ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გამოსწორების იმედი აქვს


ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ლონდონი, ბრიტანეთი. 2 მარტი, 2025 წ.
ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ლონდონი, ბრიტანეთი. 2 მარტი, 2025 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 2 მარტს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა შეერთებულ შტატებთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ზელენსკი ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ბრიტანეთში ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ზელენსკი ჟურნალისტებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები ასევე მზად იქნება წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელი მოაწეროს, მაგრამ შესაძლოა „დრო დასჭირდეს ზოგიერთი რამის გასაანალიზებლად“.

მხარეები უკრაინულ მინერალებთან დაკავშირებულ ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებაზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკება ცხარე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის დედაქალაქი დატოვა და ლონდონში გაფრინდა. შეერთებულ შტატებში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია აღარ გამართულა და მისი ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამერიკის დახმარების გაგრძელების იმედს არ კარგავს. „ვფიქრობ, ამგვარი დახმარების შეწყვეტა მხოლოდ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინს დაეხმარება“. ”და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ შეერთებული შტატები და ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლები - ამ მსოფლიოს ლიდერები, პუტინს ნამდვილად არ დაეხმარებიან”.

”პუტინზე ნერვიულობაზე ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ და მეტად ვიფიქროთ ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსულებზე, რათა ევროპასავით არ დავრჩეთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ქვეყნების თავდაცვაზე გაწეული ძალისხმევა. მისი განცხადების მიხედვით, ეს არამარტო უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, არამედ მთელი კონტინენტის სტაბილურობის მისაღწევადაა საჭირო.

„დიდი ბრიტანეთი, ისევე, როგორც საფრანგეთი და შესაძლოა, ერთი-ორი სხვა მხარე, უკრაინასთან ერთად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე ვიმუშავებთ და შემდეგ ამ გეგმას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად განვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა. მისი თქმით, "არა მეტი განხილვის, არამედ მეტი ქმედების დრო დადგა. დადგა დრო ახალი გეგმის გარშემო ინიციატივის გამოჩენის, გაძღოლის და გაერთიანების, რათა სამართლიან და გამძლე მშვიდობას მივაღწიოთ", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG