"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ამერიკაში USAID-ისა და სხვა მსგავსი პროგრამების მავნებლობაზე, ამერიკის ხელისუფლებაში საუბრობენ, საქართველოში ამერიკის საელჩოს საპასუხო განცხადება მოჰყვა.
"ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული", - ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დღეს, ამერიკის ლიდერები, პირველი პირი ტრამპი საუბრობს იმ დიდი ბოროტებაზე, რომელიც USAID-ისა და NED-ის მხრიდან მოდიოდა. დღეს ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება", - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ეს არგუმენტი "ქართული ოცნების" მიერ ე.წ "აგენტების კანონის" მიღების გასასამართლებლად გამოიყენა და თქვა:
"როდესაც ჩვენ პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან, მაშინ, როგორც გარედან, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ყველას ახსოვს, პირველ წელს ვერც კი შევძელით ამის გატანა. ეს არის ფაქტი. ამაზე არგუმენტი იყო, მეგობრები რომ გეხმარებიან, როგორ კადრულობთ ამას, ამიტომ არის რუსული მიდგომაო".
მდინარაძემ თავის განცხადებაში ე.წ "დიფ სთეითზეც" ისაუბრა, ტერმინი, რომელსაც მმართველი პარტია დასავლეთთან მიმართებით იყენებს, თუმცა არ განმარტავს რას ნიშნავს "დიფ სთეითი", ან კონკრეტულად ვინ შედის მასში. მდინარაძის თქმით, "დიფ სთეითის" გავლენა საქართველოზე ჯერ არ შესუსტებულა.
„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საუბედუროდ, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით, „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების. განცხადებების დონეზე, კი ბატონო, მაგრამ „დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები არ ჩანს, რადგან კვლავ არის აქტიური მცდელობა, ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში, რათა ვიღაცამ იქით დაამუნათოს საკუთარი ხალხის ხელისუფლება, ქართველი ხალხი თუ ა.შ. თუ როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო. ამის აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ თავისი სრული სიძლიერით კვლავ ახორციელებს მართვას საკუთარი აგენტურისა საქართველოში, მათ უკან ნაბიჯი არ გადაუდგამთ, კვლავ იმავე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია“, –თქვა მამუკა მდინარაძემ.