პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა. სხვა ცვლილებებთან ერთად, 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, თვლიან, რომ გამკაცრებული კანონები ხელისუფლებიდან რეპრესიებზე და დემონტსრანტების სამიზნეში ამოღებაზე საუბრობს.
"ამერიკის ხმა" გავლენიანი ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაითს ვოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილეს, რეიჩელ დენბერს ესაუბრა. დენბერი თვლის, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისს ქმნის და ავტორატიისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს დგამს.
რეიჩელ, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ გაამკაცროს ნებისმიერი კანონი, რომელიც რაიმე ფორმით ქუჩაში მყოფ დემონსტრატენტებს შეიძლება შეეხოს. მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაკავების ვადა 15-იდან 60 დღემდე გაზარდეს. შედარებისთვის, ბელარუსში ადმინისტრაციული დაკავების დრო 15 დღეა, რუსეთში კი15-30-მდე ადმინისტრაციული დანაშაულის ხასიათის მიხედვით. ეს რიცხვები და შედარება რას გეუბნებათ?
პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ "ჰიუმან რაითს ვოჩს" მოგვმართეთ, ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას: რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიჰყვებიან. "ჰიუმან რაითს ვოჩი" ცდილობს ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით, ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევაფასოთ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა, ამის მიუხედავად, რიცხვები, რა თქმა უნდა, ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ საქართველო ბელარუსს, ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა.
მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო [90 დღე] შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია.
ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" ამ დღეებს 60-მდე ზრდის. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს.
თუმცა, ეს არაა ერთადერთი ცვლილება. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის დარღვევად გადაკვალიფიცირდება, საჯარო პოლიტიკური მოხელეეების სიტყვიერი შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, დახურულ შენობებში პროტესტის სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალული იქნება და ა.შ როგორ ფიქრობთ, რატომ ამკაცრებს საქართველოს მთავრობა კანონებს და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც შიშობს, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ გამოიყენებს?
ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის ცვლილებაც, რომელიც აქამდე უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად განურჩეველი, თვითნებურია. ვგულისხმობ იმას, რომ, თუ არ ვცდები, ცვლილების მიხედვით, ე.წ პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად.
რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას? როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ე.წ "უცხოური გავლენის" კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კრიტიკულები არიან მთავრობისადმი, არსებული კანონების ალტერნატივებზე მუშაობენ და საქართველოს მოსახლეობას უამრავ სერვისს აწვდიან. ასე რომ, ვფიქრობ ხელისუფლებას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ჰქონოდა.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნების წინააღმდეგ წასვლაა. ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმერი გასნხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორ ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ.
როგორც თქვენ თქვით, ყველაფერი ე.წ "უცხოეთის აგენტების კანონიდან" დაიწყო. საქართველოში, დემონსტრაციები, სხვადასხვა პერიოდულობით, გასული წლის აპრილიდან ტარდება. ვნახეთ პოლიციის სხვადასხვაგვარი მიდგომაც დემონსტრანტებისადმი. თუ თავიდან ისინი წყლის ჭავლს, სავარუდოდ რეზინის ტყვიებს და ფიზიკურ ძალას მიმართავდნენ, ახლა ისინი დემონტრანტების სახლებში შედიან, ჩხრეკენ, აკავებენ მათ, სცემენ და სხვადასხვა ინფორმაციით, დაკავების შემდეგაც ძალადობენ და აშინებენ მათ. როგორ აფასებს თქვენი ორგანიზაცია იმას, თუ როგორ უმკლავდება პოლიცია ასეთ სიტუაციებს?
ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები.
ამის დოკუმენტირება [2024 წლის] ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც პროტესტები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. [საქართველოს] პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ.
გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი, სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება.
გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა ხალხის დასაშინებლად: დაკითხვა, მათი სახლების რეიდები, მათთთვის იმის თქმა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაიწყებენ, ან სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაბარება და ა.შ.
ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რაც მათ მანამდე ერთგვარი გაშავების კამპანია ჩაატარეს გასულ გაზაფხულზე და ახლანდელი სიტუაციისთვის ნიადაგი შეამზადეს. გახსოვთ, რომ ამ კამპანიის დროს თბილისის მასშტაბით მათ პოსტერებზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, თუ პოლიტიკური აქტივისტების ფოტოები გააკრეს და მათ ჩირქი მოსცხეს მოღალატეების, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები ეძახეს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო.
ასე რომ სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა- ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწავავებისკენ, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს.
თქვენ ნაწილობრივ ისაუბრეთ დაკავებულებზე- განიხილავს თუ არა თქვენი ორგანიზაცია მათ პოლიტიკურ პატიმრებად? ბევრს სჯერა, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, რადგან ისინი დაპატიმრებული პროტესტზე ყოფნის გამო ჰყავთ...
ყველა საქმეს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვცდილობთ, რომ იმდენი საქმე განვიხილოთ, რამდენიც ფიზიკურად შესაძლებელია, რადგან ახლა ასეთი უამრავი საქმეა. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის [საქმეს აღძრავს] თუადმინისტრაციულ ბრალდებას თვითნებურად, პოლიტიკური მიზეზების გამო წაუყენებს, მაშინ, დიახ, ჩვენ მივიჩნევთ მათ ადამიანებად, ვინც პოლიტიკური მიზნით იდევნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაგარემოება და საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ.
რადგან პატიმრებზე ვსაუბრობთ- ახლა დაკავებულია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც12 იანვრიდან შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლეგები, საზოგადოება ითხოვს მისშესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ძალიან ცოტა რამ ვიცით მისი ჯანმრთელობისმდგომარეობის შესახებ. მთავრობისგან კი გვესმის განცხადებები, რომ ის დამნაშავეა, რომ მანბოდიში უნდა მოიხადოს, რომ უბრალოდ ჭამა უნდა დაიწყოს და ყველაფერი მოგვარდება... რისი თქმა შეგიძლიათ მზიას საქმეზე?
ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამისვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა. მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველასამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასაჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.
შედარებისთვის- არსებობს სხვა ჟურნალისტების საქმეები, რომლებიც სცემეს, ეს პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მაგრამ დღემდე არ ვიცით ვინ არიან მათზე თავდამსხმელები, გამოძიება არ დასრულებულა. მეორეს მხრივ კი არის მზიას საქმე, როდესაც პოლიციელისთვის სახეში გარტყმის გამო მას ისე ექცევიან, როგორც ვხედავთ. ამ ორის შედარებაზე რას იტყვით?
ნამდვილად, ეს მათი [ხელისუფლების] შეშფოთების მიზეზების სრულ უთანასწორობაზე და რესურსების სრულიად არასწორად გამოყენებაზე საუბრობს.
მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით, სრულიად არაფერს აკეთებენ.
მზია არ არის ერთადერთი, ვინც პროტესტის ნიშნად შიმშიმლობს. ადამიანები საპყრობილეში და მის გარეთ შიმშილობენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს, ან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ან ნებისმიერ სხვას მთავრობიდან მათდამი ინტერესი არ გამოუხატავს. ძალიან ცოტა ვიცით ციხის შიგნით მოშიმშილეებზე. რას იტყვით იმაზე, როგორ ეპყრობა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს, ვინც ამ ფორმის პროტესტს მიმართავს?
რა თქმა უნდა, შიმშილობა და ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა კონკრეტული ადამიანების უფლებაა, თუ თვლიან, რომ ამ ფორმით უნდა გამოხატონ თავიანთი ბრაზი ეს მათი ნებაა და მთავრობამ ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მთავრობამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ მათ არ სურთ იმ ადამიანების მოსმენა, ვინც [არსებულ მდგომარეობას] აპროტესტებს. ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ის, თუ რა გზით სურს ქვეყნის წაყვანა. ისინი რეალობას ამახინჯებენ და საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის იმედებს აცრუებენ და ამახინჯებენ, ვისაც ევროპული მომავალი სურს.
ნაწილობრივ თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ- თქვენი ორგანიზაციის "მსოფლიო ანგარიში 2025" საქართველოს შესახებ ასე იწყება: "საქართველომ, 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა უკან ადამიანის უფლებების მიმართულებით". რამდენად დიდია ეს ნაბიჯი უკან და რისი გაკეთება შეიძლება ახლა?
საკმაოდ ფუნდამენტურ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ. "უცხოური აგენტების" თუ "უცხოური გავლენის" კანონი ძალიან დიდი უკანდახევა იყო. ეს არის სრულიად ახალი აზროვნების შემოტანა. ამ კანონს ძალიან სპეციფიკური და მრავალმხრივი გავლენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე.
ეს ასევე იყო ესკალაციის დაწყების წერტილი. "უცხოეთის აგენტების კანონიდან" მოვედით იქამდე, სადაც ახლა ვართ. ეს იყო სხვა მოვლენების დაწყების წინაპირობა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც აქამდე [საქართველოს მთავრობაში] მიიღეს, სპონტანური იყო. როგორც ვთქვით, შედარებები არ მიყვარს, მაგრამა სხვა ავტოკრატიებში ასე ხდება, რაღაც იწყებს და შემდეგ იწვევს სხვა მსგავს მოვლენებს.
"უცხოეთის აგენტების კანონიდან" მალევე მიიღეს ე.წ "ანტი-ლგბტ" კანონი, რომელიც კრძალავს და დისკრიმინაციას უწევს ლგბტ თემის წევრებს, ზოგიერთ ე.წ ლგბტ პროპაგანდას. ესეც ავტოკრატიული სახელმძღვანელოდაა- ლგბტ თემის მიმართ არსებული სენტიმენტების ოპოზიციის წინააღმდეგ დემონიზებისთვის.