ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ "ევროკავშირი ტარიფებისკენ მიდის", ჩინეთს კი 10%-იანი ტარიფის შესახებ აფრთხილებს


სამშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს და იქვე დაამატა, რომ შესაძლოა ჩინურ იმპორტზე 10% საბაჟო გადასახადი უკვე 1 თებერვალს შემოიღოს.

ტრამპმა, რომელიც ინაუგურაციდან მეორე დღეს ჟურნალისტებს თეთრ სახლში ესაუბრა, აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დისბალანსის გამოსწორება და პეკინი, ფენტანილის კონტრაბანდის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“ისინი ძალიან, ძალიან ცუდად გვექცევიან, ამიტომ ტარიფებისკენ მიდიან”, - თქვა ტრამპმა ევროკავშირზე. “სამართლიანად მოქცევას ვერ მიიღებ, თუ თავად იმასვე არ აკეთებ.”

ერთი დღით ადრე, ტრამპმა ბლოკს ბრალი დასდო, რომ ამერიკული პროდუქტის საკმარის იმპორტს არ ახდენენ და თქვა, რომ “ამას გამოასწორებს” ბაჟის დაწესებით ან მეტი ნავთობის და გაზის შეძენის მოთხოვნით.

ჩინეთთან დაკავშირებით ტრამპმა კვლავ გაიმეორა 10 %-იანი ტარიფის დაწესების მუქარა და ამბობს, რომ ეს “ეფუძნება ფაქტს, რომ ისინი ფენტანილს მექსიკაში და კანადაში გზავნიან”.

ტარიფების დაწესების ვადებზე მან დაამატა: “ალბათ 1-ლი თებერვალი არის თარიღი, რომელზეც ვფიქრობთ”.

ეს იგივე თარიღი იყო, როდესაც მან ადრე თქვა, რომ შეიძლებოდა კანადისთვის და მექსიკისთვის, რომლებსაც ბრალს სდებდა, რომ შეერთებულ შტატებში უკანონი იმიგრაცია და ფენტანილის კონტრაბანდა არ შეაჩერეს, 25% ტარიფებს დაუწესებდა.

ეკონომიკის მიმართულებით ევროკავშირის კომისარმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ბლოკი თავისი ინტერესების დასაცავად მზადაა.

დავოსში ყოველწლიურ შეკრებაზე, ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროპა ტრამპთან მოლაპარაკებისთვის მზად იყო და იმავდროულად აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

ორშაბათს ტრამპმა პირობა დადო, რომ დაუყოვნებლად გადააწყობს ამერიკის სავაჭრო სისტემას და ამბობს, რომ : „უცხო ქვეყნებს ტარიფები და გადასახადები უნდა დაუწესდეს, რათა ჩვენი მოქალაქეები გამდიდრდნენ“.

მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სააგენტოებს მიუთითებს შეისწავლონ ვაჭრობის რიგი საკითხები, მათ შორის დეფიციტები, არასამართლიანი პრაქტიკა და სავალუტო მანიპულაციები.

შესაძლოა კვლევებმა შემდგომი საბაჟო გადასახადებისთვის ნიადაგი შეამზადოს.

XS
SM
MD
LG