ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.
"ფუნდამენტურად, მიზანი არის ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განსაზღვრა – ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს. გვინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მივაღწიოთ მტკიცე და ხანგრძლივ მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელიც რამდენიმე წელიწადში კვლავ ჩააგდებს აღმოსავლეთ ევროპას კონფლიქტში. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ნაყოფიერი საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის ერთად მიღწევა, და უდავოდ, კიდევ მრავალი ასეთი საუბარი გვექნება მომდევნო დღეებში, კვირებსა და თვეებში", - თქვა ვენსმა.
ზელენსკისთან შეხვედრამდე, კონფერენციაზე მისი გამხსნელი გამოსვლისას ვენსმა ევროკავშირი გააკრიტიკა და ამის მიზეზებს შორის სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის რეგულაციები დაასახელა, რაც მისი აზრით, ცენზურამდე მიდის და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
"საფრთხე, რომელზეც ყველაზე მეტად ვღელავ ევროპის მიმართ, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არც სხვა გარე ფაქტორი. რაც მაწუხებს, არის შიდა საფრთხე – ევროპის უკან დახევა მისი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც საერთო აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - განაცხადა ვენსმა. "როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები არჩევნებს აუქმებენ და მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, უნდა ვიკითხოთ, ვაკმაყოფილებთ თუ არა ჩვენთვის დაწესებულ სათანადოდ მაღალ სტანდარტს," - თქვა მან.
ვენსმა გამოსვლაში ისაუბრა იმიგრაციაზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან გამოწვევაზე ევროპისთვის, მიუსამძიმრა მიუნხენში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლებს და მათ ოჯახებს, და გააკრიტიკა ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. მან მოკლედ ისაუბრა უკრაინის შესახებ და თქვა, რომ მიღწეული იქნება "გონივრული გადაწყვეტა".
"ჩვენთვის, ატლანტის ოკეანის ამ მხარეს, ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს ძველ, გავლენიან ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქის შემაძრწუნებელი სიტყვების – 'მცდარი ინფორმაცია' და 'დეზინფორმაცია' – უკან იმალებიან. რეალურად, მათ უბრალოდ არ მოსწონთ ის აზრი, რომ ვინმემ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება გამოთქვას, არასწორად, ღმერთმა ნუ ქნას, სხვაგვარად მისცეს ხმა ან, რაც მათთვის ყველაზე უარესია – მოიგოს არჩევნები", - თქვა ვენსმა. "თუ ამერიკულ დემოკრატიას ათი წელი გაუძლო გრეტა თუნბერგის კრიტიკას, თქვენც გადაურჩებით ილონ მასკის რამდენიმე თვეს", - თქვა მან.
მიუნხენში, უკრაინა განხილვის კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ესაუბრა და თქვა, რომ მალე მოლაპარაკებები გაიმართება და ომის დასრულების გზა გამოინახება.
ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეთანხმება ან მოლაპარაკება არ უნდა გაიმათოს და გადაწყვეტილებები კიევის გარეშე არ უნდა წარიმართოს.