უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ გადადო თავისი ვიზიტი საუდის არაბეთში, რომელიც ოთხშაბათისთვის იყო დაგეგმილი, და აღნიშნა, რომ რუსეთის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები არ შეიძლება უკრაინის ზურგს უკან ჩატარდეს.
უკრაინა არ ყოფილა წარმოდგენილი სამშაბათს რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, თუმცა თავად აპირებდა საუდის არაბეთში ოთხშაბათს გამგზავრებას.
"არ გვინდა, რომ ვინმემ ჩვენს ზურგს უკან რამე გადაწყვიტოს... უკრაინის ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მიიღება", – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს თურქეთში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან რიადში ვიზიტი 10 მარტამდე გადადო, რადგან "არ სურდა რაიმე დამთხვევები”.
მომავალ კვირას, სამი წელი გახდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ფრონტის ხაზის 1,000 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე სასტიკი შეტაკებები მიმდინარეობს, სადაც რუსული ჯარები ნელა, მაგრამ ეტაპობრივად მიიწევს წინ დონეცკის რეგიონში. უკრაინამ კი 2024 წლის აგვისტოში მოულოდნელი შეტევის შედეგად მცირე ტერიტორია აიღო რუსეთის კურსკის რეგიონში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპა. ამ თემას იგი ასევე შეეხო ერდოღანთან შეხვედრისასაც.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარის თვალსაზრისით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი იქნება შესაფერისი ადგილი რუსეთის მონაწილეობით ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.