თეთრ სახლში უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის უკრაინის მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე შეხვედრა ოვალურ ოფისში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა: " ან შეთანხმებას დადებთ, ან ჩვენ გავალთ".
განცხადებაში, რომელიც ტრამპმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მიანიშნა, რომ შეთანხმება არ შედგება.
"მე განვსაზღვრე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არაა მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ამაში ჩართული იქნება, რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში... ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკას თავის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია უკან დაბრუნდეს, როდესაც ის მშვიდობისთვის იქნება მზად",- დაწერა ტრამპმა.
საუბარი ოვალურ ოფისში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზელენსკიმ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსია ახსენა. ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გააკრიტიკა და უთხრა: "ჩემი აზრით უპატივცემულობაა, რომ მოდიხართ ოვალურ ოფისში და ამის განხილვას ამერიკული მედიის წინაშე ცდილობთ".
როგორც ვენსმა, ისე ტრამპმა ზელენსკის უთხრეს, რომ ის მეტად მადლიერი უნდა იყოს იმ დახმარებისთვის, რაც მის ქვეყანას ვაშინგტონმა გაუწია.
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს რისკავს.
ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა და მონაწილეობა არ მიუღია პრესკონფერენციაში, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და რომელშიც მონაწილეობა ორივე ქვეყნის პირველ პირს უნდა მიეღო.