ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის ლიდერს, ნარინდა მოდის, ხუთშაბათს, 13 თებერვალს თეთრ სახლში უმასპინძლა. ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა ენერგიისა და თავდაცვის ხელშეკრულებებს.
იმავე დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის ყველა პარტნიორთან არსებული სავაჭრო ტარიფების პოლიტიკას მისი ადმინისტრაცია თავიდან გადახედავს.
ტრამპმა თქვა, რომ ინდოეთის ლიდერთან მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკის, კოსმოსისა და თავდაცვის სფეროებში. მათ შორის, ტრამპის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ინდოეთი F-35-ების, საბრძოლო გამანადგურებელბის პროგრამაშიც ჩაერთოს. ეს ერთგვარად ელიტარული ჯგუფია, რომელშიც ამერიკის უახლოესი მოკავშირეები შედიან.
„ამერიკისა და ინდოეთის შეთანხმება 21-ე საუკუნისთვის არის ისტორიული ინიციატივა, რომელიც გააღრმავებს ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ყველა ასპექტს“, - თქვა ტრამპმა. ”ამ წლიდან ჩვენ გავზრდით სამხედრო გაყიდვებს ინდოეთში მრავალი მილიარდი დოლარით. ჩვენ ასევე ვხსნით გზას ინდოეთისთვის F-35 საბრძოლო გამანადგურებელებით”,- დაამატა პრეზიდენტმა.
მოდიმ იხუმრა, რომ ტრამპის სლოგანით, „გახადე ამერიკა დიდებული“ - შთაგონებულია და თავადაც მოსწონს სლოგანი თავისი ქვეყნისთვის- „გახადე ინდოეთი დიდებული“. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ენერგეტიკაში, განსაკუთრებით, მცირე მოდულურ ბირთვულ რეაქტორებზე და თავდაცვის კონტრაქტებზე.
”როდესაც ამერიკა და ინდოეთი ერთად მუშაობენ, მაშინ MAGA და MIGA ხდება MEGA – ეს არის მეგა პარტნიორობა კეთილდღეობისთვის”, - თქვა ინდოეთის პირველმა პირმა.