ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევში შეხვედრებს მართავს


კით კელოგი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე.
კით კელოგი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე.

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკას ესმის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. კით კელოგი უკრაინაშია და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს.

გენერალმა კელოგმა კიევში ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინაში ქვეყნის ლიდერების წუხილის მოსასმენადაა ჩასული და რომ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპთან კონსულტაციებს გამართავს. კელოგი ამბობს, რომ ამერიკას უკრაინაში ომის დასრულება სურს, რაც კარგი იქნება რეგიონისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს კელოგთან შეხვედრამდე უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არ აპირებს ომის შემდგომ სამშვიდობო მისიისთვის ჯარის გაგზავნას, არსებობს სხვა გზებიც, რითაც ამერიკას დახმარება შეუძლია. მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

კელოგი კვირის დასაწყისში ევროპელ ლიდერებსაც შეხვდა. სამშაბათს კი ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუდის არაბეთში პირისპირი შეხვედრა გაიმართა. რუბიო ამბობს, რომ მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

"მიზანი ამ კონფლიქტის ისე დამთავრებაა, რომ ეს ყველა მხარისთვის სამართლიანი, გამძლე, მდგრადი და მისაღები იყოს", - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს. მოლაპარაკებებში არც უკრაინული და არც ევროპული მხარე არ მონაწილეობდა. ზელენსკიმ გააკრიტიკა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კიევი მოლაპარაკებებისას არ იყო წარმოდგენილი. დონალდ ტრამპმა კი მის უკმაყოფილებას ასე უპასუხა:

"დღეს გავიგე, რომ ისინი ამბობენ, რომ არ იყვნენ მიწვეულნი. თქვენ [ამისთვის] სამი წელი გქონდათ, თქვენ ეს არასდროს უნდა დაგეწყოთ", - მიმართა ტრამპმა უკრაინელ ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათ საღამოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც უპასუხა და თქვა, რომ როგორც ჩანს ამერიკის პრეზიდენტს მცდარი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე თუ ვინ დაიწყო ომი. ზელენსკი ამბობს, რომ სურს, დონალდ ტრამპის გუნდს "მეტი სიმართლე ჰქონდეს".

ამერიკის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მხოლოდ 4 %-ია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციაა და მის წინააღმდეგ რუსული ძალისხმევა წარუმატებელი იქნება.

კიევის სოცილოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, რომელიც თებერვლის დასაწყისის მონაცემებს ასახავს, უკრაინელთა 57 % ზელენსკის ენდობა.

XS
SM
MD
LG