ტრამპის ადმინისტრაციის იუსტიციის დეპარტამენტმა დაშალა “კლეპტოქეფჩერ” ჯგუფი - ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელიც რუსი ოლიგარქების ქონების დაყადაღებას ითვალისწინებდა, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მისი დასჯის ერთ-ერთ მექანიზმს.
ჯგუფის გაუქმება ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტმა გენერალური პროკურორის პამ ბონდის ხელმძღვანელობით გადადგა.
ამასთან ერთად, იუსტიციის დეპარტამენტმა უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა. ეს ჯგუფი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა გარე ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, გავლენის გასაკონტროლებლად, რაც მიმართულია შიდა უთანხმოების გაღვივებაზე, დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე.
ოთხშაბათს, ბონდის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, გენერალური პროკურორის ოფისმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია:
„ამ ინიციატივებზე მომუშავე ადვოკატები დაუბრუნდებიან თავიანთ ძველ თანამდებობებს, ხოლო ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი რესურსები მთლიანად დაეთმობა ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სრულ ლიკვიდაციას”.
ტრამპის ადმინისტრაციისთვის ფენტანილის უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ოპიოიდი ყოველწლიურად დაახლოებით 70,000 სიკვდილის მიზეზი ხდება აშშ-ში.
იუტიციის დეპარტამენტმა ოთხშაბათს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კანონი “უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიმართ მიდგომა შეცვალა. ეს კანონი ითხოვს, რომ ის პირები, რომლებიც აშშ-ში უცხო ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ან პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით ლობირებენ, რეგისტრირებული იყვნენ და თავიანთი საქმიანობა მთავრობას საჯაროდ აცნობონ.
თუმცა, ახალი პოლიტიკის თანახმად, პროკურორებს დაევალათ კრიმინალური სამართალწარმოების ფოკუსირება უფრო ტრადიციულ ჯაშუშობის საქმეებზე, ვიდრე რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევაზე.
მიუხედავად “კლეპტოქეფჩარის” ჯგუფის დაშლისა, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, რუსეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.
ბესენტმა სენატში მოსმენაზე განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთის ნავთობის მიმართ უფრო ძლიერი სანქციების დაწესება, რადგან, მისი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები საკმარისად მკაცრი არ იყო.
„ვფიქრობ, წინა ადმინისტრაცია თავს არიდებდა სანქციების გამკაცრებას, რადგან არჩევნების პერიოდში საწვავის ფასების გაზრდა არ სურდათ,“ – განაცხადა ბესენტმა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
„რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდი პროგრესი გვაქვს,“ – აღნიშნა ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში. „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ სულელურ ომს დავამთავრებთ".