დღეს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს მიმართავს და თავისი პრეზიდენტობის პირველ კვირებს შეაჯამებს. არასაინაუგურაციო წლებში ასეთი მიმართვა, ერისადმი მიმართვის სახელით არის ცნობილი.
4 მარტის მიმართვა პრეზიდენტ ტრამპს მისცემს საჯარო ტრიბუნას, რათა მან ყურადღება შეერთებული შტატების საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ აქცენტებზე გაამახვილოს. მოელიან, რომ ის ეკონომიკაზე და საიმიგრაციო პოლიტიკაზე საკუთარ ხედვას წარმოადგენს. ტრამპს ასევე საშუალება ექნება დაიცვას ბოლო დროს მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები ფედერალური მთავრობის პერსონალის შეკვეცის, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
თუმცა, პრეზიდენტისთვის ამჯერად ყველაზე დიდი გამოწვევა 2025 წლის დარჩენილი ბიუჯეტის დამტკიცებაა. ტრამპმა სენატში და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმრავლესობა უნდა გააერთიანოს, რათა კანონმდებლები მთავრობის დაფინანასების საკითხებზე შეჯერდნენ, რისთვისაც ბოლო ვადა 14 მარტს ამოიწურება. წიანააღმდეგ შემთხვევაში, ფედერალურ მთავრობას სახარჯოდ თანხები გამოელევა და დახურვა ელის.
რესპუბლიკელებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რამდენიმე საკვანძო საკითხზე, მათ შორის ისეთი პოპულარული სოციალური პროგრამების შეკვეცაზე, როგორიცაა „მედიქეიდი“, რომელიც დაბალშემოსავლიანი პირებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს; ასევე უთანხმოებაა სახელმწიფო ვალის გადახდაზე და 2017 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მიღებულ გადასახადების შემცირების გაგრძელებაზე.
ტრამპმა თანაპარტიელებს და დემოკრატებს მოუწოდა მიიღონ „ერთი დიდი, მშვენიერი კანონპროექტი", რათა მის მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკის მიზნები დაფინანსდეს.
კონგრესში დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ ბიუჯეტს და ამბობენ, რომ ის მხოლოდ მდიდარი ფენისთვისაა ხელსაყრელი. „არ შეცდეთ, ის გაძარცვავს ხანდაზმულებს ბავშვებს და შმმ პირებს, რათა მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ“, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა გასულ კვირაში.
ტრამპი სავარაუდოდ ასევე ისაუბრებს იმ სავაჭრო ტარიფების მიზეზების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს უწესებს. მან დაადასტურა, რომ კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი სავაჭრო ტარიფები ძალაში დღეს შედის.
ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის პირველი კვირები ასევე აღინიშნა რეკორდული რაოდენობის აღმასრულებელი განკარგულებებით. მათი საგულისხმო ნაწილი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთერთ წამყვან საკითხს, საიმიგრაციო რეფორმას ეხებოდა. მოსალოდნელია, რომ თავის მიმართვაში პრეზიდენტი აქცენტს მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოებაზე გააკეთებს.
შესაძლოა ის ასევე შეეხოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, სახელად "დოჯი" (DOGE) საკითხსაც, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის კონგრესისადმი მიმართვაში ყურადღება ტრადიციულად საშინაო საქმეებზე მახვილდება, ვაშინგტონში მოელიან, რომ ის სავარაუდოდ მიმართვაში საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მწვავე საკითხსაც გააჟღერებს. კერძოდ, ტრამპი ალბათ ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი აღდგენის თაობაზე.
ტრამპის მიმართვაზე დემოკრატების პასუხს შეერთებული შტატების სენატორი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსი - ელისა სლოტკინი წარმოადგენს.