3 თებერვალს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ ვაშინგტონში სამსახურში აღარ მისულიყვნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაგუნდელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააგენტოს დახურვას დათანხმდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით იარსებებს მომავალში შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მან თქვა, რომ ეს უფლებამოსილება სხვა პირზე აქვს დელეგირებული, თუმცა მასთან კავშირშია.
"ჩვენი მიზანი ის იყო, რომ ჩვენი საგარეო დახმარება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს", - განაცხადა მარკო რუბიომ და თქვა, რომ სააგენტოთი უკმაყოფილება ჯერ კიდევ კანონმდებლად ყოფნისას ჰქონდა და მიაჩნია, რომ ამ სააგენტოს "პულსი საერთოდ არ ესინჯება". "სააგენტო უნდა პასუხობდეს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტივებს, და ის ამის გაკეთებაზე უარს ამბობს", - თქვა რუბიომ.
"USAID-ი არ არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისაა უწყება, რომელიც ხარჯავს გადასახადების გადამხდელების ფულს და მან ეს უნდა გააკეთოს ისე, როგორც მისი მისია განსაზღვრავს, პოლიტიკური დირექტივების შესაბამისად, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო მდივნის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტისგან", - თქვა რუბიომ.
მან ასევე განმარტა, რომ როგორც სენატში დამტკიცებისას გამართულ მოსმენაზე განაცხადა, ყველა დახარჯული დოლარი და ყველა ფაფინანსებული პროგრამა ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება. "USAID-ს აქვს ისტორია იმისა, რომ გარკვეულწილად ამას უგულებელყოფს და წყვეტს, თითქოს ის როგორღაც ეროვნული ინტერესისგან განცალკევებული, გლობალური ქველმოქმედებაა. ეს გადასახადის გადამხდელთა დოლარებია და ძალიან მაწუხებს ცნობები იმის შესახებ, რომ მათ არ სურთ თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, ვინც მათ მარტივ შეკითხვებს უსვამს ამა თუ იმ პროგრამის შესახებ: ვინ იღებს ამ ფულს? ვინ არიან ჩვენი კონტრაქტორები? ვინ ფინანსდება? და ამ ტიპის დაუმორჩილებლობა შეუძლებელს ხდის იმ სერიოზულ გადახედვას, რაც საგარეო დახმარებამ უნდა გაიაროს", - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
USAID-ის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გასულ ღამეს განაცხადა, რომ მათ სამსახურის კომპიუტერული სისტემა დაებლოკათ. დანარჩენებმა კი ორგანიზაციის ხელმძღვანელების სახელით მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა "სააგენტოს პერსონალისთვის 3 თებერვალს დახურული იქნება".
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ახლადშექმნილ უნიკალურ სამთავრობო უწყებას ხელმძღვანელობს, სახელად "დოჯი", რომელიც იშიფრება, როგორც მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო. ის მიზნად სამთავრობო ხარჯების შემცირებას და ფედერალური ორგანიზაციების რესტრუქტურიზაციას ისახავს.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ისტორია დაახლოებით ექვს ათწლეულს ითვლის. ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ დაარსებული ფედერალური ორგანიზაციაა. ამერიკის დახმარებისა და განვითარების სააგენტო ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს დაახლოებით 120 ქვეყანაში ზედამხედველობს.
USAID-ი ილონ მასკთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის და რესპუბლიკელ კანონმდებელთა ერთი ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა. "მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავს. ჩვენ მათ ვიშორებთ", - უთხრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინა დღით ჟურნალისტებს.
„აშკარა გახდა, რომ იქ მატლის გარეშე ერთი ვაშლიც კი არ არის", - განაცხადა ილონ მასკმა ორშაბათს, 3 თებერვალს. მისი თქმით, სინამდვილეში USAID "ჭიების ბურთია", რომელიც უნდა მოიშორო, რადგან მისი გაჯანსაღება შეუძლებელია. ამიტომაც, "ჩვენ მას ვხურავთ", - თქვა მასკმა.
შაბათ-კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის უსაფრთხოების ორ უმაღლეს ხელმძღვანელს შვებულებაში წასვლა უბრძანა, Associated Press-ის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ უარი თქვეს მასკის ხელმძღვანელობით მოქმედი, "დოჯის" სამთავრობო ინსპექტირების გუნდისთვის საიდუმლო მასალები გადაეცათ. ინფორმაცია "ასოშეითედ პრესის" ჟურნალისტებს ორგანიზაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
"დოჯმა" მსგავსი ოპერაცია მანამდე ხაზინის დეპარტამენტშიც ჩაატარა, მოიპოვა რა წვდომა საიდუმლო მგრძნობიარე ინფორმაციაზე, მათ შორის - თანამშრომელთა სოცუზრუნველყოფის ნომრების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ამ ინფორმაციაზე წვდომის შეფერხების გამო, იქაც ხაზინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გადადგა.
მომხდარს დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ. მათი აზრით, პრეზიდენტ ტრამპს მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად საკონსტიტუციო უფლებამოსილება არ გააჩნია და USAID-ის დახურვა კონგრესის ავტორიზაციის გარეშე პრეზიდენტს განკარგულების საფუძველზე არ შეუძლია.
დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კვირას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპი მასკს ხალხის პირად ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს, მთავრობას კი დაფინანსებას უწყვეტს. ”ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ რეაგირება მოვახდინოთ და ხალხი ზიანისგან დავიცვათ”, - განაცხადა მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა.
Facebook Forum