მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ, მას შემდეგ რაც თეთრი სახლი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკავა.
ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ თავიანთ დელეგაციებთან ერთად. ვენსის გვერდით იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
შეხვედრაზე, ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაა.
„ფუნდამენტურად, მიზანი ის არის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განსაზღვრა – ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მკვლელობები შეჩერდეს, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მივაღწიოთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელიც რამდენიმე წელიწადში კვლავ ჩააგდებს აღმოსავლეთ ევროპას კონფლიქტში,“ – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა. "ამ თემაზე გვქონდა კარგი საუბარი და, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი გვექნება მომდევნო დღეებში, კვირებსა და თვეებში", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საჭიროა მეტ მუშაობა უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე.
"ჩვენ უნდა ვისაუბროთ უფრო ხშირად, მეტი ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა (იმისათვის), თუ როგორ უნდა შევაჩეროთ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი," – განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ზელენსკიმ შეხვედრას დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ვენსმა „ყველაფერი სწორად აღნიშნა“. „დღეს ჩვენ გვქონდა კარგი საუბარი, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო არ იქნება,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მოგვიანებით X-ზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეები მუშაობას აგრძელებენ.
"ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას დოკუმენტზე. შევეხეთ ბევრ საკვანძო საკითხს და ველით გენერალ კელოგის ვიზიტს უკრაინაში შემდგომი შეხვედრებისთვის და ადგილზე არსებული ვითარების უფრო სიღრმისეული შეფასებისთვის.
ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ რეალურ და გარანტირებულ მშვიდობას. ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას შეაჩეროს ომი და უკრაინისთვის სამართლიანობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოს", - თქვა მან.
კითხვაზე, როგორ მოახერხებდა ეს შეხვედრა წინ წაეწია მოლაპარაკებებით, თუ ზელენსკი მზად არ არის პუტინთან დიალოგისთვის, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა:
„ვფიქრობ, რომ ეს საუბარი წინ გადადგმული ნაბიჯია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ იმყოფებიან უკრაინის დელეგაციის შესანიშნავი წევრები. ჩვენ გვყავს ჩვენი არაჩვეულებრივი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, გენერალი კელოგი. მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ და დავიწყოთ იმ დისკუსიების წარმართვა, რომლებიც აუცილებელია ამ კონფლიქტის დასასრულებლად. ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან მსურს, რომ მოლაპარაკებების პროცესს მოქნილობა შევუნარჩუნოთ, რათა ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა პასუხისმგებლობით მიიყვანონ საქმე დასრულებამდე".
ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა არ უპასუხა შეკითხვებს შეთანხმების მიღწევის ვადებზე და იმაზე, შეთანხმდნენ თუ არა იშვიათი მინერალების საკითხზე.