ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ კანადასა და მექსიკას 25%-იანი ტარიფები 4 მარტიდან დაუწესდება და შეყოვნება არ მოხდება


დონალდ ტრამპი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, 3 მარტს განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან პროდუქტების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები სამშაბათიდან ამოქმედდება.

„ხვალ - ტარიფები - 25% კანადაზე და 25% მექსიკაზე. ეს დაიწყება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები აიძულებს მექსიკასა და კანადას, რომ უფრო ეფექტურად ებრძოლონ მათი ქვეყნებიდან ამერიკაში ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის შეტანას.

დონალდ ტრამპმა პირველად ამ ტარიფების შესახებ ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა, მისი ამოქმედება გადადო მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკის ჩრდილოეთ საზღვარზე ამერიკაში ნარკოტიკების ნაკადის შედინების შესაჩერებლად 10,000 ჯარისკაცს გაგზავნის. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კი თქვა, რომ „ფენტანილის მეფეს“ დანიშნავს ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა, ორშაბათს პრეზიდენტმა თქვა, რომ "ამერიკისა და კანადისთვის აღარ დარჩა სივრცე" ამ ტარიფების თავიდან ასაცილებლად.

ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ამერიკის საფონდო ბირჟაზე ფასები მკვეთრად დაეცა.

ტრამპი სამშაბათს ასევე დამატებით აწესებს 10%-იან ტარიფს ჩინურ საქონელზე. ამით ის გააორმაგებს იმ უკვე არსებულ 10%-იან გადასახადს, რომელიც ამერიკამ 4 თებერვალს უკვე დააწესა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სწორედ ჩინეთია მთავარი წყარო, საიდანაც ფენტანილი ამერიკაში შედის.

ამ განცხადებით პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო გავრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები 25%-ზე ნაკლები ყოფილიყო. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი გასულ უქმეებზე ამბობდა, რომ "სიტუაცია საკმაოდ ცვალებადი" იყო. "სამშაბათს ტარიფები დაუწესდება მექსიკასა და კანადას. ზუსტად როგორი იქნება ისინი, ჩვენ ამის გადაწყვეტას პრეზიდენტსა და მის გუნდს მივანდობთ", - თქვა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში კვირას, 2 მარტს.

ლუტნიკმა თქვა, რომ მექსიკამ და კანადამ „გონივრული სამუშაო ჩაატარეს“ შეერთებულ შტატებთან საზღვრების დაცვის მიმართულებით, თუმცა მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი ქვეყანაში მაინც შედის.

XS
SM
MD
LG