ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი უკრაინის ომის შესახებ მეორე სამიტს მასპინძლობს


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთი უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინაში მიმდინარე ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა ამჯერად მოიწვევს კანადას და სხვა იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ამ კვირის დასაწყისში პარიზში გამართულ საგანგებო სამიტს არ ესწრებოდნენ.

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, მეორე სამიტი 19 თებერვალს იმართება და მასში მონაწილეობას კანადა, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია იღებენ.

17 თებერვალს პარიზში გამართული სამიტის დროს, ევროპელმა ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესათავაზებლად. თუმცა აღნიშნეს, რომ გარანტიების დონე დამოკიდებული იქნება ამერიკის მონაწილეობაზე ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.

„ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს,“ – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ X-ზე 17 თებერვალს.

“ევროპა მზად არის ლიდერობისთვის. მზად ვართ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესათავაზებლად. მზად ვართ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში. დეტალები მოგვიანებით განისაზღვრება, მაგრამ ვალდებულება ნათელია”, - თქვა მან.

სამიტის მასპინძელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „ჩვენ ვესწრაფვით ძლიერ და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში...ამის მისაღწევად, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, ხოლო უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიები,“ – განაცხადა მაკრონმა.

ამავდროულად, ევროკავშირი აპირებს 5 მილიარდი ევროს ($5.24 მილიარდი) ოდენობის დახმარების დამტკიცებას უკრაინისთვის უახლოეს მომავალში. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, ევროკავშირმა უკვე გამოყო 134.5 მილიარდი ევრო ($141 მილიარდი) დახმარების სახით, მათ შორის 48.5 მილიარდი ევრო ($51 მილიარდი) სამხედრო მხარდაჭერისთვის.

„ევროკავშირი უკრაინას უზრუნველყოფს სამხედრო მხარდაჭერით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, და იმდენად ინტენსიურად, რამდენადაც საჭირო გახდება,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

მაკრონმა სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნო შეხვედრის დეტალები.

ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ „გრძელი საუბარი“ ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელმაც მას ევროპელ ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები გაუზიარა.

„ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა: უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ძლიერი და საიმედო.“

„ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ამ გარანტიების გარეშე – მაგალითად, მყიფე ზავი – იქნება მხოლოდ მორიგი რუსული თაღლითობა და წინაპირობა ახალი რუსული ომისთვის უკრაინის ან სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG