ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა კენედი ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა


ამერიკის სენატმა ხუთშაბათს რობერტ ფ. კენედი უმცროსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მდივნის პოსტზე დაამტკიცა, რითაც ვაქცინების თაობაზე ცნობილი სკეპტიკოსი პასუხისმგებელი იქნება 1.7 ტრილიონი დოლარის ფედერალური ბიუჯეტზე, ვაქცინების რეკომენდაციებზე, სურსათის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ეხება.

მიუხედავად ვაქცინებთან დაკავშირებული კენედის შეხედულებებისადმი სკეპტიციზმისა, რესპუბლიკელებმა პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს. კენედის მხარდასაჭერად ხმები სენატში, 52-48 ხმა გაიყო. შედეგად, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური — და დემოკრატიული — ოჯახის წარმომადგენელი ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მდივნად დაინიშნა.

რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი, რომელსაც ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა, იყო ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც კენედის კანდიდატურის წინააღდეგ მისცა ხმა. ეს მისი პრინციპული პოზიციის გაგრძელებაა, რომელიც მან ტრამპის მიერ პენტაგონის ხელმძღვანელად და ეროვნული დაზვერვის დირექტორად დანიშნული კანდიდატების წინააღმდეგაც გამოავლინა. ყველა დემოკრატმა კენედის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რესპუბლიკური პარტია, ძირითადად, მხარს უჭერს კენედის ხედვას „გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი”, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოების ფოკუსირება ქრონიკული დაავადებების, მათ შორის - სიმსუქნის პრევენციაზეც.

კენედიმ, რომელიც 71 წლისაა და რომელიც ბავშვობიდანვე ეროვნული ყურადღების ცენტრში იყო თავისი სახელისა და ოჯახური ტრაგედიების გამო, პოპულარობა მისი პოპულისტური და ზოგჯერ ექსტრემალური შეხედულებების წყალობით მოიპოვა. ეს შეხედულებები ეხება კვებას, ქიმიკატებსა და ვაქცინებს.

მისი აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს, როდესაც კენედი დიდ დროს უთმობდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც ვაქცინის მწარმოებლებს უჩიოდნენ და სოციალური მედიის კამპანიებით ცდილობდა საზოგადოებრივი ნდობის შერყევას ვაქცინებისა და იმ სახელმწიფო სააგენტოების მიმართ, რომლებიც მათ რეკომენდაციას უწევენ.

ტრამპის მხარდაჭერით, კენედი ამტკიცებდა, რომ ის „უნიკალურად პოზიციონირებული“ იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებისადმი ნდობის აღსადგენად, რომლებიც მოიცავს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს (NIH).

გასულ კვირას, რესპუბლიკელმა სენატორმა თომ ტილისმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ კენედი „გაბედულად“ იმოქმედებს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებისა და ამერიკელების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა, სანამ კენედის მხარდაჭერაზე თანხმდებოდა, სენატორი ბილ კესიდი, რესპუბლიკელი ექიმი, რომელიც სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტს ხელმძღვანელობს, მოითხოვდა გარანტიებს, რომ კენედი არ შეცვლიდა ვაქცინებთან დაკავშირებულ არსებულ რეკომენდაციებს.

კენედი სააგენტოს უხელმძღვანელებს მასშტაბური ფედერალური მთავრობის რეორგანიზაციის ფონზე, რომელსაც ხელმძღვანელობს მილიარდერი ილონ მასკი. ეს რეორგანიზაცია დროებით ან მთლიანად აჩერებს მილიარდობით დოლარს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით და ათასობით ფედერალური თანამშრომლის სამსახურის მომავალს გაურკვევლობაში ტოვებს.

პარასკევს, NIH-მა - ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა - გამოაცხადა, რომ შეამცირებს მილიარდობით დოლარს სამედიცინო კვლევებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტებსა და საავადმყოფოებს გადაეცემათ ისეთი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შესაქმნელად, როგორიც კიბო და ალცჰაიმერია.

კენედიმ ასევე მოითხოვა სამივე სააგენტოს - NIH-ის, FDA-ისა და CDC-ის პერსონალის მასშტაბური რეორგანიზაცია. გასულ წელს, მან პირობა დადო, რომ NIH-იდან 600 თანამშრომელს გაათავისუფლებდა.

XS
SM
MD
LG