ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ


დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდრისას. 2025 წლის 28 თებერვალი.
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდრისას. 2025 წლის 28 თებერვალი.

უკრაინის პრეზიდენტმა 4 მარტს, იმ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველ წელს კონგრესს პირველად უნდა მიმართოს სიტყვით, სოციალურ ქსელ "X"-ში მიმართვა გამოაქვეყნა. განცხადებაში ვოლოდიმრ ზელენსკი წერს: "მე და ჩემი გუნდი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ლიდერობით ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამუშაოდ მზად ვართ".

ზელენსკის თქმით, მისი ქვეყანა მოლაპარაკებებისთვის და რუსეთთან სამწლიანი ომის "რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად" მზადაა.

ზელენსკიმ ამერიკას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ სამხედრო დახმარებისთვის, რაც მან ქვეყანას აქამდე გაუწია.

"ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, თუ რამდენს აკეთებს ამერიკა უკრაინის დასახმარებლად სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. გვახსოვს ის მომენტი, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯაველინები მიაწოდა და ამით ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მისი და პრეზიდენტ ტრამპის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ჯე დი ვენსის შეხვედრის შესახებაცაა საუბარი. პრეზიდენტი მომხდარს "დასანანს" უწოდებს და იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციულად გაგრძელდება.

ამავე განცხადებაში საუბარია უკრიანული მინერალებს შესახებ ამერიკასა და უკრაინას შორის არსებულ მოლაპარაკებაზე. სწორედ ამ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი ვაშინგტონში მყოფ ზელენსკის, თუმცა თეთრ სახლში პრეზიდენტებს შორის გამართული კამათის შემდეგ ხელმოწერა ჩაიშალა. ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა ამ ხელშეკრულების შესახებ დღეს გარკვეული ინფორმაცია კონგრესისადმი სიტყვით მიმართვისას გაავრცელოს. ოფიციალურად ამის შესახებ თეთრ სახლს არაფერი უთქვამს. ხელშეკრულების თაობაზე კი ზელენსკიმ დაწერა:

"რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში მოაწეროს ხელი. ჩვენ ვუყურებთ ამ შეთანხმებას, როგორც უფრო დიდი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მყარი გარანტიებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ის ეფექტურად იმუშავებს".

4 მარტს, ვაშინგტონის დროით საღამოს 9 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესსა და ერს ამ საპრეზიდენტო ვადაში პირველად მიმართავს. იმის ფონზე, რომ ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა, ქვეყნის პირველ პირებს შორის კი ბოლო შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, არსებობს განსაკუთრებული მოლოდინი იმის შესახებ, თუ რას იტყვის პრეზიდენტი ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებსა და ომის დასრულების პერსპექტივებზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG