ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ


ამერიკის დელეგაცია საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. 18 თებერვალი, 2025 წ
ამერიკის დელეგაცია საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. 18 თებერვალი, 2025 წ

შეერთებული შტატები და რუსეთი რიადში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ძალისხმევა გაგრძელდება. კიევისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტამი ბრუსმა თქვა, რომ მხარეების შეთანხმების მიხედვით, შეირჩება სპეციალური, მაღალი რანგის ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ კონფლიქტის დასასრულებლად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მალე იყოს მიღწეული მისი დასრულების მდგრადი და ყველა მხარისთვის მისაღები გზა.

რუსული მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებებში იური უშაკოვმა ჟურნალისტებს 4 სააათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ უთხრა: "ეს ძალიან სერიოზული საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც ჩვენ გვსურდა".

უკრაინა და ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ეს მოლაპარაკებები შეიძლება ნაჩქარევი იყოს და მათი ინტერესები შესაძლოა მათი წარმომადგენლობის გარეშე სრულად არ იყოს გათვალისწინებული. რუსეთს კი შესაძლოა კვლავ დარჩეს შესაძლებლობა, უკრაინას და სხვა ქვეყნებს საფრთხე ისევ შეუქმნას.

შეხვედრის მიმდინარეობის პარალელურად, მოსკოვში კრემლის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკმარისი არაა, თუ ნატო უკრაინას წევრად არ მიიღებს. მისი თქმით, ალიანსმა მეტიც, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევისთვის მიცემული პირობა გაწევრიანების შესახებ, უკან უნდა წაიღოს.

"სხვაგვარად, ეს პრობლემა კვლავ განაპირობებს ევროპის კონტინენტზე ატმოსფეროს", - თქვა მან. უკრაინასა და ნატოს წევრ ქვეყნებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმეორებს, რომ ნატოს წევრობა კიევის სუვერენიტეტისა და დამოუკიებლობისთვის ერთადერთი გარანტიაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მექანიზმს შექმნიან და ურთიერთობაში სხვადასხვა ფაქტორს განიხილავენ იმისთვის, რაც საჭირო იქნება დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად. შეიქმნება მაღალი რანგის სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონფლიქტის დასასრულებლად იმუშავებენ, და შეიქმნება სამომავლოდ, საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის ერთგვარი საფუძველი, რაც შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შემდეგ განვითარდეს.

"პრეზიდენტ ტრამპს სურს ადამიანების ხოცვის შეჩერება. შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და ის იყენებს თავის ძლიერებას მსოფლიოში რათა ქვეყნები [ერთად] შეკრიბოს. პრეზიდენტი ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია უკრაინა და რუსეთი დაითანხმოს ეს გააკეთონ", - თქვა სახელმწისო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. მისი თქმით, მხარეები გააგრძელებენ სხვა საკითხების განხილვას. უშაკოვმა კი თქვა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის საკითხი განიხილება, თუმცა სავარაუდოდ ეს მომავალ კვირაში არ მოხდება.

XS
SM
MD
LG