ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაზე საგანგებო შეხვედრის შემდეგ ევროპელი ლიდერები პირველ განცხადებებს აკეთებენ


ელისეს სასახლე, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდნენ. პარიზი, საფრანგეთი. 2025 წლის 17 თებერვალი.
ელისეს სასახლე, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდნენ. პარიზი, საფრანგეთი. 2025 წლის 17 თებერვალი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ორშაბათს, 17 თებერვალს, პარიზში ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროპისთვის რუსეთისგან მომავალი საფრთხეები და თავდაცვის ხარჯების შესაძლო გაზრდის საკითხები განეხილათ.

შეხვედრის დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ერთიანობა ჯერ არ აქვთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათ სამშვიდობო მისიაში მიიღონ მონაწილეობა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია "მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ჯარისკაცები გაგზავნოს". თუმცა მისივე თქმით, ჯერ ამაზე საუბარი "ნაადრევია".

„სრულიად ნაადრევი და ახლა სრულიად შეუსაბამოა ამ დისკუსიის გამართვა... გულწრფელად რომ ვთქვა, ხალხი საუბრობს უკრაინის გარეშე იმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგზე, რომელიც არ შემდგარა და რომელსაც უკრაინა ჯერ არ დათანხმებია", - უთხრა შეხვედრის შემდეგ შოლცმა ჟურნალისტებს.

გერმანიის ლიდერს მტკიცე პოზიცია აქვს თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯების გაზრდაზე და ამბობს, რომ "თუ ევროპის ქვეყნებს 2%-ზე მეტის დახარჯვა სურთ თავდაცვაზე, გერმანია ამის მომხრეა".

შეხვედრა იმის ფონზე გაიმართა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წევრებმა ევროპას მოუწოდეს უფრო გააქტიურდეს და მეტი გააკეთოს თავდაცვის მიმართულებით.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მართალია "ნათელია ამერიკა ნატოს არ დატოვებს, თუმცა ჩვენ, ევროპელებმა მეტი უნდა გავაკეთოთ".

მანაც, შოლცის მსგავსად, მზაობა გამოთქვა იმაზე, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის ბრიტანელი ჯარისკაცები გაგზავნოს. თუმცა, მისი თქმით ამაზე ამერიკის თანხმობა და მზაობაც უნდა არსებობდეს, რადგან "მხოლოდ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიაა ერთადერთი გზა, რათა რუსეთის ეფექტურად შეჩერება მოხდეს უკრაინაზე განმეორებითი თავდასხმისგან".

ბრიტანეთის პრემიერის მსგავსად, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკიც მიიჩნევს, რომ ევროპამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე - აქამდე.

"ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან ახალ ფაზაშია და ამას ყველანი ვხედავთ. არავის გაუკვირდება, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა ისიც, რომ ევროპელი პარტნიორები ხვდებიან, რომ მოვიდა იმის დრო, რომ ევროპას გაცილებით უფრო მეტი თავდაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს", - თქვა პარიზში მყოფმა ტუსკმა.

რუსეთისგან მომავალი საფრთხის და უკრაინის დახმარების აუცილებლობას მკაფიოდ გასუვა ხაზი დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, რომელმაც თქვა, რომ "ყველა ევროპელმა უნდა გადადგას ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად. ამავდროულად უნდა გაიზარდოს შიდა ხარჯები თავდაცვაზე, რადგან რუსეთი, სამწუხაროდ, მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს".

დანიის პრემიერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. ის ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წუხს და ამბობს, რომ ნაჩქარევად მიღებულმა მოლაპარაკებამ" შესაძლოა პუტინსა და რუსეთს შანსი მისცეს, რომ თავიდან მობილიზდეს და ისევ თავს დაესხას უკრაინას, ან ევროპის სხვა ქვეყანას".

სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობას და მის სწორად წარმართვის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმაც. პედრო სანჩესის თქმით, "სამშვიდობო მოლაპარაკებაში ევროკავშირი და უკრაინა აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული... ჩვენ მივესალმებით ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაში, მაგრამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არ შეიძლება იყოს ყალბი შეთანხმება. წარსულის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ",- თქვა სანჩესმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეინმაც უკრაინაში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა იმსახურებს "მშვიდობას ძლიერების მეშვეობით".

შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის პირველი პირები. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი ასევე მონაწილეობენ ამ შეხვედრაში.

ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინაში ომის დასრულების გზებზე სასაუბროდ სამშაბათს საუდის არაბეთში შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG