საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე და რეგიონის მომავალზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ნაბიჯები არაა საკმარისი საქართველოში განვითარებული პროცესების საპასუხოდ.
"ჩვენ გვყავს მარიონეტილი მთავრობა, რომელმაც ისევ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იგი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომ დააშოროს საქართველო ევროპულ გზას და დააბრუნოს იგი რუსულ ორბიტაზე. ეს ძალიან საშიშია, რადგან თუკი ეს მოხდება საქართველოში, და მე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამ დრომდე, ეს შეიძლება სადმე სხვაგანაც გამოიცადოს. საქართველო არ არის მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს შავი ზღვის საკითხიცაა - ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას?", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში, კარნეგის ევროპის ცენტრის, უფროს მკვლევარ ტომ დე ვაალთან დისკუსიისას, მან ასევე ისაუბრა მის როლზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში.
“ჩემი როლია, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო კონსოლიდირება ვცადო, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, რადგან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნის პროცესშია”, - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა დასძინა, რომ პროტესტს ერთი ორგანიზატორი არ ყავს და თავადაც არა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი, არამედ მისი მხარდამჭერია.
"ეს არაა რევოლუცია და ჩვენ გვყავს ძალიან შეგნებული მოსახლეობა, ძალიან მშვიდობიანი და მან საკმაოდ კარგად იცის, რომ ვართ იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც არ გვაძლევს რევოლუციური გზით სიარულის საშუალებას. თქვენი კითხვაა, როგორ დავამარცხოთ დიქტატურა იმიტომ, რომ ამჟამად სუსტი დიქტატურაა, წინააღმდეგობით უნდა გავაკეთოთ ეს", - თქვა მან.
თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციები უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. დემონსტრანტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ.