ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ტარიფების დაწესების შემდეგ ტრამპი კანადისა და მექსიკის ლიდერებს ესაუბრება


ამერიკა-კანადის საზღვარი
ამერიკა-კანადის საზღვარი

კანადის, მექსიკისა და ჩინეთის პროდუქტებზე ტარიფების დაწესებისა და ამ ქვეყნების მხრიდან საპასუხო ტარიფების და სხვა ქმედებების გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ორშაბათს კანადის და მექსიკის ლიდერებთან საუბარი დაგეგმა.

ახალი ტარიფები შეერთებული შტატების სამ მთავარ სავაჭრო პარტნიორზე ახდენს გავლენას, მაგრამ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი „იმად ღირს“ რომ ამერიკის ინტერესები გაძლიერდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, კანადასთან და მექსიკასთან თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე შეთანხმდა, შაბათს ამ ორ ქვეყანას ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა 25 პროცენტიანი ტარიფები დაუწესა, რომელიც ძალაში სამშაბათს შედის. ჩინეთს კი უკვე დაწესებულ ტარიფების გარდა, ახალი 10 პროცენტიანი საბაჟო გადასახადი დაუმატა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ეს სამი ქვეყანა საკმარისს არ აკეთებს არალეგალური იმიგრაციის და შეერთებულ შტატებში მომაკვდინებელი ოპიოიდის - ფენტანილის შედინების შესაჩერებლად.

კვირას, პლატფორმა Truth-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ტრამპმა აღიარა, რომ შესაძლოა ტარიფების გამო ამერიკელი მომხმარებლები უფრო მაღალი ფასების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ამერიკული კომპანიები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ფედერალურ მთავრობას ტარიფებს უხდიან, იმის ნაცვლად რომ დამატებითი დანახარჯები საკუთარ თავზე აიღონ, ხშირად ამ ხარჯის სულ ცოტა ნაწილს, თუ მთლიანად არა, მომხმარებელს აკისრებენ.

დონალდ ტრამპის კომენტარების სამიზნე მეტწილად კანადა, ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო. შეერთებული შტატების სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ გასულ წელს ამერიკას კანადასთან 55 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ შაბათს განაცხადა, რომ შეიძლება მისმა ქვეყანამ სამშაბათს 106.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ზოგიერთ ამერიკულ პროდუქტზე 25 პროცენტიანი ბაჟი დააწესოს, რასაც სამი კვირის შემდეგ ღონისძიებების მეორე რაუნდი მოჰყვება.

სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2023 წელს მექსიკაში ექსპორტმა 322 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 475 მილიარდზე მეტი იყო. ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი კი 279 მილიარდი დოლარი იყო, რაც ყველა ამერიკის სავაჭრო პარტნიორებს შორის უდიდესი ციფრია.

XS
SM
MD
LG