ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმიგრანტების დაკავების კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა


კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე
კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე

22 იანვარს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს იმ არაავტორიზებული იმიგრანტების დაკავებას, ვინც ბრალდებულია ქურდობაში და ძალადობრივ დანაშაულში. ეს დიდი ალბათობით პირველი კანონი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მეორე ვადაში მოაწერს ხელს, რადგან კანონპროექტს ამ ეტაპზე შედარებით ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებებთანაც თანხმობაშია.

კანონპროექტის სახელია "ლეიქენ რილის აქტი". ის ჯორჯიელი სტუდენტის სახელს ატარებს, რომელიც გასულ წელს ვენესუელელმა იმიგრანტმა მამაკაცმა მოკლა. ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია რესპუბლიკელთა მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებაზე და საპრეზიდენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში მათ მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.

საიმიგრაციო პოლიტიკაზე კონგრესში უთანხმოება ხშირად ხდება. თუმცა, 22 იანვარს გამართულ კენჭისყრაში დემოკრატების ნაწილმა კანონპროექტს ხმა მისცა და ის წარმომადგენელთა პალატაში 263 ხმით 156-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

"ათწლეულების მანძილზე თითქმის წარმოუდგენელი იყო შეთანხმება ჩვენს მთავრობასთან საზღვარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით", - თქვა კენჭისყრის შემდეგ ალაბამის რესპუბლიკელმა სენატორმა ქეითი ბრიტმა. მან კანონპროექტს კონგრესში ბოლო სამ ათწლეულში დამტკიცებული "ყველაზე მნიშვნელოვანი საიმიგრაციო კანონპროექტი" უწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე ვადის პირველივე დღეს ათობით აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. რამდენიმე მათგანის ფოკუსში იმიგრაციას რეგულირება და საზღვრის უსაფრთხოება იყო.

ბრძანებულებათა ამ ჯგუფს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები უწოდებენ "საღი აზრის მქონე საიმიგრაციო პოლიტიკას". ბევრ სხვა ზომასთან ერთად, ბრძანებები მოიცავს ამერიკის სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, იქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განლაგებას, სასაზღვრო კედლის მშენებლობას, თავშესაფრის პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ზოგიერთი ბავშვისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას.

„ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც ულიმიტო დაფინანსება გასცა სხვისი საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარი თქვა ამერიკის საზღვრების და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი ხალხის დაცვაზე", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა, რომელიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, მექსიკასთან საზღვარზე შექმნილ ვითარებას "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კრიზისი" უწოდა. მისი თქმით, „პრეზიდენტი ტრამპი არჩეულ იქნა მტკიცე მანდატით, რათა შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც მან კამპანიის მსვლელობისას დადო, რაც მოიცავს მის დაპირებას სამხრეთ საზღვრის დაცვისა და ისტორიაში მიგრანტი დამნაშავეების ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელების თაობაზე", - თქვა თეთრი სახლის მომავალმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტრამპის ზოგიერთი საპრეზიდენტო განკარგულების აღსრულების საკითხი მეორე დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკის შტატების თითქმის ნახევარი შეუერთდა ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარს, ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევის შესახებ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG