რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ამ თვეში შეხვდნენ, ამბობენ კრემლში. თუმცა, იქვე განმარტავენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრის მომზადებას, შესაძლოა მეტი დროც დასჭირდეს.
ტრამპმა, სამშაბათს, 18 თებერვალს, განაცხადა, რომ პუტინს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში შეხვდება. მისივე თქმით, კიევს შეეძლო რუსეთთან შეთანხმებისთვის აქამდეც მიეღწია.
სამშაბათსვე, ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები თავიანთ გუნდებთან ერთად ერთმანეთს რიადში შეხვდნენ, სადაც სწორედ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ისაუბრეს.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეხვედრა ძირთადად ფოკუსირებული იყო რუსეთსა და ამერიკას შორის ორმხრივ კავშირებზე და წარმოადგენდა "უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს" უკრაინის ომის დასრულებისკენ.
"თუმცა, მხოლოდ ბუნებრივია, რომ პირველი ნაბიჯისას, პირველივე დღეს ყველაფერი ვერ გამოსწორდება, იქამდე გრძელი გზაა",- თქვა პესკოვმა.
შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, შეხვდებიან თუ არა პუტინი და ტრამპი თებერვალში ერთმანეთს, მან თქვა: "შესაძლოა. თუმცა შეიძლება, არც".
პუტინი და ტრამპის წინამორბედი, ჯო ბაიდენი ერთმანეთს ჟენევაში, 2021 წლის ივნისში გამართულ სამიტზე შეხვდნენ. ეს იყო ბოლო პირისპირი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის. მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, პუტინსა და ბაიდენს შორის სატელეფონო ზარიც შედგა.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება სურს და მისი აზრით, პუტინს შეთანხმების დადება უნდა. თუმცა, როგორი იქნება ტრამპის ზუსტი გეგმა, ჯერ უცნობია.