შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს პარასკევს ეწვევა, რათა იშვიათ წიაღისეულ მინერალებზე ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. უკრაინის ლიდერმა კი თქვა, რომ გარიგების წარმატება დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებებზე და შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების გაგრძელებაზე.
გარიგების პირობებით, რომელსაც უკრაინის პრემიერ მინისტრმა „წინასწარი“ უწოდა, კიევი თავისი მინერალური რესურსებიდან გარკვეულ შემოსავალს, შეერთებულ შტატებთან ერთობლივად მართულ ფონდს გადასცემს. ამ შეთანხმებას ცენტრალური ადგილი უკავია უკრაინის მცდელობებში, ტრამპისგან ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვოს იმ დროს, როდესაც ის რუსეთის ომის სწრაფად დამთავრებას ცდილობს. ამ დრომდე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში, რომელიც ხუთშაბათს განახლდება, კიევი ჩართული არ იყო.
ტრამპმა თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას იშვიათ წიაღისეულ ელემენტებზე და სხვა საკითხებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შორს მიმავალ უსაფრთხოების გარანტიებს არ გასცემს.
უკრაინის პრემიერ მინისტრმა შმიჰალმა შეთანხმების შესახებ სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ „უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ან განიხილავს... კოლონიურ შეთნახმებას, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებს“.
ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ტრამპთან მისი მოლაპარაკებები ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარანტიების მიღების მნიშვნელობაზე, რათა „უზრუნველყოფილი იყოს, რომ რუსეთი აღარ გაანადგურებს სხვა ქვეყნების ცხოვრებას“ და იქვე დაამატა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
ოთხშაბათს ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების ამჟამინდელი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ის იყო, რომ უკრაინა არ წარმოაჩინა როგორც მოვალე, რომელმაც წარსული სამხედრო დახმარებისთვის ასობით მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.