაა ის, რასაც სამწუხაროდ ვხედავთ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან.

ოღონდ უნდა ითქვას, რომ მოსკოვის საპატრიარქო ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია არაა დედამიწის ზურგზე, რომელიც შიშს, მტრობასა და სიძულვილს თესავს. ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. მაგრამ საჭიროა ამ სიძულვილთან დაპირისპირება განათლების, ცოდნის, მსჯელობის მეშვეობით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის.

- შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს პოლიტიკური ნების გარეშე?

მშვიდობა ის არ არის, რომ არ ბომბავენ ქალაქებს, არ აწიოკებენ ოჯახებს.. მშვიდობა არის ის, რომ ადამიანები თავისუფლად ერთად ცხოვრობენ, განსხვავებულობის მიუხედავად. მშვიდობა არის ის, რომ ქვეყანაში არავინ იჩაგრება იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა განთლება მიიღოს; რომ ჯანმრთელობას მიხედოს;

- მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ნებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა საკითხების სწრაფი მოგვარების მიზნით. თუ ჩვენ გვინდა, რომ საკითხები სწრაფად მოგვარდეს, ეს პოლიტიკური ნების გარეშე ვერ მოგვარდება. მაგრამ პოლიტიკური ნების არქონის შემთხვევაშიც კი, სამართალი ყოველთვის პურსა ჭამს, სიმართლე ყოველთვის გამოჩნდება. ქართულ გადმოცემაში არის, რომ სამართალი ურმით მოდის, რაც ნიშნავს, რომ გვიან მოდის. ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი მალე დადგეს, უნდა იყოს პოლიტიკური ნება. მაგრამ სამართალი აუცილებლად მოვა, აუცილებლად ჭამს პურს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პოლიტიკური ნება.

- რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - ბოლო დროს არაერთხელ გამოყენებული ტერმინია. ჩვენ ბოლო წლებში არაერთი ინციდენტის მოწმენი გავხდით, არაერთი ძალადობრივი აქტის, მათ შორის ქრისტიანობის დაცვის მოტივით, მოქალაქეების, ზოგჯერ სასულიერო პირების მონაწილეობით, ტრადიციის დაცვის მოტივით, სექსუალური უმცირესობის და მათი უფლებადამცველების მიმართ, მუსლიმი თემის მიმართ. ბევრი შეფასებით, ამ ძალადობრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა, სასჯელი ან ძალიან მცირე იყო, ან საერთოდ არ დგებოდა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა იმაზე, სადაც დღეს ვართ იმან, თუ როგორი იყო წლების განმავლობაში ხელისუფლების რეაგირება და პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირთა მიმართ, ვინც რელიგიური მოტივით ხსნიდა ამა თუ იმ ძალადობრივ ქმედებას თუ დანაშაულებს?

- უზარმაზარი. როდესაც არ არის რეაგირება ძალადობაზე, ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა ინსპირირებული და განხორციელებული, და ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული, აქეზებს სწორედ ამ განცდებს, დაუსჯელობის განცდას და მეორე მხრივ, აქეზებს სწორედ სიძულვილისა და მტრობის მანქანის გაძლიერებას, ხელს უწყობს ამ საქმეში.

თუ ვლაპარაკობთ ქართულ ღირებულებებზე, ერთ-ერთი ღირებულება, რომლითაც ჩვენ თავი მოგვაქვს, ეს არის შემწყნარებლობა. არა მარტო შემწყნარებლობა, არამედ მეგობრობა, მიმღებლობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ქართული კულტურისათვის. ამის საუკეთესო ნიმუშია თბილისური კულტურა, მრავალფეროვანი, მრავალრელიგიური, რომელიც ერთად იჭედებოდა სხვა დანარჩენ კულტურებთან ურთიერთობაში.

ჩვენ გვჭირდება ამ ღირებულებების აღდგენა. ჩვენ უნდა შევძლოთ ნებისმიერი სახის მრავალფეროვნებაში, იქნება ეს რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური, დავინახოთ მშვენიერება და შესაძლებლობა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ლაღი, თავისუფალი, შემწყნარებელი განსხვავებულობის მიმართ, რაც კი არ აკნინებს და აღარიბებს კულტურას და საზოგადოებას, არამედ ამდიდრებს.

ჩვენ უნდა შევძლოთ და დავინახოთ, რომ განსხვავებულობაში არის ფასეულობა და სიმდიდრე, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურისთვის.

- ცოტა ხნის წინ ახსენეთ სამართლიანობა და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ ნამდვილი მშვიდობა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ საუბარს, დიალოგს და ასევე სამართლიანობასაც - რას მოაქვს, ეს ნამდვილი სამართლიანობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია რომ ასეთივე ნამდვილი მშვიდობა გვქონდეს?

- თუ მაგალითად არის მცდელობა, რომ სამართლიანობაზე დავხუჭოთ თვალი, ეს შესაძლებელია, რომ ადამიანმა და საზოგადოებამ დახუჭოს თვალი სამართლიანობაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს თავს მაინც აუცილებლად იჩენს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი მშვიდობა, ეს გულისხმობს სწორედ იმას, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი ჩრდილოვანი მხარე ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა, რომელზეც ჩვენ არ შეგვეძლება თავისუფალი საუბარი. იყოს მტკივნეული საუბარი, მაგრამ საუბარი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ნამდვილი მშვიდობის მიღწევა.

მშვიდობაში რა იგულისხმება: მშვიდობა ის არ არის, რომ არ ბომბავენ ქალაქებს, არ აწიოკებენ ოჯახებს, სოფლებსა და დასახლებებს. მშვიდობა არის ის, რომ ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, ერთად ცხოვრობენ განსხვავებულობის მიუხედავად. მშვიდობა არის ის, რომ ქვეყანაში არავინ არ იჩაგრება იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა განთლება მიიღოს; არ აქვს შესაბამისი შესაძლებლობა, სახსრები რომ ჯანმრთელობას მიხედოს; არ აქვს შესაძლებლობა, რომ იმოგზაუროს, ისწავლოს.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას, ადამიანისთვის ფიზიკური, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენებას, მის დატყვევებას უსამართლოდ, წამებას, აქ, რა თქმა უნდა, მთავრდება მოკრძალებულობის ზღვარი, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ხმა უნდა ამოიღოს და მხარი დაუჭიროს იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც უსამართლოდ არიან დამცირებულნი, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი.

ამ ყველაფრის არარსებობა აკნინებს მშვიდობას. ნამდვილი მშვიდობა გვექნება სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი იქნება ღირსეულად დაფასებული ყველას მიერ. და თითოეული ადამიანის სიცოცხლე, დაწყებული ქვეყნის მეთაურიდან, დასრულებული ნებისმიერი მოქალაქეთი, იქნება დაფასებული იმის გამო, რომ ის არის ადამიანი. გვჭირდება სწორედ ასეთი საზოგადოების შექმნა და ეს არის სწორედ ნამდვილი მშვიდობის გარანტია.

- ბოლოდროინდელი პროცესებისას განსაკუთრებით მკაფიოდ ვხედავთ ერთგვარ მოლოდინს, დაკვეთას, მოთხოვნას, სურვილს, რომ მოქალაქეებმა მოისმინონ სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის წარმომადგენლების, დიდწილად ცხადია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ მოვლენის შეფასება, რეაგირება, პოზიცია. მე არ გეკითხებით, როგორი უნდა იყოს კონკრეტული ეკლესიის როლი, ან პოზიცია, თუმცა რამდენად გამართლებულია საზოგადოების ეს მოლოდინი და სად გადის ზღვარი იმაში, რომ ეკლესიამ შეასრულოს გარკვეული როლი საზოგადოების ცხოვრებაშიც და ამასთან არ ჩაერიოს პროცესში, ან არ ისარგებლოს მოქალაქეთა რელიგიური გრძნობებით?

- ეკლესიის როლი, რელიგიის როლი და ადგილი არის იქ, სადაც არის ადამიანი. ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში ლაპარაკი აღარ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაზე, ან არმხარდაჭერაზე. ეს რელიგიას არ ევალება. რელიგია არ უნდა ერეოდეს პარტიული პოლიტიკის მხარდაჭერაში, ან პირდაპირ ან ირიბად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას, ადამიანისთვის ფიზიკური, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენებას, მის დატყვევებას უსამართლოდ, წამებას, აქ, რა თქმა უნდა, მთავრდება მოკრძალებულობის ზღვარი, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელმა ხმა უნდა ამოიღოს და მხარი დაუჭიროს იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც უსამართლოდ არიან დამცირებულნი, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ამაზე მნიშვნელოვანი მისია არც ერთ რელიგიას არ აქვს, რომ იდგეს სამართლიანობის და ადამიანის კეთილდღეობის მხარეზე.

- რამდენად რთულია ამ ბალანსის დაცვა, რომ ეს არ გამოვიდეს პარტიული პოლიტიკის მხარდაჭერა?

- მე ასე მგონია, რომ ადამიანისთვის, ვინც რელიგიურია, სასულიერო პირია, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის მასზე, რას მიაწერენ, რა იარლიყს ჩამოკიდებენ. მისთვის მთავარი უნდა იყოს, იდგეს იმ ადამიანთან, ვინც დაჩაგრულია, გარიყულია, დამცირებულია უსამართლოდ. ესაა მისი უმთავრესი მოვალეობა.

- თქვენ ბევრ საუბრობთ ქართულ ახალგაზრდობაზე. დეკემბრის დასაწყისში სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის ქუჩებში გამოხატეთ პროტესტი და თქვით, რომ იმ ახალგაზრდებისა და ბავშვების მიმართ გამოხატავდით სოლიდარობას, ვინც აწამეს, ვისაც სცემეს, რადგან ეს თქვენი აზრით, ყველას სირცხვილია, ეს ადამიანები კი ქვეყნის მომავალია და მათთან გაფრთხილება მართებს სახელმწიფოს. რას ითხოვენ დღეს ახალგაზრდები საქართველოში და რას გვეუბნება ამ მოთხოვნაზე მმართველი გუნდის პასუხი?

- მე ვფიქრობ, რომ მისხალითაც კი არ ვაჭარბებ, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული ახალგაზრდობა, რომელიც შესანიშნავადაა განათლებული, დაჯილდოებულია მეტყველების შესანიშნავი ნიჭით, აზროვნების ნიჭით, ცოდნა აქვს შესაბამისი, და მათ წინაშე არის უზარმაზარი შესაძლებლობები იმ პოტენციის გამო, რომელიც მათ აქვთ.

სამწუხაროდ ხელისუფლებას დღეს ახალგაზრდობის ხმა არ ესმის. არადა, ამაზე უკეთესი ჩვენ არაფერი არ გვაქვს, არასდროს არ გვქონია, არასდროს არ გვექნება. ახალგაზრდობა, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, რომელსაც უნდა თავისუფლება თავისი სამშობლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების განვითარება, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაფასებული, მშვიდობიანი საზოგადოება, სადაც ყველას ექნება თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ეს უნდათ ახალგაზრდებს. ესაა, რაც მე მესმის და რის გამოც მე უზარმაზარი პატივისცემა, მოწიწება მაქვს ჩვენი ახალგაზრდობის მიმართ. რაც ჰომოსაპიენსი არსებობს, ასეთი ახალგაზრდობა და თაობა ჩვენ არ გვყოლია.

ამიტომ ჩემი მოწოდება ყოველთვის იყო და დღესაც არის ჩვენი ხელისუფლებისთვის, ძველგაზრდებისთვისაც და ყველასთვის, რომ გავუფრთხილდეთ ამ ახალგაზრდობას, ყური დავუგდოთ მათ ტკივილს, მათ სურვილს. რადგან ესაა ჩვენი ქვეყნის არა მარტო მომავალი, აწმყოც ესაა, მომავალიც ესაა და ასევე პასუხისმგებლობა ჩვენს წარსულთან.

- თქვენ ინტერვიუ იმაზე საუბრით დაიწყეთ, რომ ცალკეული ჯგუფების ჩაგვრა, თუ მათთვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებლად ისახება სხვებზეც. მაგრამ რა არის უთანასწორობის ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე რელიგიურ უმცირესობებს აწუხებთ ქვეყანაში?

- მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ დაძლეული იყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოვლინება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მე რელიგიურ უმცირესობებს ვახსენებ იმის გამო, რომ ამაზე ვსაუბრობთ ახლა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაცია აღმოიფხვრას ყველა ადამიანის მიმართ, ვინც საზოგადოებაში არის გარიყული და დამცირებული.

რელიგიის თავისუფლება არის საფუძველი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის. ამის გარეშე არ არის თავისუფლება და, შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ეკონომიკური განვითარებაც კი არ არსებობს რელიგიური თავისუფლების გარეშე. ყველაფერი, ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი.

ამიტომ რელიგიური უმცირესობების წიაღში მათ მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავისუფლად იგრძნოს თავი ამ ქვეყანაში, საქართველოში. და იცოდეს, რომ მას აქვს არა მარტო მოვალეობები, არამედ აქვს უფლებები, რომელთაც ის გამოიყენებს თავისი საზოგადოების, თემის, ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგის აღმშენებლობისათვის, განათლებისთვის თუ კულტურული წინსვლისთვის. ეს საშუალებები უსათუოდ უნდა მიეცეთ მათ და ამის გარეშე ძალიან ძნელი იქნება, რომ ჩვენ შევძლოთ მშვიდობიან საზოგადოებაში ვიცხოვროთ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ამ პროტესტის დღეებში ვიხილეთ უპრეცედენტო ერთიანობა საზოგადოებისა, მსგავსი რომ არასდროს ყოფილა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს არამარტო ერთი კონკრეტული პერიოდის დროს, არამედ ყოველთვის, რომ ეს იყოს ქვეყანა, სადაც ყველა ერთად დგას, საერთო კეთილდღეობისათვის, საერთო მშვიდობისათვის და საერთო მომავლის სადარაჯოზეც.

- თუმცა ერთიანობასთან ერთად, ვნახეთ დიდი, რადიკალური გაყოფაც და დაპირისპირებაც...

- მოსაზრებების განსხვავებულობა პრობლემა არაა. დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, რომ მოსაზრებები იყოს განსხვავებული. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ იმ კულტურის განვითარება, სადაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გამართვას რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან, რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ ჯგუფებთან...

- თქვენ რამდენიმე კვირის წინ წერილი გამოაქვეყნეთ, სადაც ჯიმი კარტერს და საქართველოსთან დაკავშირებულ ეპოზოდს იხსენებდით, როდესაც პრეზიდენტმა კარტერმა წუხილი გამოთქვა საქართველოში მომხდარი რელიგიური ძალადობის გამო და მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტს, აელაგმა ეს ძალადობა. გვიამბეთ, რა იცით ამ წერილზე და იმაზე, თუ რა წვლილი ჰქონდა შეერთებულ შტატებს წლების განმავლობაში რელიგიური თავისუფლების განვითარებაში, შემწყნარებლობის წახალისებაში?

- შეიძლება თამამად ითქვას, რომ შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, 1990-იანი წლების დამდეგს, ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, თავისუფლების განვითარებას და ამ თავისუფლების წიაღში ყოველთვის იგულისხმებოდა და დღესაც იგულისხმება რელიგიური თავისუფლება....

ის კონკრეტული ინციდენტი კი, რომელიც ახსენეთ, დაკავშირებულია იმ რელიგიურ ძალადობასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების ბოლოს, 2000-იანი წლების დამდეგს, როდესაც ეს ძალადობა თვალშისაცემი იყო, ფიზიკური იყო, მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ამ ძალადობის მიღმა იდგა თავად ხელისუფლება და სწორედ ამ დინამიკის გამო ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა რელიგიური თავისუფლებისადმი.რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, იყო ჯიმი კარტერის მოწადინება, რომ წერილი მოეწერა პრეზიდენტ შევარდნაძისათვის, რომელთანაც მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა.

იმ წერილში, რომელსაც ალბათ ოდესმე გამოვაქვეყნებ, ისიც ნახსენებია, შევარდნაძის შვილიშვილს როგორ პატრონობდნენ პრეზიდენტი და მისი მეუღლე მისი ამერიკაში სწავლის დროს. ეს ჩანს ამ წერილიდან. ამავე წერილში კარტერი სთხოვს შევარდნაძეს, რომ დადგეს რელიგიური თავისუფლების სადარაჯოზე და ალაგმოს რელიგიური ძალადობა რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ამ წერილმა შედეგი გამოიღო, შეიძლება ითქვას.

2003 წლის 14 მარტს, შევარდნაძე მოვიდა მშვიდობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ჩვენი ძირითადი სამლოცველოა თბილისში. სხვადასხვა ეკუმენური პარტნიორების თანდასწრებით - სომხური სამოციქულო ეკლესიიდან, რომის კათოლიკური ეკლესიიდან, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიიდან, ასევე დიპლომატების სრული კორპუსის თანდასწრებით, შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის პირობას დებდა, რომ მსგავსი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, არ განმეორდებოდა, ამას უსათუოდ ბოლოს მოუღებდა და მართლაც, 14 მარტის შემდეგ მსგავსი სახის რელიგიურ ძალადობას, როგორსაც ადგილი ჰქონდა მანამდე, აღარ ჰქონია ადგილი საქართველოში.

მე მინდა, რომ ჩვენს ხალხს ვუსურვო გამძლეობა, მხნეობა, რწმენა იმისა, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს, მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდობას ნამდვილად ექნება შესაძლებლობა რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა.

XS
SM
MD
LG