6 თებერვალს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ახლოდან აკვირდება და მონიტორინგს უწევს ჩინეთის საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. პეკინმა ვაშინგტონს საერთაშორისო ორგანიზაციაში უჩივლა და ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები ფენტანილით ვაჭრობაში ჩინეთის როლის შესახებ "უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს" ავრცელებს, რათა ჩინურ პროდუქტებზე ახალი ტარიფები გაამართლოს.
საჩივარი პეკინმა 4 თებერვალს შეიტანა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ახალი, 10%-იანი ტარიფები დააწესა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე ახალი გადასახადები მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებში ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის გამკაცრებას, მათ შორის ფენტანილის, ოპიოიდების და მათ შესაქმნელად განსაზღვრული ქიმიკატების ნაკადის ქვეყანაში შესვლის შეჩერებას.
ჩინეთმა განაცხადა, რომ 10 თებერვლიდან აწესებს საპასუხო ტარიფებს ზოგიერთ ამერიკულ საქონელზე, მათ შორის 15%-იან გადასახადს ნახშირისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე და 10%-იან ტარიფს ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობაზე და მაღალი ემისიის მანქანებზე. პეკინმა ასევე დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები გარკვეული კრიტიკული მინერალების ექსპორტზე და დაიწყო ანტიმონოპოლიური გამოძიება ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, "გუგლის" წინააღმდეგ.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილ საჩივარში ჩინეთი ამბობს, ამერიკის ტარიფები არის "დისკრიმინაციული და პროტექციონისტული" და არღვევს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს. პეკინმა ვაშინგტონთან კონსულტაციები მოითხოვა.
საბოლოო სიტყვა დავის მოგვარებასთან დაკავშირებით, სწორედ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას ეკუთვნის. თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა "ამერიკის ხმა" უთხრა, რომ ისინი საჩივარს თვალს ადევნებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.