უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული დრონებით რამდენიმე თავდასხმამ კიევში ხანძარი გამოიწვია. სუმიში კი დაშავდა ქალი და დააზიანდა რამდენიმე სახლი.
პარალელურად, რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღამით ჩამოაგდეს 15 უკრაინული დრონი, მათ შორის, შვიდი კრასნოდარის რეგიონში.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კიევში ხანძრის შედეგად, რომელიც არასაცხოვრებელ შენობაში გაჩნდა, არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო "ტელეგრამის" საშუალებით ავრცელებს.
უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სუმიში ხუთი სახლი დაზიანდა და ერთი ქალი დაშავდა - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იჰორ კალჩენკომ.
ომის პარალელურად, ამერიკელი ოფიციალური პირების ჯგუფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ევროპაში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა. განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში ომის საკითხიც.
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე დასასწრებად მიდის, შემდეგ კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად დაესწრება.
მიუნხენის კონფერენცია, რომელიც „ საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად მსოფლიოს წამყვან ფორუმადაა" მიჩნეული, სავარაუდოდ, ყურადღებას უკრაინაში მშვიდობის პერსპექტივებზე და ასევე სხვა გლობალურ კონფლიქტებზე გაამახვილებს.
ამერიკის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი კი სამხედრო სარდლობის ორ შტაბ-ბინას ეწვევა, შემდეგ კი ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ის ასევე დაესწრება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, სადაც "გაიმეორებს პრეზიდენტ ტრამპის მზაობას უკრაინაში ომის დიპლომატიური დასრულებისთვის", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.