ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, 3 მარტს, კანადისა და მექსიკის პროდუქტების ექსპორტზე ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს. თუმცა, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის თქმით, შესაძლოა 25%-იანი ტარიფი, რომელიც აქამდე პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა გამოცხადებული, არ დაწესდეს და ის უფრო დაბალი იყოს.
"სიტუაცია საკმაოდ ცვალებადია", - თქვა ლუტნიკმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში კვირას, 2 მარტს.
"სამშაბათს ტარიფები დაუწესდება მექსიკასა და კანადას. ზუსტად როგორი იქნება ისინი, ჩვენ ამის გადაწყვეტას პრეზიდენტსა და მის გუნდს მივანდობთ", - თქვა მან.
ლუტნიკის კომენტარი პირველი ნიშანია იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა არ დააწესოს სრული 25%-იანი ტარიფები. ამ ტარიფების შესახებ მან გასულ კვირას განაცხადა. პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკის ორი მეზობელი ქვეყანა ჯერ კიდევ არ აკეთებს საკმარისს, რათა შეაჩეროს უკანონო ნარკოტიკების შეერთებულ შტატებში შედინება.
ლუტნიკმა თქვა, რომ მექსიკამ და კანადამ „გონივრული სამუშაო ჩაატარეს“ შეერთებულ შტატებთან საზღვრების დაცვის მიმართულებით, თუმცა მომაკვდინებელი ნარკოტიკი ფენტანილი ქვეყანაში მაინც შედის.
დონალდ ტრამპმა პირველად ამ ტარიფების შესახებ ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია. თუმცა, მისი ამოქმედება გადადო მას შემდეგ, რაც მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკის ჩრდილოეთ საზღვარზე ამერიკაში ნარკოტიკების ნაკადის შედინების შესაჩერებლად 10,000 ჯარისკაცს გაგზავნის. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კი თქვა, რომ „ფენტანილის მეფეს“ დანიშნავს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
ტრამპი სამშაბათს ასევე დამატებით აწესებს 10%-იან ტარიფს ჩინურ საქონელზე. ამით ის გააორმაგებს იმ უკვე არსებულ 10%-იან გადასახადს, რომელიც ამერიკამ უკვე 4 თებერვალს უკვე დააწესა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სწორედ ჩინეთია მთავარი წყარო, საიდანაც ფენტანილი ამერიკაში შედის.