შეერთებული შტატების სენატმა 19 თებერვალს ფინანსისტი ჰოვარდ ლუტნიკი ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ლუტნიკი თავიდანვე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი სავაჭრო პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი იყო. სენატის გაფართოებულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე მან სენატორთა 51 ხმა მიიღო, 45-ის წინააღმდეგ.
კომპანია "კანტორ ფიცჯერალდის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და ბევრ სხვა ფირმაში მომუშავე ლუტნიკი სათავეში დაახლოებით 50 000 თანამშრომლისგან შემდგარ ფედერალურ ორგანიზაციას ჩაუდგება. ვაჭრობის დეპარტამენტი მრავალ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს, ეკონომიკის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით დაწყებული, ამინდის პროგნოზის გამოქვეყნებით დამთავრებული.
ლუტნიკის საქმიანობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ ტრამპის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის გატარება იქნება, რაშიც ქვეყანაში შემოსულ იმპორტზე გადასახადების გაზრდაც შედის. პრეზიდენტმა გასულ კვირაში სავაჭრო ტარიფების გაზრდის თაობაზე კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც არამარტო კონკურენტ ქვეყნებს, არამედ ამერიკის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებსაც დაეკისრება.
პრეზიდენტ ტრამპის განმარტებით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ყველას თანაბარ პოზიციაში ჩააყენებს. ამას გარდა, მან 10%-იანი ტარიფები დაუწესა ჩინურ იმპორტს და გაზარდა გადასახადი ქვეყანაში შემოტანილ ლითონზე და ალუმინზე.
ტრამპმა დროებით, 4 მარტამდე შეაჩერა კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი სავაჭრო ტარიფები. პრეზიდენტის განმარტებით, ამ ნაბიჯების საბოლოო მიზანი შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა, რომელიც დაახლოებით ორ ტრილიონ დოლარამდეა.
გასულ თვეში სენატის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ჰოვარდ ლუტნიკმა უარყო გამოთქმული კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ტარიფების გაზრდა ამერიკელებისთვის საქონელს გააძვირებს და ხელს შეუწყობს ინფლაციას. ლუტნიკმა ამ მოსაზრებას "სისულელე" უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანერგილი რეფორმები წარმატებული იქნება, რადგან ეს ამერიკულ ექსპორტზე არსებულ ბარიერებს შეამცირებს.
კაშ პატელის პოზიციები განმტკიცდა
18 თებერვალსვე შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კაშ პატელის კანდიდატურის განხილვის პროცესის დაწინაურებას. ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს [FBI] დირექტორად დაასახელა. პატელი ტრამპის ერთგული მოკავშირე და გამოძიების ფედერალური ბიუროს, ამერიკის ყველაზე ცნობილი სამართალდამცავი სააგენტოს მკაცრი კრიტიკოსია.
პატელი ამერიკის დაზვერვისა და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი ჩინოვნიკია, რომელიც ტრამპის პირველ ვადაშიც მსახურობდა და ფედერალური ბიუროს საქმიანობის რადიკალურად შეცვლის მომხრე იყო. სენატში გამართულ მოსმენაზე მან პირობა დადო, რომ გააფართოვებს ბიუროს როლს არალეგალურ იმიგრაციასა და ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლაში, რაც პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტებია.
ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ის მკაცრად აკრიტიკებდა გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმიანობას, კერძოდ - გამოდიოდა რამდენიმე გამოძიების წინააღმდეგ. მათ შორის, ის წინააღმდეგი იყო 2016 წელს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების, ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის ბრალდებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით, ტრამპის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმის გამოძიების.
სენატის დემოკრატთა უმეტესობა პატელს ამ თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევს. მაგრამ, ტრამპის ნომინაციის მიღების შემდეგ, მან რესპუბლიკელებში ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი მას "რეფორმატორსაც" კი უწოდებს.
Facebook Forum