ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტს სენატორი ჯეიმს რიში გაუძღვება


აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

7 იანვარს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს რესპუბლიკელი ჯიმ რიში გაუძღვება. განცხადებაში, რომელიც მან ამერიკის 119-ე კონგრესში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რიში წერს, რომ „დღეს ამერიკას საფრთხეები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ემუქრება".

ჩინეთი

სენატორმა რიშმა დაიწყო ჩინეთით, რომელიც მისი თქმით, "შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გრძელვადიან რისკს წარმოადგენს".

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პეკინის მიერ ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების მითვისების ხშირ პრაქტიკას, ჩინეთის მხრიდან ამერიკის კაპიტალისტური ბაზრების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და თქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩინეთი "აგრესიულად ძირს უთხრის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზრდის შეიარაღებულ ძალებს", რათა კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს.

ისრაელი

ამის შემდეგ, რიშმა ისაუბრა ისრაელზე, რომელსაც უწოდა "ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უძლიერესი მოკავშირე", რომელიც საერთო მტრებს ებრძვის, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ "სასტიკი და არაპროვოცირებული" თავდასხმა მოხდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა გააკრიტიკა ისრაელის მიმართ დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელმაც მისი აზრით, ვერ შეძლო სათანადოდ დაეჭირა მხარი ისრაელისთვის, რომელიც თავს იცავს და "ჰამასის" აღმოფხვრას ცდილობს.

რუსეთი

რუსეთის საკითხს რიშის განცხადებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. „ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვლადიმირ პუტინი აგრძელებს უკრაინაზე ძალადობრივ იერიშებს. პუტინი ამ ომში გამუდმებულ ესკალაციას ეწევა, ბოლოს ეს რუსეთის მხარეს 10 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ჩაყვანით მოხდა", - აცხადებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პუტინი რეგიონის ყველა კუთხიდან ცდილობს ძირი გამოუთხაროს ნატოს" - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და ეს საყოველთაო შეშფოთების საგნად რჩება. მსგავსი ქმედებების გამო, "დღევანდელი, გაცილებით დიდი გამოწვევების პირისპირ მყოფ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს მეტი ფინანსური წვლილის შეტანა უწევთ", - ამბობს სენატორი.

სენატორ რიშის თქმით, "ბაიდენის უგუნურმა პოლიტიკამ ევროპის უსაფრთხოება შეარყია. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ტრამპის ძლიერ ლიდერობას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გააკეთებს".

შეჯამება

სენატორი რიში აცხადებს, რომ "ეს ყოველივე, იზოლირებული საფრთხეები არ გახლავთ. უცხოეთის მტრული ძალები მთელ მსოფლიოში ერთად, ერთი ავტორიტარული ღერძის გარშემო მუშაობენ, რათა დაასუსტონ შეერთებული შტატები და ზიანი მიაყენონ ჩვენს ინტერესებს". სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელებისთვის ახლა საუკეთესო დროა, რათა ქვეყანას გაუძღვნენ და გამოასწორონ წინა ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები".

კომიტეტის მუშაობა მომავალ კვირას სენატორ მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად დამტკიცების პროცესით დაიწყება. რიშმა მას "კარგი მეგობარი" უწოდა და თქვა, რომ საგარეო პოლიტიკის გაძღოლაში რუბიოს წვლილი ამ რთულ, "ტურბულენტურ" დროში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

"საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენ ვიმყოფებით, სასწრაფოა და დასაკარგი დრო ჩვენ არ გვაქვს. მოვიდა დრო, მუშაობას შევუდგეთ", - ამ სიტყვებით დაასრულა სენატორმა ჯიმ რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნებული განცხადება.

შეერთებული შტატების 119-ე კონგრესის სენატის განახლებულმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავის რიგებში წელს შვიდი ახალი წევრი მიიღო. ესენი არიან სენატორები: რესპუბლიკელი დეივ მაკკორმიკი (პენსილვანია), რესპუბლიკელი სტივ დეინსი (მონტანა), რესპუბლიკელი მაიკ ლი (იუტა), რესპუბლიკელი ჯონ კორნინი (ტეხასი) და დემოკრატი ჯეკი როუსენი (ნევადა).

საქართველო

მართალია, სენატორ ჯიმ რიშს ამ ბოლო განცხადებაში საქართველო არ უხსენებია, მაგრამ ის ზედმიწევნით კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და "ქართული ოცნების" ბოლო წლების პოლიტიკის ცნობილი კრიტიკოსია.

12 დეკემბერს, შეერთებული შტატების სენატში გამართულ სხდომაზე, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, სენატორმა რიშმა საქართველოს საკითხზე იმსჯელა. დანარჩენი ამერიკელი სენატორებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მან საქართველოში წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

სენატორ რიშის თქმით, საქართველო "მათ შორისაა, ვინც მთლიანად ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის აჩრდილები იქ ჯერ კიდევ არიან და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებშიც, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს სისასტიკესა და წამებას, დაკავებებს, ყველაფერს, რისი მოწმეც ძველად, საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს“.

სენატორმა რიშმა ისაუბრა ქართველი ხალხის დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სურვილზე, რასაც მისი თქმით, მოსახლეობის 80% ადასტურებს და რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მშვიდად არ შეხვდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ისინი რამდენიმე კვირაა მასობრივ საპროტესტო აქციებს აწყობენ.

მან ამერიკის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სანქციების დაწესებისკენ და შეახსენა, რომ ამისთვის სენატმა სპეციალური საკანონმდებლო აქტი მიიღო.

„ღრმად, ღრმად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ... ჩვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ ეს ზომა და როგორც ჩემს მეგობარს ნიუ-ჰემფშირიდან, [სენატორ ჯინ შაჰინს] არ მესმის, თუ რატომ არ გაკეთდა ეს... მინდა შევუერთდე მას და მოვუწოდო ადმინისტრაციას, მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს ის, რაც აუცილებელია; მიჰყვეს კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ; ისარგებლოს სანქციების დაწესების გზით, რომელიც ჩვენ მათ გავუმზადეთ“.

დასასრულს, სენატორმა რიშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი აღარ დაუბრუნდება საბჭოთა კავშირის პერიოდის წარსულს, რადგან „მათ სურთ დასავლეთისკენ ყურება, კონსტიტუციით და საკუთარი ნებით, მათ სურთ ევროკავშირის და ნატოს წევრად ყოფნა. მოდით მივცეთ მათ ნებისმიერი საშუალება, რისი შესაძლებლობაც გაგვაჩნია“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG