ეგვიპტე ამზადებს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ღაზის სექტორის აღდგენას პალესტინელების ტერიტორიიდან გასახლების გარეშე. არაბული ქვეყნები ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის გასახლებას და ამერიკის მიერ ტერიტორიის აღდგენას, მისი კონტროლის ქვეშ.
ეგვიპტის სახელმწიფო გამოცემა „ალ-აჰრამის“ ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, შეიქმნება „უსაფრთხო ზონები“, სადაც პალესტინელები დროებით დარჩებიან, სანამ ეგვიპტური და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიები ნანგრევებს გაასუფთავებენ და ინფრასტრუქტურას აღადგენენ.
გეგმის საწყის ექვსთვიან პერიოდში, სამ უსაფრთხო ზონას განსაზღვრავენ ღაზის ტერიტორიაზე. იქ განთავსდება მობილური სახლები და თავშესაფრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჰუმანიტარული დახმარება.
აღდგენის პროექტი, რომელიც დაახლოებით ხუთ წელს გასტანს, ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის ღაზის მოსახლეობისთვის, – განუცხადა ეგვიპტის ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ასოშიეტიდ პრესს“ (AP).
ორი ეგვიპტელი ოფიციალური პირი და არაბი და დასავლელი დიპლომატები AP-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კაირო ამ გეგმას განიხილავს ევროპის, საუდის არაბეთის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ პირებთან ერთად. პოტენციური დაფინანსება კი განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.
ტრამპის განცხადება და არაბული ქვეყნების რეაქცია
4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ამერიკა ღაზის სექტორს ჩაიბარებს და ჩვენ მას მოვუვლით, ჩვენ ვიქნებით მისი მფლობელები.“
ტრამპის თქმით, პალესტინელებს, რომლებიც ახლა იქ ცხოვრობენ, არაბული ქვეყნები მუდმივ საცხოვრებლად მიიღებენ, ხოლო ამერიკა ღაზას „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადააქცევს.
ამჟამად ღაზის სექტორში 2.3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი უმეტესობა იძულებით გადაადგილებულია მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ იქ ომი დაიწყო, რომლის მიზანიც "ჰამასის" გავლენის აღმოფხვრაა.
პალესტინელთა უმეტესობა აცხადებს, რომ საკუთარ მიწას არ დატოვებს.
მედია იტყობინება, რომ საუდის არაბეთი ლიდერობს არაბული ქვეყნების ძალისხმევას, რათა შეიმუშაონ ალტერნატიული გეგმა ტრამპის წინადადების საპასუხოდ.
ეგვიპტე, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში.
ამ ქვეყნების ლიდერებმა მტკიცედ უარყვეს ნებისმიერი მოწოდება ღაზის მოსახლეობის მათ ტერიტორიაზე მიღების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუბიო და ისრაელის პოზიცია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც 15 თებერვალს ისრაელში ჩავიდა ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში, თქვა, რომ "ჰამასი" „უნდა განადგურდეს.“
„სანამ "ჰამასი" რჩება როგორც ძალა, რომელიც მართავს ან ძალა, რომელიც მმართველობაში მონაწილეობს, ან ძალა, რომელიც ძალადობის მუქარით მოქმედებს, მშვიდობა შეუძლებელია,“ – განაცხადა რუბიომ 16 თებერვალს ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.