14 თებერვალს მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი დააზუსტებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამონათქვამებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიმავალმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს საკმარისად აქვს სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტები, რათა რუსეთი აიძულოს უკრაინასთან კარგ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს.
მანამდე ევროპული ქვეყნების ნაწილმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ჯეი დი ვენსმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი "უოლ-სტრიტ ჯორნალთან" გააკეთა და თქვა, რომ ომის დასრულებისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ "არსებობს ეკონომიკური ბერკეტების გზები, ცხადია, არსებობს სამხედრო ბერკეტების გზები".
ვენსის განცხადებასთან დაკავშირებით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვს ამ გამონათქვამის დაზუსტება სურს. "მსგავსი ფორმულირება აქამდე არ გვსმენია, ჯერ ეს არავის უთქვამს... რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ რაიმე დამატებით განმარტებას მივიღებთ", - თქვა პესკოვმა 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენს. ზელენსკიმ 13 თებერვალს განაცხადა, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას ამერიკას და რუსეთს შორის, თუკი მოლაპარაკებაში უკრაინა არ იქნა ჩართული.
იმავე დღეს, პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ის საუბარს ორივე ლიდერთან ჩართულობით გეგმავს, როგორც პუტინთან, ისე ზელენსკისთან. მისი განცხადებით, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის დელეგაცია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც უკრაინაცაა მიწვეული. კიევმა პასუხად თქვა, რომ ის არ მოელოდა გერმანიის ქალაქში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამაც განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები მიუნხენში არ ჩავლენ, რადგან ისინი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ. გერმანიის ქალაქში მიმდინარე სამდღიან საერთაშორისო შეხვედრებს მან პროუკრაინული და "დესტრუქციული" უწოდა.
ამ ეტაპზე უცნობია, შედგება თუ არა ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრები კონფერენციის ფარგლებს გარეთ. უკრაინისა და ამერიკის მოკავშირე ევროპული ქვეყნების ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისინი შეიძლება ამ მოლაპარაკებათა მიღმა დარჩნენ, მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრისას ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
Facebook Forum