ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში დაკავებულია თავისუფალი, ონლაინ მედიის დირექტორი


მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი
მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი

"ბათუმელები"/"ნეტგაზეთი" დამოუკიდებელი ონლაინ მედიაა, რომელსაც პირველივე გვერდზე გამოქვეყნებული აქვს განაცხადი იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და დაამყარა დიქტატურა“. ეს განცხადება სრულდება მედიის პოზიციის პრეზენტირებით იმის თაობაზე, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთი არ ემორჩილება ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ კანონს და არ რეგისტრირდება უცხოური გავლენების გამჭვირვალობის რეესტრში. პარალელურად კი აგრძელებს მოქალაქეების ინფორმირებას. სწორედ ამ მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში და პატიმრობაში დატოვეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, 14 იანვარს.

მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,
მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,

წინააღმდეგობა, რაც მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადიების წარმომადგენლებმა 2024 წლის მარტში, ეგრეთ წოდებული რუსული კანონის ხელახლა შემობრუნებისა და მიღების გამო დაიწყეს, არსად წასულა. ის გრძელდება და ფართოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ირაკლი კობახიძის ისტორიული განცხადების შემდეგ, გასული წლის 28 ოქტომბერს. სწორედ ეს თარიღი იქცა ათვლის ახალ წერტილად, რის შემდეგაც საქართველოს დედაქალაქში, ასევე სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტები არ წყდება. საზოგადოება ხელახალ არჩევნებსა და პროტესტის განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლებას მოითხოვს.

რამდენიმე ასეული საჩივარი, გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებებით, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სასამართლოებში წარადგინეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი განცხადება პრეზიდენტის მიერ, არ დაკმაყოფილდა. მოსამართლეებმა ერთი გადაცდომაც კი ვერ იპოვეს ვერც არჩევნების ჩატარებისა და ვერც მისი მზადების პროცესში.

ბათუმი, "ნეტგაზეთის" ფოტო
ბათუმი, "ნეტგაზეთის" ფოტო

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს დღემდე არ აღიარებს. მოქალაქეები ყინვასა და სიცივეში ქუჩაში პროტესტს არ წყვეტენ, ხელისუფლება კი განუხრელად აგრძელებს დემონსტრანტების დაკავებას, რომელთა შორის მედიის წარმომადგენლებიც არიან.

„მომეტებულად საბუთდება, ბრალდების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. შესაბამისად, ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ადგილზე თათბირით გამოაცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს... სასამართლომ დაადგინა, რომ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა,“- ამ სიტყვებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტი დააპატიმრა.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში პირველად დააკავეს და ამის მიზეზი, მის მიერ გაკრული პოსტერი აღმოჩნდა, სადაც მითითებული იყო, რომ „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქციაზე ბათუმელების დირექტორი საერთოდ არ იმყოფებოდა. მოსვლა მას შემდეგ მოუწია, რაც მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, ანალოგიური ბრალდებით. პროტესტის მონაწილეები და ჟურნალისტები თავდაპირველად პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. ადმინისტრაციული წესით, მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, მოგვიანებით კი გამოუშვეს.

გელა მთივლიშვილი, ეთერ თურაძე. ბათუმი, "ნეტგაზეთის" ფოტო
გელა მთივლიშვილი, ეთერ თურაძე. ბათუმი, "ნეტგაზეთის" ფოტო

ამ ინციდენტის პარალელურად, ბათუმში საპროტესტო მუხტი ძლიერდებოდა. პროტესტანტების დაკავება, მათ შორის ბანერების გაკვრის გამო, საზოგადოებაში უსამართლობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებდა. პოლიციელების ქმედება ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი საგანგებოდ და მიზანმიმართულად „იტაცებდნენ“ და აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს. პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ამგვარი დაპირისპირების მომენტში, ერთ-ერთ პოლიციელს მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.

ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ რედაქტორმა, რომელმაც 14 იანვარს დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა შესაძლებლობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით მიემართა საზოგადოებისთვის, განაცხადა, რომ მანამდე მასთან, ტელევიზიის შენობაში მივიდნენ პოლიციელები, გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და სტუდიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

„ეს ჟესტი, როდესაც პოლიციელები მაიძულებდნენ ტელევიზიის დატოვებას, მაფიქრებინებს, რომ აჭარის ტელევიზია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფი და არა ტელევიზია... 2012 წელს, ამ ტელევიზიის ხელოვნური ფაბრიკაციის წყალობით, ამ ქალაქში 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო ერთი ახლანდელი, “ქოცი“ დეპუტატი და მაშინდელი სტუდენტი ცოტნე ანანიძე. მე სტუდენტის დაკავების ყველა ეპიზოდი გავაშუქე. როდესაც ცოტნე ანანიძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა. მითხრა, თქვენ რომ არა, მე ისევ საპატიმრო დაწესებულებაში ვიქნებოდიო. მე მაშინაც ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე. დღეს გვინდოდა აქ, პირდაპირ ეთერში საუბარი, რადგან საზოგადოებას გაეგო, რომ თქვენმა ტელევიზიამ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ფაბრიკაციას მიმართა. თქვენი გადაღებული, დაჭრილი, დაჩეხილი კადრებით, ჩართული ხართ სიყალბეში. დღეს თქვენი ტელევიზია ჩართო და გამორთო პოლიციამ“,- განაცხადა ეთერ თურაძემ აჭარის მაუწყებლის პირდაპირი ეთერით.

ეთერ თურაძე, ლიკა ზაკაშვილი, ნესტან ცეცხლაძე, აჭარის მაუწყებელში
ეთერ თურაძე, ლიკა ზაკაშვილი, ნესტან ცეცხლაძე, აჭარის მაუწყებელში

“მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. იგი ახლა საპყრობილეში იმიტომ არ იმყოფება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. იგი იმიტომ ზის საპყრობილეში, რომ მზია ამაღლობელია - ყველაზე მართალი, ყველაზე შეუპოვარი, ყველაზე სანდო მედიასაშუალების გამომცემელი და მენეჯერი. დიქტატურა აგონიის ფაზაში შევიდა და იჭერს ყველას, ვისგანაც ხიფათს ელის:

- იჭერს ახალგაზრდებს, რადგან მათი თავგანწირვის ეშინია;

- იჭერს პოეტს, რომლის ლექსი აშინებს;

- იჭერს მსახიობს, რადგან სცენიდან ნათქვამი მისი სიტყვის ეშინია;

- იჭერს და დაიჭერს ყცელას, ვინც თავისუფალია, რადგან თავისუფლების ეშინია.

პოლიტიკურმა ჟანდარმერიამ ზუსტად იცოდა, რომ უნდა დაეჭირა მზია ამაღლობელი. აუცილებლად უნდა დაეჭირა, რადაც უნდა დაჯდომოდა და ამისთვის გამოიყენა ბათუმის პოლიცმაისტერი, რომელიც ყველაფერზე მოაწერს ხელს. მსოფლიოში დიქტატორები ჟურნალისტებს იჭერენ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი საქმეებით, თუმცა მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ ეს ჟურნალისტები საპყრობილეებში იმიტომ ხვდებიან, რომ ჟურნალისტები არიან და არა იმიტომ, რომ დანაშაულს სჩადიან. მათი “დანაშაული” თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ბრძოლით ამხობენ დიქტატურებს. თავისუფლება მზია ამაღლობელს!”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

საია ამბობს, რომ სასამართლომ თავისუფალი მედიის დამფუძნებლის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე საკუთარი ხედვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა. ამ მოსაზრების თანახმად, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა უკანონოდ მოხდა, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები, და სახეზე არაა სისხლის სამართლის ბრალდებულისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

„სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით,”- ნათქვამია საიას განცხადებაში.

მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი
მზია ამაღლობელი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი

11 იანვარს თბილისსა და ბათუმში, საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა. დაკავებულები მიუთითებენ პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალის გადამატების, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ვერბალური ძალდობის თაობაზე როგორც დაკავების პროცესში, ისე შემდგომ. ერთ-ერთი დაკავებული, თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო კლინიკაში მოხვდა.

“12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.”

“1-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი,"- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასში საუბარია იმის თაობაზეც, რომ დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

"სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს ომბუდსმენის ოფისი იმასაც აღნიშნავს, რომ შსს-ს წარმომადგენლები სახალხო დამცველის რწმუნებულს შენობაში შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობას უზღუდავდნენ, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის ნორმაა და მისი დაცვა სამართალდამცავებისთვის ვალდებულებას წარმოადგენს.

Georgian media protesting with the banner of jailed journalist
Georgian media protesting with the banner of jailed journalist

მზია ამაღლობელისა და საპროტესტო აქციების გამო დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლების მოთხოვნით, აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტები, მოქალაქეები შეიკრიბნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. თავისუფალი მედიის დამფუძნებლის განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისშიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. მოქალაქეები, ჟურნალისტები პირდაპირ ეთერს მოითხოვდნენ. ეს მოთხოვნა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუმჩნევია.

მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 4 მარტსაა ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG